ქართული პრესის მიმოხილვა 28.06.2019

4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს

გახარია: “მე შემიძლია გადავდგე ხვალაც..."

***

4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს

“რა ელის "ქართული ოცნების" იმ 4 დეპუტატს, ვინც 91 თანაგუნდელის წინააღმდეგ წავიდა და ოთხშაბათს მხარი არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, მიიღებენ თუ არა ისინი მკაცრ გაფრთხილება-საყვედურს პარტიის ლიდერებისგან? პარტიის შეკრებაზე „ურჩ" დეპუტატებს რას ეტყვიან, ეს უცნობია, თუმცა, საჯაროდ რიგი თანაგუნდელებისგან საყვედურები უკვე მიიღეს. ითქვა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნისას "ქართულ ოცნებას" გუნდურობა ეჩვენებინა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ „გუნდის წევრებმა მათი გადაწყვეტილება უნდა ახსნან", რადგან მელიას იმუნიტეტის თემა არ იყო რიგითი კანონპროექტი, არამედ იყო ძალიან პრინციპული საკითხი იყო, სადაც გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს.

"დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, როცა გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება განსხვავებულია, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს. „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა 4 „ურჩ" დეპუტატს პარტიიდან გაშვება, თქვა, რომ „ოცნების" ადგილას „ნაცმოძრაობა" რომ ყოფილიყო, ეს დეპუტატები უკვე გუნდიდან გარიცხულებიც იქნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დიდი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ოთხშაბათს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს „ნაცმოძრაობის" დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ - „ოცნების" დეპუტატებმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს. წინააღმდეგი არ ყოფილა არავინ. დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ რეგისტრაცია არ გაუვლია და შესაბამისად თავი შეიკავა „ოცნების" 4-მა დეპუტატმა - რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა, ალექსანდრე ერქვანიამ და ბიძინა გეგიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სწორედ ამ 4 დეპუტატითაა უკმაყოფილო მმართველი პარტიის სხვა წევრები და თვლიან, რომ თანაგუნდელებმა პრინციპულ საკითხში ერთსულოვნება დაარღვიეს და გადაწყვეტილება უნდა აუხსნან გუნდს. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა, ამ ადამიანებს გუნდში არა მარტო „გადაწყვეტილების განმარტება" მოსთხოვონ, არამედ დასაჯონ კიდეც, მაგალითად საყვედურით, ან უფრო მეტიც -გუნდიდან გაშვებით. ემუქრება თუ არა „ოცნების" 4 „ურჩ" დეპუტატს გუნდიდან გაშვება ან რაიმე სხვა სასჯელი? ამ 4 დეპუტატიდან ორი საპარლამენტო თანამდებობას იკავებს. რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო მარიამ ჯაში - განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ბიძინა გეგიძე კი არის პოლიტსაბჭოს წევრი. რომან კაკულია ამბობს, რომ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ „არ მოეწონა თვითონ პარლამენტარისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების ის პროცედურა, რომელიც მისი აზრით დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა შეიცავდეს". კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ უმრავლესობას დატოვებს, დეპუტატი პასუხობს, რომ "დღეს ამის სურვილი არ აქვს", თუმცა თუ მისი წასვლის საკითხს დააყენებს გუნდი, ის პრობლემებს არავის შეუქმნის”, - განაგრძობს გამოცემა.

"როცა გუნდის საწინააღმდეგო გამოდის შენი გადაწყვეტილება, ცხადია, მზად უნდა იყო ყველაფრისათვის, არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არც უკმაყოფილება მექნება, თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იქნება განხილული... მე ეს არ გამიკეთებია არავითარი დემარშისათვის, პოლიტიკური კარიერის აგებას ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ", - განაცხადა კაკულიამ. ბიძინა გეგიძემ თქვა, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირა, რადგან მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, გადაწყვეტილება არ იყო მომგებიანი არავისთვის - არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის. გარდა ამისა, თვლის, რომ პროცესის წარმართვა მოუმზადებელი იყო. „ჩემი გუნდიდან გვერდზე გადგომა არ მჩვევია, უბრალოდ, პოლიტიკოსს მისი პრინციპებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და თავისუფლების ხარისხი უნდა ჰქონდეს,"- განაცხადა გეგიძემ. მარიამ ჯაში ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორად მიაჩნია. მისი თქმით, იმუნიტეტის მოხსნას მხარი პრინციპების გამო არ დაუჭირა - პირველი პრინციპი პარლამენტარიზმი და თავად პარლამენტის წევრის იმუნიტეტის პატივისცემაა, მეორე კი ის, რომ პირადად მან საკმარისი არგუმენტები ვერ მიიღო”, - დასძენს გამოცემა.

"შესაძლოა თუ არა, მისი გუნდიდან წასვლის საკითხი დადგეს, - ჯაში ამბობს, რომ თავად ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. „თუკი ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება გუნდურობის პრინციპის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მზად ვარ, შედგეს საუბარი. მზად ვარ, მოვისმინო ნებისმიერი გადაწყვეტილება", - აღნიშნა ჯაშმა. ყველაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა ალექსანდრე ერქვანია. „ესე ჩავთვალე საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო. დამთავრდა,"-განაცხადა ერქვანიამ. კოლეგების განმარტებების მიუხედავად უკმაყოფილოა ნუკრი ქანთარია. მისი თქმით, ასეთი დაქსაქსვა მიუღებელია და ეს დეპუტატები, ალბათ, მონასტერში უნდა წავიდნენ.

"ჩვენი გუნდის წევრებმა მათი გადაწყვეტილება უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან - არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. არავის არაფერს არ ვედავები, ეს საკითხი პრინციპული იყო და წინასწარ შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად ვუჭერდით მხარს, ან ერთად არ ვუჭერდით. ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს",-აცხადებს ქანთარია. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნაზე გუნდში იყო მსჯელობა და მაშინ არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. „როცა არის გუნდში მსჯელობა და ისინი შიგნით, გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება არის განსხვავებული, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს",- აცხადებს ხუნდაძე. რა ბედი ელით ურჩ დეპუტატებს - ამ კითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. „დღეს, რომ ხელისუფლებაში იყოს "ნაციონალური მოძრაობა," დღესვე იქნებოდნენ გარიცხული. თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. ყველა ადამიანი, მით უმეტეს დეპუტატი ამ შემთხვევაში სარგებლობს თავისუფალი მანდატით არის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი. ეს წარმოუდგენელია რიგი პოლიტიკური ძალებისათვის, თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს და გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია," - წერს სტატიის ავტორი.

გახარია: “მე შემიძლია გადავდგე ხვალაც..."

"რაც აქციის ღამეს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა; სანამ არ დასრულდება გამოძიება, მე ვიქნები ამ (მინისტრის) სავარძელში; პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა; თუ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი ხალხის თვალში, ამ ტვირთს როგორმე ვატარებ; დაშლის ბრძანებაზე დიახ, მე მაქვს ხელი მოწერილი... - ეს განცხადებები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კონფერენციაზე განაცხადა. „მე თუ გავხდი სისხლიანი ჯალათი ხალხის თვალში ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივი შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ,"- თქვა გახარიამ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გახარია: “მე შემიძლია გადავდგე ხვალაც..."

"შს მინისტრს ჰკითხეს, თუ აქციები არ დასრულდება, გადადგება თუ არა. „მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე ამ სავარძელში გადადგომა-არ გადადგომის გამო კი არ ვზივარ, აქ ვარ და ვიქნები მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, დავასრულებ,"- განაცხადა გახარიამ. მისი ამოცანა კი, როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, არის გამოძიების დასრულება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში და თუ სისტემური დანაშაული გამოიკვეთება, ის მზადაა ამის შემდეგ წავიდეს. შს მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის დარბევიდან 8 დღის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა და ტელემედიის ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა მინისტრს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რატომ გამოიყენა სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები, მათ შორის საშიში, ნარინჯისფერი ტყვიები პირდაპირი დამიზნებით; რატომ არ იღებს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას მინისტრი და არ მიდის. ასევე შს მინისტრს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, ვინ გასცა მიტინგის დაშლაზე ბრძანება, მინისტრმა თუ ვინმე სხვამ და არსებობს თუ არა ხელმოწერილი დოკუმენტი, გახარიამ ჯერ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც აქციის ღამეს მოხდა, ყველაფერზე პასუხისმგებელია თვითონ. შემდეგ კი თქვა, რომ 20-21 ივნისის ღამის მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს კონკრეტული ბრძანებები, დიახ, ამ ბრძანებებზე მას აქვს ხელი მოწერილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის თანამდებობაზე რჩება, მათ შორის პოლიციელების „ბულინგისგან" დასაცავად, რადგან პოლიციელები იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში, რის გამოც იძულებულები გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ახლა კი ზოგიერთი მოქალაქე ცდილობს პოლიციელებს მოუწყოს „სახალხო სასამართლო", რაც მიუღებელია. „არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის. ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც საუბრობთ","- თქვა მინისტრმა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახალხო პროტესტი თავიდან იყო სამართლიანი, ღამის 10 საათამდე აქცია იყო მშვიდობიანი და სამართალდამცველებიც გულწრფელად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს. თუმცა შემდგომ აქცია კანონიერ, მშვიდობიან ფარგლებს გასცდა და დაიწყო პირდაპირი მოწოდებები და ორგანიზებული შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შესვლის მიზნით. მომიტინგეების ჯგუფებმა გაიტაცეს 30 პოლიციელი. ამიტომ გახდა იძულებული პოლიცია დაეშალა მიტინგი და თუკი აქციაზე გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებისას იყო რაღაც დარღვეული, ამას გამოძიება დაადგენს”, - განაგრძობს გამოცემა.

"გახარიას განცხადებით, ეს არ ყოფილა პოლიციასა და მშვიდობიან აქციას შორის ურთიერთობის დარეგულირება, ეს იყო შტურმის მოგერიება. მისი თქმით, სიმართლე არ არის, რომ პოლიციელებმა დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, რადგან ღამის ორ საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია და ისინი თავს ვერავის დაესხმებოდნენ. თქვა, რომ პოლიცია იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ცინიკური ტყუილია, როცა ნარინჯისფერ ტყვიებზე ამბობენ, რომ ის არის დათვის ტყვიები და თანაც, ეს ტყვიები ნაყიდია ჯერ კიდევ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ. „არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დრო გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ამ ტყვიის გამოყენების, ან პროტოკოლის შესაბამისად გამოყენების საკითხი არის გამოძიების შესასწავლი. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და ისინი დაადგენენ და მე არ მივცემ ახლა ამას არც მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებას. რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არსებობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში. მას შემდგომ ეს ტყვიები შეძენილი არ ყოფილა,"- თქვა გახარიამ”, - დასძენს გამოცემა.

"მინისტრმა თქვა, რომ რაც არ უნდა ჯალათი თუ სისხლისმსმელი უწოდონ, არავის მისცემს საშუალებას, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა გახდეს მარგინალიზებული. „რა ავარიდეთ, რა მძიმე სცენარზეა საუბარი? ეს იყო მცდელობა, ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის, შესაბამისად ხელისუფლების ხელში ჩაგდება", -თქვა მინისტრმა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ პროცესების დროს პირდაპირ ეთერში ჩანდა მოწოდებები, იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს სხვადასხვა სიტყვებით. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს შტურმებით ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, ეს უნდა დასრულდეს, სხვანაირად სამართლებრივი და ჯანსაღი სახელმწიფო ვერ აშენდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო