ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2019

ევროპა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე “ზოგიერთ ქვეყანასთან” უკვე ოფიციალურად ალაპარაკდა

დიდი სტაგნაცია უძრავი ქონების ბაზარზე

***

ევროპა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე “ზოგიერთ ქვეყანასთან” უკვე ოფიციალურად ალაპარაკდა

"საფრანგეთში 200%-ით, ასევე, 50%-ზე მეტადაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი” „საფრანგეთში 200%-ითაა გაზრდილი, ასევე 50%-ზე ბევრად მეტითაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი. თუმცა, თუ კიდევ უფრო დრამატული არ გახდა სიტუაცია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ ველოდები. "თვითონ ევროკავშირის ინტერესებში არ არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ, ეს იქნება ძალიან დიდი კრახი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის და ამას ძალიან ცუდი პოლიტიკური რეზონანსი ექნება," - აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ევროპა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე “ზოგიერთ ქვეყანასთან” უკვე ოფიციალურად ალაპარაკდა

"უკვე თვეებია ევროკავშირში უფრო და უფრო მოხშირდა საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს და მიზეზი შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რიცხვია. „იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაგრძელდება, ევროკავშირმა შესაძლოა, ცალკეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს" - ამჯერად განცხადება ევროკავშირის შს და მიგრაციის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გააკეთა. ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ პრივილეგიის დაცვა მათი პასუხისმგებლობაა. ავრამოპოლუსმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უკიდურესი ზომებისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მართალია, ევროკომისარმა პრობლემურად დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები დაასახელა და თქვა, რომ შესაძლოა მათთვის შეჩერდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, თუმცა, რიგ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი ძალიან გაზრდილია და გარკვეული პრობლემების წინაშე საქართველოც დგას. გაზაფხულზე საგარეო საქმეთა მინისტრმაც და იუსტიციის მინისტრმაც გააკეთეს განცხადებები, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა და თბილისი ყველაფერს აკეთებს, რათა „თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გართულება, მათ შორის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება". საგულისხმოა ისიც, რომ საქართველომ „შეჩერების მექანიზმის" შესაძლო ამოქმედებაზე პირველი გაფრთხილება ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე. გასულ წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდაზე პრეტენზია პირველად გერმანიიდან გაისმა. შემდეგ მას მოჰყვა საფრანგეთიც და საფრანგეთში ეს პრობლემა 2019 წელსაც მწვავედ დგას”, - განაგრძობს გამოცემა.

"აპრილში საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 50-მა ოჯახმა ქალაქის ცენტრში კარვებიც კი გაშალეს, სადაც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ და საფრანგეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვდნენ. ასევე იყო პრობლემები ბარსელონაშიც, სადაც მიტოვებული ბაღის შენობაში ცხოვრობენ თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეები. ამ ეტაპზე „შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების რეალური საფრთხის წინაშე დგას ალბანეთი, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია 2009 წლიდან აქვს მიღებული და 10 წლის თავზე ჰოლანდიამ დააყენა ევროკომისიაზე საკითხი, რომ ალბანეთს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ, ევროკავშირის ახალი რეგულაცია „სწრაფი შეჩერების მექანიზმის" შესახებ განსაზღვრავს ზუსტად იმ სიტუაციებს, როცა შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან. თუმცა, თვლის, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ ემუქრება პოლიტიკური მნიშვნელობის გამო. „ჰოლანდიის მიერ ალბანეთთან დაყენებულ საკითხს რაც შეეხება, ალბანელები წარმოადგენენ ყველაზე დიდ ჯგუფს არალეგალურ მიგრანტებში, ასევე ყველაზე დიდი ჯგუფს კრიმინალურ დაჯგუფებებში და მოუხედავად იმისა, რომ მიგრანტების რაოდენობა ამ ქვეყნიდან მცირდება, პრობლემა მაინც დიდია და ამიტომაც აიმაღლა ხმა ჰოლანდიამ”, - დასძენს გამოცემა.

"საქართველოსთან მიმართებაში პრობლემაა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ტენდენცია უახლოეს მომავალში არ გაიზრდება, მაშინ ჩვენ საკითხს არცერთი ქვეყანა არ დააყენებს", - ამბობს გოგოლაშვილი და მიზეზებსაც განმარტავს. „ნუ დაგვავიწყდება ის, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის. იქ, სადაც ყველანაირი პრობლემებია, იგივე პოლიტიკური არასტაბილურობა მოლდოვაში, უკრაინაში კორუფციის საკითხები და ჯერ არავინ იცის ახალი ხელისუფლება როგორ გამოასწორებს სიტუაციას, სომხეთსა და აზერბაიჯანზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, ბელარუსზე, მითუმეტეს. ეს ის ქვეყნებია, რომელთანაც ურთიერთობების გაუმჯობესება და გავლენების ქონა ევროკავშირის ინტერესებში შედის. "ამ ქვეყნებში ასევე ერთვება რუსული ფაქტორიც, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თავისი გავლენა განახორციელოს. აი, ამ რეგიონში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს თავად ევროკავშირის პოლიტიკისთვის. "ამიტომაც, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ეს შესაძლებლობა არ დახურონ და საქართველოს მთავრობასთან დიალოგით, მუშაობით შეეცდებიან შეზღუდონ მიგრაცია და არ მიმართონ უკიდურეს ზომას, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება”, - წერს გამოცემა.

"მე მგონია, აქ პოლიტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ წმინდა ტექნიკურ მონაცემებზე ვილაპარაკოთ, მაშინ ევროკავშირის საკმაოდ ბევრ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. იმიტომ რომ, საუბარია, რომ თუ წელიწადში 50%-ით გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არსებობს და ბევრ ქვეყანაში 50%-ზე მეტადაა გაზრდილი ნაკადი. "მაგალითად, საფრანგეთში 200%-ითაა გაზრდილი, ასევე 50%-ზე ბევრად მეტითაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც, თუმცა, პოლიტიკურად ეს კატასტროფული იქნება თავად ევროკავშირისთვის. მეორეც, საქართველო პატარა ქვეყანაა და რესურსი ამოწურვადია. "2 წელი შეიძლება იყოს გარკვეული ადამიანების მოზღვავება, მაგრამ ეს ნაკადი შემდეგ კლებას დაიწყებს, ასე მოხდა ბალკანეთის რიგი ქვეყნების შემთხვევაშიც. ასე, რომ თუ ევროკავშირის სახელმწიფოებს რაღაც კატასტროფულ პრობლემებს არ შევუქმნით, მაშინ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ. თუმცა, გაფრთხილება და დიალოგი ხელისუფლებასთან ამ თემაზე ყოველთვის იქნება, რომ კონტროლიდან არ გავიდეს ეს პროცესი", - ამბობს გოგოლაშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

დიდი სტაგნაცია უძრავი ქონების ბაზარზე

“მიმდინარე წლის პირველი ნახევარი უძრავი ქონების ბაზრისთვის წარუმატებლად მთავრდება. მშენებელთა ინფორმაციით, ბინების რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია, რაზეც ძირითადად სამშენებლო სფეროს რეგულაციებმა იმოქმედეს. დეველოპერების თქმით, გაყიდვა განახევრდა, ახალი პროექტები აღარ არის და ვერც ძველი სრულდება, ბაზარზე უკვე კრიზისია. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტემპი დაეცა, კომპანიები დასრულებული ბინების გაყიდვასაც ვეღარ ახერხებენ. შეიძლება ითქვას, ბაზარზე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ რეგულაციები ბინების გაძვირებას გამოიწვევდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და სიტუაცია საპირისპიროდ შებრუნდა. უძრავი ქონება ცოტათი გაიაფდა კიდეც, მაგრამ მფლობელებს მისი გაყიდვა ამ პირობებშიც კი უჭირთ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი სტაგნაცია უძრავი ქონების ბაზარზე / ახალი პროექტები აღარ არის და ვერც ძველი სრულდება, მშენებლობის ტემპი დაეცა და დასრულებული ბინების გაყიდვაც ვერ ხერხდება

"კომპანია "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ სამშენებლო ნორმების გამკაცრებასთან ერთად ბაზარი საბანკო რეგულაციების, კერძოდ, დაკრედიტების კუთხით მიმდინარე ცვლილებების გამოც დაზარალდა. "მიმდინარე წლის პირველი კვარტალი კვლევის დონეზე შესწავლილი არ გვაქვს, მაგრამ სტატისტიკის გარეშეც შემიძლია განვაცხადო, რომ რეალობა არის მძიმე, ბაზარზე ჩავარდნაა, კრიზისია, რასაც სეზონური ფაქტორიც დაემთხვა და ამან სიტუაცია კიდევ დაამძიმა. ცალკე პრობლემაა ლარის კურსი, რის გამოც მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდა და ყველაფერმა ამან ვითარება გააუარესა. არ ვამბობ, რომ არასწორი ნაბიჯები იყო, მაგრამ არაეფექტურად დაინერგა. ასეთ მძიმე რეგულაციებზე ბაზარი ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რომ დაგეგმილი პროექტები, რისკი და მოლოდინი მკვეთრად არ შეიცვალოს. არაეფექტურად დაგეგმილმა რეგულაციებმა კი არა მხოლოდ უძრავი ქონების ბაზარს, არამედ მთლიანად ეკონომიკას დაარტყა. პარალელურად ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, ინვესტორთა ნაკადი შემცირდა და ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, რომ რეალიზაცია შემცირდა", - აღნიშნა შოთა გუჯაბიძემ და დასძინა, რომ საფასო ტენდენციაც შეიცვალა და ზრდისკენ აღებული მიმართულება მოულოდნელად კლებისკენ წავიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბინების ფასი შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია თითქოს მზარდი იყო. მოკლევადიან პერსპექტივაში სიტუაცია საპირისპიროდ შემობრუნდა და ფასმა კლება დაიწყო. საერთოდ, 10, 20 და 30-წლიანი პერიოდები რომ ავიღოთ, ფასები მუდმივად მატულობს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში, ვთქვათ, 2-3-წლიან მონაკვეთში ფასი შემცირებულია. ეს გამოწვეულია შოკით, ყველა კრიზისული სიტუაციით სხვადასხვა სფეროში, რაც ბოლო წლებში ხდება. ამ ეტაპზე ფასი დავარდნილია, მენაშენეებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაგეგმილი ღირებულებით გაყიდონ უძრავი ქონება. სულ სხვა მოლოდინი იყო შემოსავლებისა და რისკებთან დაკავშირებით და სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. ბანკების მხრიდანაც იპოთეკური დაკრედიტება შემცირდა, რის პარალელურადაც ბინების რეალიზაციამაც იკლო და დეველოპერები იძულებული ხდებიან, რომ ფასი შეამცირონ და ხშირ შემთხვევაში, ვალდებულებებსაც ვეღარ ისტუმრებენ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" შოთა გუჯაბიძემ. დეველოპერების ერთი ნაწილი ამბობს, რომ კომპანიების ნაწილს რეალიზაცია გაუნახევრდა, ნაწილს კი კრიზისის გამო გაყიდვა თითქმის შეუჩერდა. კომპანია "ზენიტის" დამფუძნებელი კიაზო აბესაძე ადასტურებს, რომ ბინებთან ერთად, მიწის რეალიზაციაც ჭირს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ბაზარი დღეს დიდი გამოწვევების წინაშეა. იმის მაგივრად, რომ სამშენებლო სექტორი კიდევ უფრო განვითარებულიყო, რეგულაციების გამო, ფაქტობრივად, ჩიხში მოექცა. რეალიზაცია საგრძნობლად არის შემცირებული. თუკი ვიღაცას 50%-იანი კლება აქვს, არის შემთხვევები, როცა თითქმის ვერაფერს ყიდიან. ჩვენს საქმიანობას რაც შეეხება, პროცენტზე ლაპარაკიც აღარ არის. კარგა ხანია, გავჩერდით, ბანკებიც კრედიტებს არ გასცემენ. მიწებს, შენობებს, რაც გაგვაჩნია, თითქმის ვერაფერს ვყიდით", - აღნიშნა კიაზო აბესაძემ. უძრავი ქონების ბაზრის პრობლემაზე საუბრობენ იურისტებიც. სამშენებლო სამართლის ლექტორის, უჩა ზაქაშვილის თქმით, სამშენებლო სფეროს რეგულაციები ბაზარზე არსებულ რეალობას არ ესადაგება. "მოქალაქეები ბინებს იპოთეკური სესხებით ყიდულობდნენ, მაგრამ ამ ტიპის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეიზღუდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რამაც ბინებზე მოთხოვნა შეამცირა. ასევე შემაფერხებელი მიზეზი გახდა სამშენებლო რეგულაციები. ჩემთვის გაუგებარია, სად იწყება შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და სად მთავრდება, სად გადის ზღვარი ამ უწყებისა და მერიის უფლებამოსილებებს შორის, სრული ქაოსია”, - დასძენს გამოცემა.

"იმის ნაცვლად, რომ რეგულაციებს ბაზარი მოეწესრიგებინა, მეტი პრობლემა შექმნა. შრომის უსაფრთხოების რეფორმის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა და გადაუჭარბებლად შემიძლია განვაცხადო, რომ ცუდი რეფორმა განახორციელეს. იგივე ითქმის ხარისხის კონტროლის მხრივაც. მშენებლები დიდ ინვესტიციას ვერ დებენ, რადგან არ იციან, ვინ რას მოსთხოვთ, რა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამ ყველაფერს სამშენებლო კოდექსიც დაემატა, რომელიც ზოგ ქალაქში მოქმედებს, ზოგში - აღარ, სრული ქაოსია. ჯერ ვიღებთ კანონს და მერე ვთხოვთ კომპანიებს, რომ მოერგონ, ქაოსურად ხდება, რეფორმას არ აქვს მიზანი. ცდილობენ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პირობები აღასრულონ და შეცდომებს უშვებენ, ჰარმონიზებული და ადაპტირებული რეგულაციების ნაცვლად პრობლემას ვაწყდებით. ბევრი წინააღმდეგობაა, რაც აფერხებს დარგის განვითარებას და ინვესტორებსაც კაპიტალის დაბანდების საფრთხეს უქმნის. არ იციან, რა ნორმებით იხელმძღვანელონ, რეგულაცია ტენდენციის თვალსაზრისით კარგია, მაგრამ უკან მოდევნებული ლამპარივითაა - არასრულყოფილია და ვერ ასახავს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ზაქაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს