ნიკა მელია - შიშმა აიყოლია ივანიშვილი

„შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი. ჩინჩალაძის ძმაკაცს, მოსამართლე თემურ გოგოხიას დაურეკეს, მელია არ უნდა დაიჭიროთო. არადა გუშინ დაჭერა კი არა დახვრეტაც კი უნდოდათ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოსამართლე გოგოხიას მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ ამ დროს. მე სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლეს ვუთხარი ის, რისიც მყარად მჯერა: „რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ თქვენ დღეს აქ, იქნება ეს პატიმრობა თუ სხვა რამ - ეს იქნება ორივე შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება“. თემურ გოგოხია არ არის უბრალო მოსამართლე, არამედ ის არის კოლეგიის თავმჯდომარე და ჩინჩალაძის უახლოესი მეგობარია. ჩინჩალაძე - მურუსიძე - გახარია - ივანიშვილის სასამართლო რა არის, კი ვიცით ყველამ და დღეს ახლა პოზიციას ვერ შევიცვლიდი.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ საქართველოს პარლამენტის 92 დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული წევრები „ქართული ოცნების“ რიგებიდან. როდესაც პროკურორი ანალოგიური სიტყვით მიმართავდა დეპუტატებს, „ქართული ოცნების“ ამ 92 დეპუტატმა ილაპარაკა, რომ საკმარისი მტკიცებულებებიაო, დამნაშავეა მელიაო, ამიტომ მწვანე ღილაკს უნდა მივაჭიროთ თითიო. რა შეიცვალა ამის შემდეგ? შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ ძალიან არასწორ პოზიციაზე იდგა. არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისათვის, რომ მე პატიმრობაზე წავსულიყავი. საზოგადოებამ, თქვენი დახმარებით, პირდაპირ ეთერში ეს დაინახა და თავისი პოზიცია სხვადასხვა ფორმატში დააფიქსირა. ეს არ დარჩა შეუმჩნეველი „ქართული ოცნებისთვის“. მჯერა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ასევე, სწორი პოზიცია დაიკავეს და ჩინჩალაძის ძმაკაცს, მოსამართლე თემურ გოგოხიას დაურეკეს, მელია არ უნდა დაიჭიროთო. არადა გუშინ დაჭერა კი არა დახვრეტაც კი უნდოდათ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.

იხილეთ ვიდეო