ფოთში გამართულ აქციაზე, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს

ფოთში გამართულ აქციაზე, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს

„არა ოკუპაციას“, „ოკუპანტებო, ხელები შორს საქართველოსგან“, „არ დაგითმობთ საქართველოს“ - ამ შინაარსის ლოზუნგებით ფოთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ. მათი განცხადებით, დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.

„ხელისუფლებამ გადაკვეთა აბსოლუტურად ყველა წითელი ხაზი, მის აღვირახსნილობას უკვე საზღვარი არა აქვს, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა. დღეს გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და სპიკერის სკამის დაკავება კაპიტულაციის ტოლფასია. როდესაც ოკუპანტი, შენი დაუძინებელი მტერი, საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე მაღალი ტრიბუნის სავარძელს იკავებს, ეს ნიშნავს კაპიტულაციას, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას, არასდროს შეეგუება ოკუპანტის შემოსვლას საქართველოში. მიუხედავად პოლიტიკური ნიშნისა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ეს ხელისუფლება უნდა გაუშვათ მოუსავლეთში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.