„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული კონფერენციები გაიმართა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული კონფერენციები გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გაერო-ს მდგრადი განვითარების გეგმის #4 მიზანი - "ხარისხიანი განათლება" ფოთის პორტის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში ბოლო თვეებში, ფოთის საზღვაო ნავსადგური ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ორი რეგიონული - ბათუმის და ზუგდიდის კონფერენციების მხარდამჭერი იყო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სარგებელი მოვუტანოთ იმ რეგიონს, რომელშიც ვოპერირებთ და ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც მხარს ვუჭერთ, მაქსიმალურად მორგებული იყოს ადგილობრივ საზოგადოებაზე. ვისურვებდით, რომ ამ შემთხვევაში ფოთის ახალგაზრდა თაობა მაქსიმალურად იყოს ჩართული მსგავს პროექტებში. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი“ არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის კონცეფცია ემსახურება ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას თვითგანვითარების გზით - თანამედროვე გამოწვევების, ევროპული საკითხების თუ ფასეულობების განხილვა სესიებზე არსებულ საერთაშორისო გარემოში ავითარებს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნების, დებატების კულტურის თუ საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს მრავალფეროვანი იდეების, აზრების თუ მოცემულობების მიმღებლობას.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს „ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტთან“ და ამასთან ერთად, მხარს უჭერს ადგილობრივ პროექტებს („მომავალ ლიდერთა გუნდი“ – FLT) რომლებიც აგრეთვე არაფორმალური და ხარისხიანი განათლების წახალისებას უწყობს ხელს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

























