თენგიზ ფხალაძე - ცეცხლთან თამაშია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათი უსუსურად წარმოჩენის მცდელობა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა-ს) ასოცირებულ პროფესორს, პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, „ღირსების მარშის“ ჩატარების გეგმებმა საზოგადოების ერთ ნაწილსა და გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ვაკის პარკში „ნადვილი კაცების შეკრებაზე“ განვითარებულ პროცესებს და ამ აქციის ორგანიზატორის ლევან ვასაძის განცხადებებს შსს-ს გამოეხმაურა. განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შსს-ს საქმეა და იგი უკანონო ქმედებებს წინ აღუდგება.

ფაქტია, რომ ვაკის პარკში განვითარებულ მოვლენებს მრავალი განზომილება აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე მათ მიერ დაწესებული წესების დეკლარირება უკვე მოახდინეს.

რადგან, მომხდარს უპირატესად პოლიტიკური განზომილება აქვს, ალბათ იგი სწორედ პოლიტიკურ ჭრილში უნდა იქნას განხილული. თქვენი შეფასებით, უპირველესად რისი შედეგი და რისი პოლიტიკური გამოხატულება იყოს ის, რაც 17 ივნისს ვაკის პარკში მოხდა?

- რა თქმა უნდა, საკითხი პოლიტიკურია და გათვლილია როგორც შიდა მომხმარებელზე, ასევე საგარეოზეც. შეხედეთ როგორ და როდის „იწევა“ თემა?

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვაწყდებით რადიკალიზაციას და დესტაბილიზაციის მცდელობებს. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანზე იწყება საუბარი, აუცილებლად ჩნდება ძალა, რომელიც ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ყურადღების გადატანას ცდილობს.

ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე შევხედოთ მოვლენებს დროში: პრემიერი ჩადის აშშ-ში, გვესმის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალზე, სახელმწიფო მდივანი უაღრესად საყურადღებო გზავნილებს ახმოვანებს ნატოზე, ანაკლიის პორტზე, რუსეთზე, არჩევნებზე...

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვაწყდებით რადიკალიზაციას და დესტაბილიზაციის მცდელობებს. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანზე იწყება საუბარი, აუცილებლად ჩნდება ძალა, რომელიც ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ყურადღების გადატანას ცდილობს

მალევე ამას ეხმიანება ბატონი კარასინი და ჩვეული მუქარანარევი დემაგოგიით ცდილობს ჩვენთვის ჭკუის დარიგებას. მანამდე გონება „უნათდება“ ბატონ დუგინს და გვამცნობს საკუთარ ხილვებს საქართველოს მომავლის შესახებ.

იმავდროულად „კეთილი ადამიანები“ ცდილობენ დავით-გარეჯის თემით მანიპულირებას და შუღლის ჩამოგდებას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენს ირგვლივ უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს უკრაინაში, მოლდოვაში, მეზობელ სომხეთში... მიდის მსჯელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, ახალ ენერგიას იძენს შავი ზღვის უსაფრთხოების თემა...

და სწორედ ამ დროს, საქართველოში მთავარ პოლიტიკურ თემად სექსუალური უმცირესობისა და მათზე კომბალაღმართულ რაინდთა ბრძოლა ცხადდება.

ცეცხლთან თამაშია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათი უსუსურად წარმოჩენის მცდელობა. ნანახი გვაქვს ასეთი „კინოები“ და ამ გზით დამყარებული „წესრიგიც. ასეთი რამ დაუშვებელია და აღარსადოდეს არ უნდა განმეორდეს!

ამას თან ერთვის ულტიმატუმი პოლიციისა და ზოგადად სახელმწიფოსადმი, რაღაც რაზმებისა „ლეგიონების“ შექმნა, მუქარა, აგრესია და ყოველივე ის, რაც დაპირისპირებას აღვივებს საზოგადოებაში. ცეცხლთან თამაშია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათი უსუსურად წარმოჩენის მცდელობა. ნანახი გვაქვს ასეთი „კინოები“ და ამ გზით დამყარებული „წესრიგიც. ასეთი რამ დაუშვებელია და აღარსადოდეს არ უნდა განმეორდეს!

- კონსტიტუციაზე მაღლა ვერაფერი იქნება, კონსტიტუციით დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება, მაგრამ წარმოუდგენელია, „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს არ ესმოდეთ, რომ მათი აქტიურობა საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ზრდის.

ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული ღირებულება კია, მაგრამ სულაც არ გამიკვირდება, რომ „ღირსების მარშის“ ფარულ დამფინანსებლებს შორის რუსეთი იყოს. რუსეთი ამ ტიპის არასამთავრობოებს კი არა, გერმანიის ყოფილ კანცლერ შრედერს დღემდე აფინანსებს...

თუ ისინი პროვოკატორები არიან, ეს ხელისუფლებამ უნდა დააგინოს, მაგრამ ფაქტია, რომ თითქოს მედასავლეთეებისა და აშკარად ანტიდასავლური ძალების ზეაქტიურობა საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. თქვენი დაკვირვებით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მიზეზებზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა დავამატებ, რომ „ღირსებაც“ და „უღირსობაც“ ის ცნებებია, რომელითაც მანიპულირებაც დღეს საკმაოდ მოდურია. რომ იკითხოთ, ყველა „ღირსებას“ იცავს, უმცირესობაც და უმრავლესობაც.

რეალურად კი ღირსება სწორედ ასეთი რადიკალიზაციის არ დაშვებაა, ერთმანეთის პატივისცემაა და იმის შეგნება, რომ ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება

„ღირსებისათვის“ გვინდა აქციის ჩატარებაც და, იმავდროულად, აქციის მონაწილეთა ჩაქოლვაც? „ღირსეულად“ ვაცხადებთ საკუთარ მოსაზრებას უცილობელ ჭეშმარიტებად და მზად ვართ „ღირსეულად“ შევმუსროთ ნებიმიერი, ვინც ამ ჭეშმარიტებას ეჭვით შეხედავს.

საბოლოოდ „ღირსეულად“ ვებრძვით და ვასუსტებთ ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში „ღირსებით“ ვუშვებთ ერთი და იმავე შეცდომას.

რეალურად კი ღირსება სწორედ ასეთი რადიკალიზაციის არ დაშვებაა, ერთმანეთის პატივისცემაა და იმის შეგნება, რომ ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება.

ამ სახელმწიფოს უხსოვარი დროიდან დღემდე ქმნიან, აშენებენ და იცავენ განსხვავებული ერის, რჯულის, კანის ფერის, სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანები.

ამ სახელმწიფოს უხსოვარი დროიდან დღემდე ქმნიან, აშენებენ და იცავენ განსხვავებული ერის, რჯულის, კანის ფერის, სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანები

და თუ დღემდე მოვაღწიეთ, არა იმიტომ რომ ერთმანეთს „ღირსებას“ ვუმტკიცებდით, არამედ იმიტომ, რომ ერთად და ღირსეულად ვემსახურებოდით მთავარს, ჩვენს სამშობლოს. დღესაც ამ მთავარს უნდა მოვუფრთხილდეთ, თორემ ღირსებაც და რაინდობაც მხოლოდ სიტყვად დაგვრჩება!

- სულ ცოტა ხნის წინ ფილოსოფოსმა დუგინმა თავის ვიდეობლოგში საქართველოს საზოგადოებრივ განწყობებში ტრადიციონალიზმისკენ, ქართული იდენტობის დაცვისკენ და მართლმადიდებლობისკენ შემობრუნება, ასევე ანტიდასავლური განწყობების დემონსტრირება დაანონსა.

იმის გათვალისწინებით, რომ დუგინთან თანამოაზრეობა და მეგობრობა ლევან ვასაძეს არასდროს დაუმალავს, ჩვენი კონსერვატიული საზოგადოებისთვის საკმაოდ მგრძნობიარე თემაზე ხმამაღალი რიტორიკით ლევან ვასაძეს ქართულ პოლიტიკურ მოედანზე სერიოზულად გამოჩენის საშუალება მიეცა.

თუ ასეა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი იყო ქართულ პოლიტიკურ ველზე ვასაძის „დიდი პრემიერა“ და სავარაუდოდ, როგორ აღიქვა იგი საზოგადოებამ?

- არ მგონია, რომ პიროვნულად ვინმე უნდა შევაფასო, მით უფრო, როდესაც არ ვიცნობ. ვფიქრობ, ბევრ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები განსხვავდება, მაგრამ, ვიმეორებ - ყველას აქვს განსხვავებული აზრის უფლება. ყველას გააჩნია საკუთარ ღირებულებათა სისტემა და ყველა საკუთარ ბედნიერებას ეძებს.

პრობლემა მაშინ იქმნება, თუკი კერძო პირი ან პირთა ჯგუფი ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციის შეთავსებას და საკუთარი შეხედულებისამებრ ე.წ. წესრიგის დამყარებას

პრობლემა მაშინ იქმნება, თუკი კერძო პირი ან პირთა ჯგუფი ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციის შეთავსებას და საკუთარი შეხედულებისამებრ ე.წ. წესრიგის დამყარებას.

დუგინს კი რაც შეეხება, იგი ცნობილია საქართველოსადმი სიძულვილით. ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელსაც საქართველო მხოლოდ დასასვენებლად და დროის სატარებლად სჭირდება.

დუგინის საუბარი ტრადიციების, ქართველობის, ქრისტიანობისა თუ ღირებულებების დაცვაზე იგივეა, გებელსს რომ კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი და ებრაელთა სიყვარული ექადაგა

გვახსოვს მისი აქტივობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორ წამლავდა და დღემდე წამლავს ჩვენივე თანამემამულეებს, როგორ აქეზებს ახალგაზრდებს სხვა ერების წინააღმდეგ, როგორ თესავს მათში სისასტიკესა და სიძულვილს. სწორედ დუგინის საგანმანათლებლო ბანაკებში აღზრდილები გამოირჩევიან განსაკუთრებული შოვინიზმით და აგრესიულობით.

დუგინის საუბარი ტრადიციების, ქართველობის, ქრისტიანობისა თუ ღირებულებების დაცვაზე იგივეა, გებელსს რომ კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი და ებრაელთა სიყვარული ექადაგა.

- ზოგის ვარაუდით, ვასაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 12-15%-ზე მეტი არ იქნება. მაგრამ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ვასაძის ხმაურიანი გამოჩენა გახარებოდა „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“.

მათ კარგა ხანია პრორუსულობა ბრალდება, მაგრამ მათი მტკიცებით, ისინი პრორუსული კი არა „პროქართული ძალები“ არიან. არადა, საქართველოში ამ ტიპის „პროქართული ძალების“ გაძლიერებაზე ამყარებს იმედს თავის ვიდეობლოგში დუგინი.

რადგან სოციოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ქართულ პოლიტიკურ ველზე ე.წ. მესამე ძალის გამოჩენის მოლოდინი აქვს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ე.წ. მესამე ძალად სწორედ ვასაძე, „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ მოგვევლინოს?

- გაუხარდათ თუ არა, ამის თაობაზე სჯობს თავად პარტიების წარმომადგენლებს ვკითხოთ. რაც შეეხება „პროქართულობას“, ეს კი მართლაც საყურადღებო თემაა.

წარმოგიდგენიათ რომელიმე ქვეყანაში პოლიტკოსს რომ ვკითხოთ პრო-თავისსახელმწიფოებრივია თუ არა? ასეთ კითხვაზე არა თუ გვიპასუხებენ, კითხვის არსსაც ვერ გაიგებენ, რადგან პოლიტიკოსი აპრიორი თავის სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს.

სხვა საკითხია რას იგულისხმება „პროქართულობაში“ და რატომ ცდილობენ ამ ტერმინს დასავლურობასთან დაპირისპირებას? ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ შეიძლება უნგრელად, ესტონელად, ფინელად ან რომელიმე სხვა ერად გარდავიქმნათ? ან ვინმეს მიაჩნია, რომ ამ ერებმა ევროპულ ოჯახში საკუთარი მეობა დაკარგეს? იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპულობა ქართველისაგან განსხვავებული იდენტობაა?

ტერმინი „პროქართულობა“, ჩვენთან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ადვილად აიტაცა. სამწუხაროა, რომ ასეთ მარტივ სატყუარებზე ვეგებით. სწორედ ასეთივე შემოგდებული თემებია ნეიტრალიტეტი და უბლოკო სტატუსიც

მაშინ მას არც საქართველო სცოდნია, არც მისი ისტორია და შესაბამისად ვერც ქართულ პოლიტიკას შექმნის. საქართველო დასავლეთისაკენ იმიტომ ისწრაფვის, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი და ვართ ევროპა. იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ვქმნიდით ევროპულ ცივილიზაციას, კულტურას, ისტორიას, ვიყავით სამხედრო და პოლიტიკურ ალიანსებში სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, მაგრამ შემდეგ, ბედის უკუღმართობით მოვწყდით ამ ისტორიული ოჯახს.

დღეს სწორედ ამ კუთვნილ ადგილს ვიბრუნებთ, არა სხვაგან, არამედ ჩვენს ისტორიულ ოჯახში. ვფიქრობ, ეს რუსებს ჩვენზე კარგად ესმით და იციან, რომ „პროდასავლურისა“ და „პრორუსულის“ ჭიდილში საქართველოში აუცილებლად დამარცხდბიან.

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“- ზურაბ ჟვანიას ნათქვამი მიუღებელია კრემლის იდეოლოგებისათვის და ამიტომაც ახალი ანტიდასავლური ტერმინი მოიფიქრეს, „პროქართულობა“, რაც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჩვენთან ადვილად აიტაცა. სამწუხაროა, რომ ასეთ მარტივ სატყუარებზე ვეგებით. სწორედ ასეთივე შემოგდებული თემებია ნეიტრალიტეტი და უბლოკო სტატუსიც.

- მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებებზე ჩვენთან საკმაოდ ადეკვატური შეფასებები გაკეთდა, მაინც არ ცხრება მსჯელობა იმაზე, რომ კონსორციუმს პრობლემები მაინც შეექმნება.

ამ თემაზე თქვენმა კოლეგამ ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ვაშინგტონი გვთავაზობს ანაკლიის პროექტს გეოსტრატეგიულად შევხედოთ და წერტილი დაესვას კინკლაობას მთავრობასა და კონსორციუმის მფლობელებს შორის“.

თქვენი დაკვირვებით, ჩვენი მთავრობა გაითვალისწინებს პომპეოს რჩევებს და სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ანაკლიის ღმაწყლიანი პორტის ირგვლივ?

- ვფიქრობ, სათქმელი გასაგებად ითქვა - ანაკლია არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, მას ძალზედ სერიოზული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. მან არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ზოგადად საქართველო უნდა გააძლიეროს და უფრო აქტიურად წარმოაჩინოს საერთაშორისო არენაზე.

ანაკლია სახელმწიფოს სჭირდება და ეს პროექტი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა უნდა იდგეს. იმედია ამის განხორციელებას დროულად და გარედან მითითებების გარეშე მოვახერხებთ

ამიტომაც სჯობს მეტი ყურადღება მივაქციოთ საქმის კეთებას, შედეგს და არა რიტორიკაში შეჯიბრს.

ანაკლია სახელმწიფოს სჭირდება და ეს პროექტი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა უნდა იდგეს. იმედია ამის განხორციელებას დროულად და გარედან მითითებების გარეშე მოვახერხებთ.

- პომპეოს განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ანაკლიის პორტის საკითხზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. არადა, ანაკლია პეკინისათვის თავისი ტვირთების ალტერნატიული გზებით ტრანსპორტირების საშუალება უნდა ყოფილიყო.

ვხედვათ, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ღრმავდება. მართალია, ამ ურთიერთობებში წამყვანი როლი ჩინეთს ეკუთვნის, მაგრამ შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო ამას წინათ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ჩინეთის ლიდერი პეტერბურგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად რომ აირჩიეს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, კიდევ არის დარჩენილი შანსი რომ ანაკლიის საკითხზე პეკინმა თავის პოზიციაში კორექტივები შეიტანოს?

- თავისთავად ანაკლია საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაა და იქ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინური ტვირთიც იმოძრავებს. პომპეოს განცხადება არა ტვირთების წარმოშობას ეხებოდა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ანაკლია სტრატეგიული ობიექტია და მის მიმართ არაერთი ქვეყანა თუ კომპანია იჩენს ინტერესს.

თავისთავად ანაკლია საერთაშორისო გადაზიდვებისთვისაა და იქ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინური ტვირთიც იმოძრავებს

ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია რომ პროექტში მონაწილეობა და მისი შემდგომი მმართველობა ისეთი პრინციპებს დაეფუძნოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის გააძლიერებას და უზრუნველყოფს პორტის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად ფუნქციონირებას.

- ვხედავთ, რომ საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება პროცესები. ვგულისხმობ ახალი პოლიტიკური ჯგუფების გაჩენას, რომელთა მტიცებით, სწორედ ისინი არიან ის ძალა, რომელსაც შეუძლია „ოცნების“ არჩევნებში დამარცხება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვევა ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ არა ერთ ძალას უნდა. მაგრამ, თუ მათი გააქტიურების ტემპებს და რიტორიკას დავაკვირდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ყველაზე აქტუალური 2020 წლამდე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება.

გაქვთ იმის იმედი, რომ 2020 წლამდე ხელისუფლება შეძლებს ქუჩაში შეინარჩუნოს სიმშვიდე და კომბლებიან ხალხს ავტომატიანები არ შეცვლიან?

- 2020 მნიშვნელოვანი ნიშნულია, მით უფრო საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. ვფიქრობ საქართველოს, როგორც ქვეყანას გაცილებით დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება და დაპირისპირების არდაშვებაა.

სჯობს პოლიტიკოსებმა იმაზე იფიქრონ, თავად როგორ გახდნენ უკეთესნი და რა პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებას შეძლებენ ამომრჩევლისათვის

ევროპულობა და დასავლურობა პირველ რიგში სწორედ ევროპულ პოლიტიკურ პროცესს გულისხმობს, მათ შორის განსხვავებულთა ცივილურ ოპონირებას. არჩევნებმა ქართული დემოკრატია და შესაბამისად ქართული სახელმწიფო უნდა გააძლიეროს.

შედეგებს რაც შეეხება, დღეს ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ფაქტია, რომ ყველა პარტიის რეიტინგს ყველა პარტიით უკმაყოფილოთა რაოდენობა აღემატება.

ვფიქრობ ეს გარემოება დასაფიქრებელი უნდა იყოს პოლიტიკოსებისათვის. სხვისი ცუდის ძიებას, სჯობს იმაზე იფიქრონ თავად როგორ გახდნენ უკეთესნი და იფიქრონ იმ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომლის შეთავაზებასაც შეძლებენ ამომრჩევლისათვის.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”