ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2019

მელია დასაჭერად გაამზადეს - ოპოზიციის კიდევ რომელ ლიდერებს ემუქრებათ იგივე საფრთხე?

ანი მიროტაძე – “არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“

“გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” – აკაკი ბობოხიძის ამ განცხადებას აფხაზეთში ისტერიკა მოჰყვა

* * *

მელია დასაჭერად გაამზადეს - ოპოზიციის კიდევ რომელ ლიდერებს ემუქრებათ იგივე საფრთხე?

“91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი უყარეს. რომან კაკულია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია “ქართული ოცნების” ის დეპუტატები არიან, რომლებიც დღეს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრას ესწრებოდნენ, თუმცა იმუნიტეტის შეჩერებისთვის ხმა არ მიუციათ. დარბაზში კენჭისყრას ნიკა მელიაც ესწრებოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მან კომენტარი მხოლოდ ჟურნალისტებთან გააკეთა…”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მელია დასაჭერად გაამზადეს - ოპოზიციის კიდევ რომელ ლიდერებს ემუქრებათ იგივე საფრთხე?

“ეს ადამიანები თვალს ვერ მისწორებდნენ, ისინი უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან” - განაცხადა მელიამ. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიდან უმრავლესობას არ სურდა მის წინააღმდეგ ხმის მიცემა, მაგრამ ისინი ტყვეობაში იმყოფებიან. “არ ვაპირებდი სიტყვის წარმოთქმას, რომ არა აუცილებლობა. მგონი მოკლე სათქმელში ვთქვი, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ეს ხალხი, ვინც აქ იყო, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში, ვიგრძენი, რომ არ შეუძლიათ თვალი თვალში გაუსწორონ ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ყველას უბედურებაა. შველა გვჭირდება. სახელისუფლებო გუნდს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობისგან დავიხსნათ. მეუხერხულებოდა უკან გამოხედვა, ვცდილობდი დრო მომეკლა და ტელეფონში ჩავრგე თავის. მძიმე იყო და თვითონაც კარგად მიხვდნენ,” - განაცხადა მელიამ. მელიას ბედი, გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ცნობებით, შეიძლება გაიზიარონ გიგი უგულავამ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ. “ციხეში არ წასულა ნიკანორ მელია, არის სასამართლო. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილი შვიდი წლით გაუშვა ციხეში თქვენმა პარტიამ”, - ეს განცხადება გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ გააკეთა. კითხვაზე, ამაყობს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ "ამაში საამაყო არაფერია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში. “მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ ნიკა მელიას დაკავება და მისთვის მანდატის შეჩერება არანაირიად გამართლებული არ არის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ათასობით ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. ოპოზიციის ლიდერების და მელიას დაკავება იმ ფონს, რომელიც ახლა ქვეყანაშია, კიდევ უფრო დაძაბავს. ჯობდა ინდივიდუალურ პირებზე საქმის გამოძიება დასრულებულიყო და თუნდაც მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ნიკა მელიას და სხვა ლიდერების დაკავებაში ხელისუფლების სარგებელს ვერ ხედავს”, - დასძენს გამოცემა.

“მელიას აშკარა ძალადობისკენ მოწოდება არა აქვს. კადრებშიც ჩანდა, რომ ის შიგადაშიგ საზოგადოებას წესრიგისკენ და სიწყნარისკენ მოუწოდებდა. მელიას დაკავების ფაქტი პარლამენტისთვისაც საკმაოდ ცუდი პრეცედენტი იქნება. მელიას გმირად გამოცხადება არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად გამართლებული არ არის. თუ ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ოპოზიიცის ლიდერების დაკავებით მთავარი ყურადღების გადატანა მოხდეს და „ნაციონალებს“ დააბრალოს ის შეცდომები, რაც 20 ივნისს ჩაიდინეს, ნამდვილად არ გამოუვათ. საზოგადოება ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რასთან აქვს საქმე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება კვლავ ცდილობს, რომ თავისი ბრალეულობა ისევ ორ პარტიას შორის დავამდე დაიყვანოს, მაგრამ ეს აღარ გამოუვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“მელიას და სხვა ოპოზიციის ლიდერების დაკავება თუ მოხდება, ამას ხელისუფლების სასარგებლო სვლად არ მივიჩნევ. რაც შეეხება იმას, რეალურად არიან თუ არა მელია და სხვები დამნაშავეები, რაც მედიით საზოგადოებამ იხილა, ამის გარკვეული ნიშნები ნამდვილად იყო. სამართალდამცველებს და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ მელიას მოწოდების შემდეგ დაიწყო და ეს კადრებში კარგად ჩანს. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის გადაფარვას და “ნაციონალებისთვის” გადაბრალებას ცდილობს, გარკვეულ წილად ოპოზიციის ვერსია და ერთგვარი თავდაცვაა. ამ სიტუაციის პოლიტიკურ დავაში და დაპირისპირებაში გადაყვანა ვერაფერს უშველის. ჩვენ ვნახეთ და ვიცით პროტესტი რის გამოც დაიწყო. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი. თუმცა სიტუაცია პოლიტიკურად რაც უფრო გამწვავდება, ეს რუსეთს აწყობს და მისი მთავარი მიზანი ეს არის. ამიტომაც, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამაც გონივრულობას უნდა მოუხმოს და ცოტა პირადი ინტერესები გვერდით გადადოს. თუ ოპოზიციას ქვეყანაში სიმშვიდე უნდა, ხელისუფლების დათმობის შემდეგ საუბარი უკვე მაგიდასთან მოლაპარაკების რეჟიმში უნდა განაგრძოს. ხოლო თუ ხელისუფლებას ქვეყანაში სიმშვიდე სურს, მელიას და სხვა ოპოზიციური ლიდერების დაკავებას უნდა შეეშვას და დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო არ გაამწვავოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანი მიროტაძე – “არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“

“ძალიან ბევრი მოსაზრება გავიგე, რომ პრორუსული პროექტია გახარია და რუსები არ აძლევენ უფლებას ბიძინა ივანიშვილს, რომ ის გაუშვას. მე მგონია, რომ ეს ძალიან არასერიოზული მსჯელობაა, მე ცოტა სხვანაირად ვხედავ ამ პროცესებს, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს თვითონ აწყობს ასეთი არეულობა და ბევრი ასეთი მოზღვავებული პროტესტი, სწორედ ამიტომაც მან არ გადააყენა გახარია. მე ცოტა შორსაც წავალ და ვიტყვი, რომ შესაძლოა მას სჭირდებოდეს კიდეც პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რომ გადმოსწიოს არჩევნების ვადა და იფიქროს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არც პროპორციული არჩევნები აწყობს და არც 2020 წელში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში მას წამგებიანი პოზიცია აქვს," - აცხადებს ჟურნალისტი და ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილს თავად აწყობს არეულობა და პოლიტიკური კრიზისი, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“ – მიროტაძე.

“ამიტომ თუკი მას პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით რაიმეს დათვლა შეუძლია, ყველაზე დიდი შანსი, რომ ახალ პარლამენტში უფრო მეტი მანდატით იყოს წარმოდგენილი “ქართული ოცნება” აქვს ახლა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას არგაშვება მას სჭირდებოდეს პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად. ხაზგასმით და მკაფიოდ ვამბობ, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, ამაში არავინ არ იქნება დამნაშავე, ეს იქნება თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” მიერ ინსპირირებული, უბრალოდ იქნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას ხელს შეუწყობენ, პირველ რიგში ეს იქნება ალბათ “ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება პროპორციული არჩევნების საკითხს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს და “ქართულ ოცნებას” გაფიქრებაც კი არ უნდოდა ამის, გახსოვთ, რომ ყველაფერი გააკეთეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომ ოღონდ 2024 წლამდე გადაედოთ პროპორციული სისტემის არჩევნების ჩატარება, მათ ზუსტად იცოდნენ, რამდენად საფრთხის შემცველია მათთვის ეს. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, შემოაგდო თემა თუნდაც ამ ეტაპისთვის ოპოზიციის გასანეიტრალებლად და მათში ბზარის შეტანისთვის ცდილობს, რომ დრო მოიგოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანი მიროტაძე.

“ივანიშვილზე დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო, რომ 2020 წლიდან არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და როგორც ჩანს, ეს განცხადება დასავლეთისთვისაც პასუხის გაცემა იყო იმ დაჟნებულ მოთხოვნაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამის ნათელი მაგალითი მაიკ პომპეოს განცხადებაა, რომელმაც ძალიან მკაფიო მესიჯი გამოუგზავნა ჩვენს ხელისუფლებას. ვერ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე დათმო, ზუსტადაც არაფერი ჯერ არ დაუთმია და პირიქით ახლა ცდილობს, რომ ყველაფერი, ეს მუხტიც კი “თვალებდათხრილი სიტუაციაც”, ეს უბედურებაც, რომელიც მათ დაატრიალეს 20 ივნისის ღამეს, ისევ სათავისოდ გამოიყენოს და მისთვის სასარგებლო შედეგებში გამოისახოს. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ხელისუფლების ქმედებას, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შესაძლოა შეშინებულია, მაგრამ ზუსტად ვიცი რამდენ რამეზე შეიძლება წავიდეს შეშინებული ბიძინა ივანიშვილი და შეშინებული “ქართული ოცნება”, რადგან მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, ანუ წავლენ ყველაფერზე და შესაძლოა, მათ შექმნან ქვეყანაში კიდევ უფრო რთული ვითარება”, - განაგრძობს რესპონდენტ.

“მე დაველოდები რატომ მოითხოვა მაინცდამაინც 28 ივნისს შს მინისტრმა პარლამენტში მისვლა და რატომ გადადო კიდევ პროცესი, დაველოდები მის განცხადებას და კიდევ უფრო მკაფიო პოზიცია მექნება, რას აპირებს ხელისუფლება. რამდენიმე გზავნილით ნათელი გახდება, მიდის თუ არა ბიძინა ივანიშილი პოლიტიკურ კრიზისამდე, ან მიდის თუ არა იგი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც დიდი ალბათობით შემოდგომაზე დაინიშნება. წელს ბევრად უფრო მარტივია ივანიშვილის გამარჯვება, ვიდრე 2020 წელს და ბევრად უფრო მარტივია მათი გამარჯვება შერეული სისტემით, ვიდრე პროპორციული სისტემით, ეს ორი არგუმენტია ჩემთვის ძალიან მყარი. ახლა თუ ვინმეს ინტერესებში შედის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ერთადერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი და ერთადერთი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება”… როდესაც გახარია არ გადადგება, ხალხის პროტესტი გადავა უმართავ ფაზაში, ბიძინა ივანიშვილი მერე გამოვა და იტყვის, რომ ვითომ იძულებული გახდა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. აქვე მინდა შეგახსენოთ მნიშვნელობანი დეტალი, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილს ექვსთვიანი ვადა, როცა მას არ შეეძლო პარლამენტის დათხოვნა, ზუსტად 18 ივნისს გაუვიდა, ანუ ახლა ამ მოცემულობაში ზურაბიშვილსაც აქვს სრულფასოვანი უფლება პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში დაითხოვოს პარლამენტი”, - დასძენს ანი მიროტაძე.

“გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” – აკაკი ბობოხიძის ამ განცხადებას აფხაზეთში ისტერიკა მოჰყვა

“მორიგი ანტიქართული და ამავდროულად რუსეთის მხარდამჭერი ისტერიკაა ატეხილი ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ივნისის გავრილოვის სკანდალის შემდეგ და ამჯერად სეპარატისტული ხელისუფლების საგანგებო სამიზნე ქართველი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გახდა, რომლის მიმართაც სს საქმის აღძვრას აანონსებენ, ასევე მოსკოვს მიმართავენ, რომ ქართველ პარლამენტარზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადოს. “გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” – “ევროპული საქართველოს” წევრმა ამ სიტყვებით პარლამენტში რუს დელეგაციას 20 ივნისს მიმართა და სწორედ ამის გამოა დიდი აღშფოთებაა ატეხილი ოკუპირებულ სოხუმშიც და ამის გამო ბობოხიძის დასჯას ასევე ითხოვს თავად რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში მოწვევისა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო დაიწყო მთელი სკანდალიც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით “გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ” - ქართველი პოლიტიკოსის ამ განცხადებას აფხაზეთში ისტერიკა მოჰყვა.

აკაკი ბობოხიძემ ეს ფრაზა მეორე დღესვე განმარტა. თქვა, რომ ის 1992-93 წლებში აფხაზეთში ომობდა და მან აფხაზეთის ომში არა აფხაზების, არამედ რუსების მკვლელობა იგულისხმა. “რუსები თუ დაიღუპნენ, დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირი შემოყვეს იქ, სადაც არ ესაქმებოდათ. არანაირი წუხილი არ მაქვს და არც მომავალში მექნება, ჩემ მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა რუსი თუ არა. სწორედ ეს ვუთხარი რუსებს”, - განაცხადა ბობოხიძემ. მისი ამ განცხადების შემდეგაც არ შეწყვეტილა აფხაზეთში აღფშოთებული განცხადებები და ეს საკითხი დიდ განხილვის საგანი გახდა დე ფაქტო პარლამენტში. აფხაზმა ე.წ. დეპუტატმა დმიტრი დბარმა დააყენა საკითხი, რომ აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ ქართველი დეპუტატის წინააღმდეგ სს საქმე აღძრას. “გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ”, მან ეს თქვა მთელი მსოფლიოს გასაგონად. აფხაზეთის პრეზიდენტს, გენპროკურატურას მივმართავ, დაიწყოს სს საქმის აღძვრა ამ ადამიანზე. სთხოვეთ ჩვენს რუს კოლეგებს ის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ”, - განაცხადა დბარმა. მის ინიციატივას ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. აქვე, დმიტრი დბარმა თბილისში აქციების დასრულებამდე, “რუსეთის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების მიზნით”, - ენგურის გამშვები პუნქტის დახურვა მოითხოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დბარის თქმით, თუ “აფხაზეთი” რეაგირებას არ მოახდენს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებზე, მაშინ მომავალში ბევრად მეტის უფლებას მისცემენ თავს. განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ აკაკი ბობოხიძემ “შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი აღიარა”. დე ფაქტო უწყებაში აღნიშნვენ, რომ ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში სამართლიან შეშფოთებას იწვევს და “მსგავსი განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც ღიად საუბრობს თავის სამხედრო დანაშაულებებზე”. სოხუმი იმუქრება, რომ ამ განცხადებას ჟენევის ფორმატში დააყენებენ და რომ ქართველი დეპუტატის სს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პარალელურად, ბობოხიძე საგანგებო სამიზნეა მოსკოვისთვისაც. ბობოხიძის დასჯას ითხოვს რუსთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში მოწვევისა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო დაიწყო მთელი სკანდალიც”, - განაგრძობს გამოცემა.

“გავრილოვის მიერ სესიის წაყვანის გამო დაწყებულ პროტესტისას წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მისამართით თქვა, რომ “აფხაზეთში გხოცავდით და კიდევ დაგხოცავთ” და შეეცადა წყალი შეესხა გავრილოვისთვის. სწორედ მისი ამ განცხადების გამო მოსკოვში დაბრუნებულმა გავრილოვმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქართველი დეპუტატი მას მოკვლით ემუქრებოდა და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოსკოვში გაკეთდა განცხადებები, რომ რუსულმა მხარემ საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას, სადაც უნდა გამოვლინდეს, თუ ვინ უნდა დაისაჯოს რუსეთის დელეგაციის შეურაცხყოფისა და “მოკვლის მუქარის” გამო. “ექსპერტთა კლუბის” წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში არჩევნებია მოახლოებული და ახლა ყველა ცდილობს, წარმოაჩინოს ტავი აფხაზური ინტერესების მებრძოლად. ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბობოხიძეზე ხმაურის ატეხვა აფხაზებს მოსკოვიდანაც უკარნახეს, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მოსკოვის განსაკუთრებული სამიზნე გახდა”., დასძენს გამოცემა.

“აფხაზეთში ამ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გინდაც ბიბოხიძისთვის და გინდაც ქართული პოლიტუკისთვის. ახლა ამ თემას საარჩევნოდ დაიხვევს ხაჯიმბა, როგორც რაღაც პლუსს, იქ ანტიქართული რიტორიკა არჩევნებზე კარგად მუშაობს. რაც შეეხება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებას, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ რუსები დაამტკიცებენ რომ ბობოხიძე მართლა იბრძოდა და მისი მსხვერპლი გახდნენ რუსეთის მოქალაქეები იმიტომ, რომ ეს იქნება პირდაპირი ფაქტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და აგრესიის და ეს პირდაპირ ჰააგის ტრიბუნალისთვის იქნება ფაქტი, ამიტომ თუ ამას მოიძიებენ, ეს უკეთესი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის”, - დაასკვნის ირაკლი ცქიტიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო