ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2019

ვინ და რატომ უჩალიჩებდა გახარიას კონტრაქციას… მთავრობა გადადგომის ნაცვლად, გადმოდგა

პაატა ზაქარეიშვილი - ყველაფრის მკადრებელი “ნაცმოძრაობა” არაფრის მკეთებელ “ოცნებას” დღის წესრიგს უდგენს

* * *

ვინ და რატომ უჩალიჩებდა გახარიას კონტრაქციას… მთავრობა გადადგომის ნაცვლად, გადმოდგა

"გავრცელებული ინფორმაციით, 28 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და მას თან სხვა მინისტრებიც უნდა მიჰყოლოდნენ. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია სახელისუფლებო კულუარებში მიაწოდეს. მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ 27 ივნისს გაკეთებულმა განცხადებებმა გადარია, გადარეულმა ცხელ გულზე მისი გადადგომა მოითხოვა, მაგრამ მერე წყენამ გადაუარა, გარემოცვამაც მისცა რჩევა და სამთავრობო კარუსელის დატრიალება დროებით გადაიდო. გადასადგომად განწირული მთავრობა 20 ივნისს მთავრობის სხდომაზე გადმოდგა და ქვეყანას მორიგი მარგალიტები მოეფინა, ამჯერადაც თავი გიორგი ბახტაძემ გამოიჩინა. მას არ შს მინისტრი გიორგი გახარია ჩამორჩა, რომელიც ამბობს, რომ გადადგომა პრობლემა არაა, მაგრამ არ გადავდგებიო”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვინ და რატომ უჩალიჩებდა გახარიას კონტრაქციას / მთავრობა გადადგომის ნაცვლად, გადმოდგა.

“გადადგომას რომ არ აპირებდა, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ “ოცნების გარშემო” გამოჩნდა ხალხი, რომელმაც დაიჩემა, გინდა თუ არა კონტრაქცია უნდა მოვაწყოთ, რომ გახარიამ პოსტი არ დატოვოსო. ამ მოწოდებამ სოციალურ ქსელში ისტერიული სახე მიიღო და რამდენიმე აქციაც დაანონსდა, ამასთან დაკავშირებით”ოცნებამ” და გახარიამ ცალ-ცალკე აკეთეს განცხადებები. შს მინისტრმა მისი მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებს მიმართა, რომ “მსგავსი ღონისძიებები არ არის საჭირო”. კონტრაქციის წინააღმდეგ სპეციალური განცხადებით გამოვიდა “ქართული ოცნებაც”, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი ღონისძიება დამატებით დაძაბულობას შემოიტანს. მმართველი პარტიის კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ვიღაცებმა ეს კონტრაქცია სინამდვილეში გახარიას საწინააღმდეგოდ დაგეგმეს. კონტრაქციას დაძაბულობა მოჰყვებოდა და ისედაც 20 ივნისის ჯალათად მონათლული გახარია კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ისე, ამ აქციის მოწყობაზე 21 ივნისიდან მიდის საუბარი და შს მინისტრს ამის შესახებ მხოლოდ 28 ივნისს არ უნდა გაეგო...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შს მინისტრს ავადსახსენებელი სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებამაც მოუწია. რუსმა კომუნისტმა, რომელიც კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდა, 28 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოში შემოდგომაზე წმინდა ადგილების მოსალოცად აპირებს ჩამოსვლას. გახარია პირობას დებს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში არ შემოუშვებს. გიორგი ბახტაძემ კი კვლავ შტურმზე ილაპარაკა – მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაზე დაიწყო შტურმი და ასეთ დროს შს მინისტრი ვალდებული იყო ძალა გამოეყენებინა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ძალის ლეგიტიმაციაზე კითხვები არ არსებობს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ბახტაძის თქმით, კობახიძეს 20 ივნისვე უნდოდა გადადგომა, მაგრამ იმის გამო ოვერ გააკეთა ეს, რომ საზღვარგარეთ იყო. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ის არც 21 ივნისს აპირებდა გადადგომას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავზე დაამხო ყველაფერი, წასვლა იკადრა” - დასძენს გამოცემა.

პაატა ზაქარეიშვილი - ყველაფრის მკადრებელი “ნაცმოძრაობა” არაფრის მკეთებელ “ოცნებას” დღის წესრიგს უდგენს

“ის კრიზისი, რომელიც იყო “ქართულ ოცნებაში” გადავიდა სახელმწიფოზე. ეს ის შემთხვევაა, როცა შიდა მოუგვარებელი პრობლემები სახელმწიფო პრობლემები გახდა. ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი, რომ “ოცნება” ვერ გაუმკლავდა თავის შიდა პრობლემებს და გარეთ გადმოხეთქა ამ ყველაფერმა. შემდეგ კი ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენა მათმა ოპონენტმა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც ჩასაფრებულია, რომელიც არის დესტრუქციული ძალა", - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მოცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა ზაქარეიშვილი: “პროცესებს დღეს ნაციონალები მართავენ”.

“ძალიან სამარცხვინო იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომ უცხო ქვეყანაში გადახვეწილ, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს დააბრალა პრობლემები. ეს არის უსუსურობის გამოვლენა. ეს არის განცხადება, რომ მე სახელმწიფო არა ვარ და ვიღაცა შორიდან მართავს სიტუაციას. ეს ასე არ არის და რომც იყოს, არ უნდა თქვა. ცდილობენ სახელმწიფოში შექმნან განცდა, რომ ეს არის ორი ძალის დაჯახება და სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ერთი ძალა არსებობს მხოლოდ და ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” - დაახლოებით ეს შეტყობინება იყო ბახტაძისგან… რაც შეეხება დარბევის ბრძანებას, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ვაფარებდე ხელს, მაგრამ უფრო მგონია, რომ ეს უშიშროებისა და შს სამინისტროს ბრძანება იყო... რას ისვრის სპეცსამსახური, ეს არ არის არც ბიძინას და არც პეტრეს ან პავლეს საქმე, ამ დროს ბრძანებას გასცემს მხოლოდ და მხოლოდ შს სამინისტრო და ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს შს სამინისტრო. რაც შეეხება გამოძიებას - მე ჯერ არ მინახავს ამ ქვეყანაში გამოძიებული საქმე. გამოძიება მიმდინარეობს - ამათ ენაზე ნიშნავს, რომ გამოძიება არ დასრულდება არასდროს. ეს იქნება მორიგი თვალში ნაცრის შეყრა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პააატა ზაქარეიშვილი.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს პროცესებს მართავს “ნაციონალური მოძრაობა”, ეს დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყნის ნგრევაზეა მომართული დ არა ქვეყნის მშენებლობაზე. დღევანდელი ხელისუფალი კი არის უუნარო ძალა. “ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაფრის მკადრებელი, “ოცნება” კი არაფრის მკეთებელი. დღეს დღის წესრიგს ხელისუფლებას უდგენს “ნაციონალური მოძრაობა”! რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ბრალი. არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას, რაც ბახტაძემ გააკეთა. არამედ დროა დაელაპარაკონ სხვა პოლიტიკურ ძალებს, ვინც გაკრიფეს თავის დროზე - დაელაპარაკონ უსუფაშვილს, ალასანიას, მათ, ვინც გავიდა მათგან”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“პირდაპირ ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, რომ შეცდომა დაუშვა, რომ გაკრიფა პოლიტიკური ველი, რომ დაშალა კოალიცია, ამის გამო მის გვერდით დარჩნენ მხოლოდ ფარისევლები, მედროვეები და მლიქვნელები. დიახ, თურმე კოალიციაში იყო ძალა, რომელიც მას ამისგან იცავდა. ამიტომ უნდა მოიხადოს ბოდიში და დაუძახოს ამ ხალხს მოლაპარაკების მაგიდასთან, თქვას, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის. თუ ამას გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კონსტრუქციული ძალა მივაც მასთან და დაწიყებენ სიტუაციის გამოსწორებას... ოღონდ ამ სამარცხვინო “ოცნებისგან” უნდა მოახდინოს დისტანცირება – გამოვიდეს და თქვას, რომ ამან არ გაამართლა, არ გაამართლა შუას გაკრეფამ, კოალიციის დაშლამ” - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა