ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომისა და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გრძელდება

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, ამჯერად მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
"აქციამ კამპანიის ხასიათი მიიღო. ყოველდღე ვიკრიბებით და ვდგავართ იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ვგმობთ, რუსულ ოკუპაციას. აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გამოუშვან დაკავებული ახალგაზრდები და დაინიშნოს პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნები", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, თუ მოთხოვნები უახლოეს მომავალში არ შესრულდება, ისინი თბილისში გადაინაცვლებენ და რუსთაველის გამზირზე შეუერთდებიან აქციას. დღესვე მესხიშვილის თეატრის შენობაზე ბანერი "მე საქართველოდან ვარ, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ" გამოფინეს.

























