დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს, მაგისტრალური არხის გაწმენდას, კვეთის მონოლითური ბეტონით მოპირკეთებას, კოლექტორისა და სათავე ნაგებობასთან არსებული ნაპირის დამცავი კედლის მოწყობას. რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, მილხიდებს და გვირაბს.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის 820 ჰექტარ სამეუნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

დიმი–როკითის მაგისტრალური არხი სათავეს მდინარე ხანისწყალზე არსებული კაშხლიანი სათავე ნაგებობიდან იღებს. მაგისტრალური არხის სიგრძე 3,264 კილომეტრია.