ზუგდიდში, რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნა აქცია- მსვლელობით გააპროტესტეს

ზუგდიდში, რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნა აქცია- მსვლელობით გააპროტესტეს

ზუგდიდში, რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნა აქცია- მსვლელობით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია და გააპროტესტეს რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში, მათ შორის პარლამენტში, სადაც სხდომათა დარბაზში ასამბლეას სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. აქცია ერთ-ერთი ორგანიზატორის, ცაბუნია ვართაგავას თქმით, ისინი არ შეეგუებიან რუსულ ოკუპაციას.

"დღეს შევიკრიბეთ, რათა დავანახოთ ყველას, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ შევეგუებით რუსულ ოკუპაციას. სადაც საქართველოს, რუსეთს და მართლმადიდებლობას ახსენებენ ერთად, ყოველთვისაა რუსული პროპაგანდა. საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ასამბლეა საქართველოში და ის, რითიც დაგვირგვინდა, არის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ვართაგავამ.

აქციას მაისურებით „რუსეთი ოკუპანტია“, საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„დღეს გავრილოვი, რომელიც იზიარებს საოკუპაციო პოლიტიკას, იმყოფება საქართველოში რაღაც გაუგებარ ღონისძიებაზე. ყველაზე შემზარავი ფაქტი იყო ის, რომ იგი საქართველოს პარლამენტის შენობაში იყო და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან, სავარძლიდან გველაპარაკა დანარჩენ საქართველოს. სწორედ ეს ფაქტი არის მიუღებელი“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.

აქციაზე, რომელზეც 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სხვა ზუგდიდელებთან ერთად ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ.