ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას „დაიცავი დავით გარეჯი“ მართავს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას „დაიცავი დავით გარეჯი“ მართავს.
შეკრებილებს ამ წუთებში გაერთიანების ლიდერები სიტყვით მიმართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აქციები სხვა რაიონებშიც გაიმართება და ძეგლის დაცვისკენ მოსახლეობას მთელ საქართველოში მოუწოდებენ.
გარდა ამისა, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აქციაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ასევე, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და მიიღონ რეზოლუცია, რათა „დაისაჯოს სააკაშვილ-ბოკერიას პარტია“.
"უკვე წლებია ჩვენი მოთხოვნაა დაისაჯოს სააკაშვილი-ბოკერიას პარტია და მათი მმართველობა გამოცხადდეს ძალადობრივ რეჟიმად. მეორე ახალი მოთხოვნა არის „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება, რადგან გაუთავებელ თანამშრომლობაში არის ბოკერიასთან. ეს ახალი სპექტაკლი მიმართულია იმისკენ, რომ ხალხმა დაივიწყოს დავით გარეჯი, ცხინვალი და სოხუმი. სპექტაკლია ის, რომ პარლამენტში შეიყვანეს გავრილოვი. ეს გაითამაშეს", - განაცხადა თარხან-მოურავმა.

























