ზუგდიდში პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო

,,სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანკეტირების ეტაპი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობესზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა, ანკეტირების შედეგები შეაჯამა და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე იმსჯელა. სხდომაზე ფოტო მასალა განიხილეს, განხილვის პროცესი ხვალაც გაგრძელდება..
კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
„მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის აღნიშნულ პროგრამებში ჩართვა უმნიშვნელოვანესია, მიმდინარე წელს ჩვენ დაახლოებით 20-დან 25-მდე სახლს ავაშენებთ, პრიორიტეტული ოჯახებს კი კომისია ობიექტური გადაწყვეტილების შედეგად გამოავლენს“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
„მიმდინარე წელს მერიაში 243 განცხადება შემოვიდა, მათგან 141 განცხადება სახლის მშენებლობას შეეხებოდა, ხოლო 102 განცხადება - „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას. 2019 წელს სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























