ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2019

ნულოვანი “ხაფანგი”

“ჯერ ღვინოს აკრძალავენ, შემდეგ წიწმატს და ოხრახუშს” - მენაღარიშვილი

***

ნულოვანი “ხაფანგი”

“პროტესტის მე-5 დღეს „ქართულ ოცნებას" მოუწია კიდევ ერთ დათმობაზე წასულიყო - ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრ გიორგი გახარიას ვერ შეელია, თუმცა დათმო მაჟორიტარობის გაუქმება და გამოაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით. სწორედ ნულოვანი ბარიერის თემა გახდა პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებში ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებების საგანი. ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და „ოცნებას" მოუწია დათმობა დიდი პროტესტის გამო, ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ კი, ეს დათმობა დიდი პროტესტის შედეგია, მაგრამ ნულოვანი ბარიერი არის ხაფანგი სხვადასხვა ექსტრემისტული, პრორუსული და „ოცნების" სატელიტი ადამიანების პარლამენტში შესაყვანად და ამ ფორმულით მომავალი პარლამენტი ქაოტური იქნება. ამასთან, კეთდება განცხადებები, რომ ამ კიდევ ერთი დათმობის გამო პროტესტი არ შეწყდება, სანამ გიორგი გახარია მინისტრობიდან არ წავა, რომ 20 ივნისის აქციის დარბევისა და ადამიანების რეზინის ტყვიებით დასახიჩრების გამო პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა და ის უნდა წავიდეს. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული 305 მომიტინგეც და სანამ ეს მოთხოვნებიც არ შესრულდება, აქციები ისევ განახლდება ჩვეულ დროს - 19 საათზე და ჩვეულ ადგილზე - პარლამენტის შენობის წინ. ასევე აქციის მეხუთე დღეს მიტინგი გაიმართა შს სამინისტროსთანაც - "წავიდეს გახარია", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნულოვანი “ხაფანგი” / “ხელისუფლებას ექნება საშუალება რამდენიმე სატელიტური პარტია, "ფეიკ“ პარტია შექმნას და შეიყვანოს პარლამენტში”

"საგულისხმოა, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ დაწყებული მასშტაბური აქციის მეორე დღეს „ოცნება" იძულებული გახდა კობახიძე თანამდებობიდან გაეშვა, თუმცა, მაშინ პოლიტოლოგებისა და ოპოზიციის მხრიდან ეს შეფასდა, როგორც „ძალიან გვიან და ძალიან ცოტა". აქციის მე-5 დღეს „ოცნებამ" კიდევ ერთი საკითხი დათმო. „ოცნების" ოფისში დიდი მსჯელობის შემდეგ ბრიფინგზე გამოვიდა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას გადადგომის საკითხზეც ჰკითხეს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარემ საპრესკონფერენციო დარბაზი ისე დატოვა, ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. თუმცა ის, რომ „ოცნება" გახარიას გაშვებას არ განიხილავს, ამაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახარიაზე „საუბარი არ ყოფილა". პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი განაცხადა, რომ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ხედავენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გახარიას გადაყენება პროტესტის მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება. ამასთან, ნულოვანი ბარიერი მიუღებელია ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის და „ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი". სააკაშვილის პოზიციას იზიარებენ „ნაცმოძრაობაში". „ხალხმა ყვავს კაკალი დააგდებინა. პროპორციული სისტემა ივანიშვილმა დათმო. ეს გამარჯვებაა, მაგრამ გახარიას თავს სისხლი ღაღადებს. ის ვერ დარჩება თანამდებობაზე,"- წერს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ფეისბუქზე". „რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პროპორციული სისტემა სტრატეგიული ხასიათის მიღწევაა, მაგრამ ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები - „ივანიშვილს სურს, სატელიტი ჯგუფებით ფონს გავიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ მან ამას ვერ მიაღწიოს", - განაგრძობს გამოცემა.

"ნულოვანი ბარიერით, ჯერჯერობით, კმაყოფილია მხოლოდ „გირჩი". განსხვავებულია პოზიციები ანალიტიკოსებშიც. ანალიტიკოსები თანხმდებიან მხოლოდ იმაში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის კიდევ ერთი დათმობა, რაც გამოიწვია იმან, რომ ხალხის პროტესტი არ შეწყდა. ამასთან თვლიან, რომ „ეს არ არის საკმარისი", რადგან დარბეული აქციის გამო პასუხისმგებლობა უნდა იკისროს გიორგი გახარიამ, თუმცა არ ელიან, რომ ივანიშვილი გახარიას გაუშვებს. ნულოვანი ბარიერზე კი მათი აზრები იყოფა. რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი - პარტიამ 0,67% უნდა მიიღოს, რომ 150-კაციან პარლამენტში ერთი დეპუტატი შეიყვანოს. კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაიას თქმით, წინა არჩევნების ანალიზს თუ გავაკეთებთ, პარტიას, რომელიც 12 000-14 000 ხმას მიიღებს, შევა პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში. მისი თქმით, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ, არა მარტო მაგალითად, „რესპუბლიკელებს" და „თავისუფალ დემოკრატებს", რომლებმაც 2016 წელს ვერ გადალახეს ბარიერი, არამედ მარგინალიზებული, ჰომოფობიური და პირდაპირ რუსული დაფინანსების მქონე ჯგუფებიც შევლენ.

"პირიქით, მარგინალიზებულ ჯგუფს მიეცემათ საშუალება 14 000 ხმა მოაგროვონ. 14 000 ხმა არის თითო უბანზე 4-5 ბიულეტენი. იმხელა ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი, გაყალბების შესაძლებლობა ყოველთვის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა საქართველოში. ხელისუფლებას ექნება საშუალება რამდენიმე სატელიტური პარტია, „ფეიკ" პარტია შექმნას და შეიყვანოს პარლამენტში... ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ფრაგმენტაცია პოლიტიკური ძალების. როცა ბარიერი 3-4%-ია, პარლამენტში ხვდება ჯგუფი, რომელსაც 6-7 კაცი ჰყავს და 6-7 ადამიანთან მოლაპარაკება და გადაბირება მეტად რთულია, ვიდრე ფრაგმენტირებული თითო-თითო ადამიანის. "ვისაც მეტი ფული და რესურსი აქვს, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფ ძალას, „ოცნებას" გაუადვილდება ივაჭროს ასეთ ადამიანებთან და შეძლოს სხვადასხვა ფორმით უმრავლესობის მოპოვება. ფრაგმენტირებული და ჭრელი პარლამენტი ბევრად ადვილი ასარევია, ვიდრე ჩამოყალიბებული," - ამბობს ჩოკორაია. მისი თქმით, მივიღებთ 1992 წლის პარლამენტს, როცა ედუარდ შევარდნაძემ გამსახურდიას პარტიის გარდა პარლამენტში ყველა შეუშვა, დაახლოებით 26 პარტია იყო, რითაც თავის ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი, ხოლო იმ გადაწყვეტილებებს მაინც იღებდა, რაც თავად სურდა”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კარგია, რადგან მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და მივიღებთ კოალიციურ მთავრობას და ხალხის დიდი პროტესტის გამო „ოცნებას" მოუწია გადაედგა ეს ნაბიჯი. „ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემა მიუღებელია პირველ რიგში მსხვილი პარტიებისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოსთვის", რადგან ისინი კარგავენ მანდატებს. გარდა ამისა, კარგავენ შესაძლებლობას, გააკეთონ კოალიცია და როგორმე გაერთიანებული ოპოზიციით შეინიღბოს „ნაციონალური მოძრაობა", ან რაღაც ახალი კონფიგურაცია დაჯდეს. ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს კარგია. საუბარი იმაზე, რომ ასე მივიღებთ შევარდნაძის დროინდელ 1992 წლის პარლამენტს, როცა პარლამენტი იყო ჭრელი. მაგრამ ეს იყო პარლამენტი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა სამოქალაქო ომიდან, გაუფასურებული კუპონიდან და მიიღო კონსტიტუცია. "პარტია რომ პარლამეტში მოხვდეს, სჭირდება 0,7%, ეს არც თუ ისე ცოტაა, 13 000 ხმა სჭირდება და თუ 2016 წლის არჩევნების შედეგს ნახავთ, არც ისე ბევრი პარტია შევა პარლამენტში. მეორეც, თუ მოვთვლით მსხვილი პარტიების წილს, თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, 38% მიიღო „ოცნებამ", 37% - „ნაცმოძრაობამ", 10% - „ევროპულმა საქართველომ", სად რჩება იქ კიდევ ადგილი, რომ პრორუსები შეყარონ პარლამენტში ან იყიდონ წვრილი პარტიები, არ მესმის. "თუ „ოცნებამ" ხმები უნდა იყიდოს, რატომ იყიდის სხვა პარტიისთვის, თავისთვის იყიდის. ამ პრორუსულმა პარტიებმა ხმები უნდა მიიღონ და ეს თემა ასე მარტივი არ იქნება. "ხაფანგი არის სხვა მხრივ. „ოცნებას" ეს აწყობს. არა იმიტომ, რომ ხმებს უყიდის სხვა პარტიებს, არამედ „ოცნება" მიიღებს ყველაზე მეტ პროცენტს და მას ექნება უფლება დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა. „ოცნებას" არჩევანი უჩნდება წვრილი პარტიებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად იყრიან კენჭს და სულ არ უნდათ "ნაცმოძრობასთან" ერთად ყოფნა,"- აცხადებს ძაბირაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჯერ ღვინოს აკრძალავენ, შემდეგ წიწმატს და ოხრახუშს” - მენაღარიშვილი

"რუსეთში პროპაგანდისტული წიოკია ატეხილი იმის გამო, რომ საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია აღარ არის დიპლომატიური უწყება, ის კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო გახლავთ,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი და ამით ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლელი კურატორები მზად არიან თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების მოქმედებებზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი გაწყვიტონ ქართველი ხალხის კავშირი რუსეთთან. ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა და ტურისტებისთვის საქართველოში არ წასვლის მოწოდებას მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 2006 წლის ემბარგოს დროს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ჯერ ღვინოს აკრძალავენ, შემდეგ წიწმატს და ოხრახუშს” - მენაღარიშვილი

"გაიხსენეთ 2005-2007 წლების მოვლენების განვითარება და დაახლოებით იმის ანალოგს შეეცდებიან ახლაც. ჯერ ღვინოს აკრძალავენ, შემდეგ წიწმატს და ოხრახუშს და შესაძლოა ბოლოს ყველაფერი ქართული ექსპორტის სრულ შეზღუდვამდე მივიდეს. დაახლოებით ამ გზაზე ვდგავართ. როდის შეწყდება ეს უაზრობის ვაქხანალია, არ ვიცი, მაგრამ რუსული სახელმწიფო მანქანა ამ გზაზე დგას. ეკონომიკური ომი გამოცხადებულია,"- აცხადებს მენაღარიშვილი. ცნობისათვის, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციების დაწყების შემდეგ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა, 8 ივლისიდან აკრძალა ფრენები საქართველოს მიმართულებით, როგორც სამგზავრო, ისე ტვირთების გადაზიდვისთვის. ასევე რუსი ტურისტები გააფრთხილა, რომ არ წავიდნენ საქართველოში. ორშაბათს კი ასევე აკრძალა 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა,„პროდუქციის ხარისხის გაუარესების" მიზეზით. ეკონომიკური ომის პარალელურად კი რუსი მაღალჩინოსნებიდან აღშფოთებული განცხადებები არ ცხრება. ამჯერად საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას დასავლეთის გეოპოლიტიკური ინჟინერიის მაგალითი უწოდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელმაც თქვა, რომ ჯერ დასავლეთიდან წამოსული რჩევების გამო უკრაინა დაუპირისპირდა რუსეთს, ახლა კი იგივე ხდება საქართველოშიც. „სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე უცხოეთიდან მომდინარე რჩევების და კარნახის ბრმად მიყოლამ, ნათლად მეტყველებს ჩვენი მეზობელი უკრაინის სამწუხარო გამოცდილება", - თქვა ლავროვმა და საქართველოსაც შეეხო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგების კიდევ ერთი მაგალითი, რითიც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებული - საქართველოა. იქ დასავლელი კურატორები მზად არიან თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების უკანონო მოქმედებებზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი გაწყვიტონ ქართველი ხალხის კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, ხელახლა დაწერონ ჩვენი საერთო ისტორია", - აღნიშნა ლავროვმა. რას ნიშნავს უკრაინაზე მინიშნება, ხომ არ უნდა ველოდოთ სამხედრო პროვოკაციებს რუსეთიდან? ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, რუსეთის მსგავსი მეზობლისაგან პროვოკაციების საშიშროება ყოველთვის არსებობს და ამჯერად რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. „ლავროვი, საქართველოსთან მიმართებაში უკვე დიდი ხანია თავის თავსაც იტყუებს და რუსულ საზოგადოებასაც ატყუებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ რომელიმე უცხოური ძალის და უცხოელ კონსულტანტთა როლი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არაფერ შუაშია. "მიუხედავად ამისა, ამ განცხადებით მხოლოდ საკუთარი საზოგადოების დეზინფორმაციას ახდენს... იმის მაგალითად მოჰყავს უკრაინა, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან „მეგობრული და ძმური ურთიერთობის" გზას დასავლეთის კონსულტაციებმა და რჩევებმა ააცდინა”, - დასძენს გამოცემა.

"ეს არის ის თეზისი, რომელსაც რუსული პროპაგანდა ინტენსიურად ნერგავს რუსი საზოგადოების მენტალობაში. ახლა იგივე პროპაგანდას ნერგავენ საქართველოსთან მიმართებაში და მეტი არაფერი. სამხედრო და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე, როდესაც ისეთ მეზობელთან გაქვს საქმე, როგორიც რუსეთია, არასდროსაა გამორიცხული, უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჩანს ეს მინიშნება. "ამ შემთხვევაში ლავროვი რუსულ საზოგადოებას ეუბნება, რასაც ჩვენ ვამბობდით უკრაინაზე, ეს ჭეშმარიტებაა და ახლა საქართველოშიც იგივე ხდება. ასეთი მარტივი პროპაგანდისტული წიოკია და სხვა არაფერი. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია აღარ არის დიპლომატიური უწყება. ის კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო გახლავთ,"- აღნიშნავს მენაღარიშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს