ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრი - დაკავებულების გარდა, ჩემს ცემაში სხვებიც მონაწილეობდნენ და მათ უახლოეს მომავალში დავასახელებ

ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრი - დაკავებულების გარდა, ჩემს ცემაში სხვებიც მონაწილეობდნენ და მათ უახლოეს მომავალში დავასახელებ

ჩემს ცემაში, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებული არიან, სხვებიც მონაწილეობდნენ. მათ უახლოეს მომავალში დავასახელებ და გამოძიებას ჩვენებას მივცემ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრმა, გიორგი აბულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აგრესია მწვრთნელების მხრიდან მოდიოდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„იმ ადამიანების გარდა, რომლებიც მე დავასახელე, ჩხუბში დაახლოებით 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მცემდნენ, თუმცა იმ მომენტში გამახსენდა ის ადამიანები, რომლებიც ამ წუთას დაკავებულები არიან. აუცილებლად მივცემ ჩვენებას გამოძიებას ახლო მომავალში. ყველა იმ პირს, ვინც ჩემს ცემაში მიიღო მონაწილეობა, ვინც დარბაზიდან გარეთ გამიყვანა, ვინც შეურაცხყოფა მომაყენა ჩემი 11 წლის შვილის, მოსწავლეების და მათი მშობლების წინაშე, აუცილებლად დავასახელებ და უნდა აგონ პასუხი.

შეურაცხყოფა მე მათთვის არ მიმიყენებია, აგრესია მათი მხრიდან მოდიოდა. მივედი და ვუთხარი, ასე არ მოქცეულიყვნენ, ვთქვი, რომ პოლიციისთვის დაგვერეკა და გაერკვიათ ყველაფერი, თუმცა, დამიწყეს გინება, მემუქრებოდნენ ცემით და მხოლოდ ამის შემდეგ მივმართე მათ შეურცხმყოფელი სიტყვებით“, - აცხადებს აბულაძე.

16 ივნისს, ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი მოხდა. ტაეკვონდოს მწვრთნელები და ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.