ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”

“როცა რუსეთზეა საუბარი, სამხედრო პროვოკაციის ალბათობა ყოველთვის არსებობს” - კიდევ რას უნდა ველოდოთ მოსკოვისგან

ლია მუხაშავრია – “ჩვენ, ხალხმა, ამ დღეებში, სულ ცოტა, 50 წლით ვისკუპეთ წინ, დემოკრატიის გზაზე”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს”

“სპინოზობა არ იყო საჭირო იმის დასანახავად, თუ რას გამოიწვევდა რუსი დეპუტატის სპიკერის სკამში ჩაბრძანება… ამ მთავრობის ყველა ნაბიჯი იყო დაგვიანებული. საბოლოოდ მაინც გადადგა კობახიძე, მაგრამ ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა. იმავე დღეს უნდა ჩამობრძანებულიყო და წასულიყო, ისევე როგორც 20 ივნისსვე უნდა დაეტოვებინა პარლამენტარის მანდატი ზაქარია ქუცნაშვილს. ჩვენს მთავრობაში მყისიერი მოქმედებებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის მზად არ არიან. აუცილებლად უნდა შედგეს რაღაც პოლიტსაბჭო, იმსჯელონ... არადა, თავის დროზე რომ წასულიყო კობახიძე, არც დარბევა იქნებოდა და არც არაფერი მოხდებოდა. ამიტომაც არის ჩვენი მთავრობა ცუგცვანგში - წინასწარ კი არ დგამს პრევენციისთვის ნაბიჯებს, არამედ ელოდება ამა თუ იმ მოვლენაზე საზოგადოების რეაქციას, საბოლოოდ უშვებენ ტრაგიკულ შეცდომებს, რის მერეც იძულებული ხდებიან, გადადგან ნაბიჯები, რომელიც მათ მდგომარეობას აუარესებს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი, 21 ივნისსვე გადავდგებოდი” / “ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები”.

“ჩემი აზრით, 2020 წელს მივიღებთ ძალიან კარგ პარლამენტს - გაცილებით საინტერესოსა და დემოკრატიულს. მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში, ვფიქრობ, გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი იქნება. არ იქნება ასეთი პარლამენტის მართვა ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს სირთულეები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ გააჯანსაღებს. თუმცა ვფიქრობ იმასაც, რომ ძალიან რთული იქნება ამაზე ოპოზიციის დაყოლიება. საქმე ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველოც” მშვენივრად გრძნობენ თავს. ისინი არიან პარლამენტში, არაფერზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა და დღენიადაგ დედას იგინებიან. როცა პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, ამის ფუფუნება არ ექნებათ და მათი მავნე პოლიტიკური აქტივობებიც დასრულდება. ამიტომაც არ მოსწონთ შეთავაზებული ნულოვანი ბარიერი - რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმაც ამიტომ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ და ძალიან კარგი პასუხიც მიიღო - შეგიძლიათ გადასცეთ ექსპრეზიდენტს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა – არაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ახალი ტიპის პროტესტთან, როდესაც ინიციატივა აიღო სამოქალაქო საზოგადოებამ, რომლის ნააზრევი ხშირად მისაღებია. მაგალითად, როცა ავიდნენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, მას წითელი ბარათი კი არა, ყვითელი უჩვენეს, რაც ბევრის მთქმელია. მათ არ სურთ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე, რაც სწორია. უბრალოდ უნდათ, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ხალხის ნებას. ეს აპოლიტიკური მიდგომაა და ჩემი აზრით, მათი პროტესტის სათავისოდ გამოყენება პოლიტიკურ ძალებს არ გამოუვათ. თუ ეს ახალგაზრდები უფრო ღრმა განათლებას მიიღებენ, ვფიქრობ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მართლაც მნიშვნელოვნად შეცვლიან. ჩემი აზრით, ცდება ხელისუფლება, თუ ჰგონია, რომ მუხტი განელდება და აქციებიც შეწყდება. თუ დროულად არ მიიღეს გადაწყვეტილებები, უნდა ველოდოთ, რომ მომავალ არჩევნებამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში, მუდმივი დაძაბულობის მომსწრენი ვიქნებით. მეეჭვება, ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი და მენახა, რომ ჩემი ხელქვეითები მოვალეობას კანონის თანახმად არ ასრულებენ, 21 ივნისსვე გადავდგებოდი. გახარიას პრესკონფერენციიდან სამ საკითხს გამოვყოფდი: პირველი - როგორც ჩანს, გახარიას არ ჰყავს კარგი პიარსპეციალისტები. წარმოიდგინეთ, აქციაზე ადამიანებმა დაკარგეს თვალისჩინი, ის კი მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში, მგონი, ყველა კითხვის პასუხს იწყებდა ფრაზით: “აი, ნახეთ...”, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო. მეორე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გახარიამ არ იცოდა, რა ტიპის ტყვიები აქვს შსს-ს. ზოგადადაც, არ იყო გარკვეული საგანგებო სიტუაციების მართვის პროტოკოლში. განაცხადა, პროტოკოლი, ალბათ, შესაცვლელიაო. კი მაგრამ, ამდენ ხანს რას აკეთებდა?! მესამე საკითხი ის არის, რომ დარბევის დროს მოხდა უბედური შემთხვევები, რაც ხდება ყველგან - გავიხსენოთ საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციები, მაგრამ უთვალოდ არავინ დარჩენილა. რადგან ხალხს თვალები დაუზიანდა, გამოდის, რომ ესროდნენ თავში, დამიზნებით”, დაასკვნის ექსპერტი.

“ამგვარი ბრძანება რომ ყოფილიყო გაცემული, დაშავებული გაცილებით მეტი იქნებოდა, ანუ გამოდის, რომ ზოგიერთი სპეცრაზმელი იქცეოდა აგრესიულად… ისმის კითხვა: ვინ არიან ეს სპეცრაზმელები? სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისასაც იყო ამ სამსახურში, როდესაც აქციებზე ხალხს სასტიკად არბევდნენ, ანუ მათ აქვთ ეს აგრესიული და სასტიკი დამოკიდებულება პროტესტანტების მიმართ, ამიტომაც აუცილებელია ძალიან ხისტი პროტოკოლი და კონკრეტული ბრძანებების გაცემა... როდესაც ადამიანს მისცემ იარაღს და მისი გამოყენების უფლებას, ძალიან მკაცრი რეგლამენტიც უნდა დაუწესო - როდის და როგორ გამოიყენოს ეს იარაღი. დარწმუნებული ვარ, გახარიას ისეთი ბრძანებები, რასაც სპეცრაზმელები აკეთებდნენ, არ გაუცია, მაგრამ მას ვითარების მართვის სადავე გაექცა ხელიდან და, უპირველესად, სწორედ ამის გამო იმსახურებს გადადგომას. ჩემი აზრით, გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს. რასაც ამბობდა, ეს, ზოგადად, სწორია... მეორე მხრივ, თუ გახარია მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ გამოიძიებს ძალის გადამეტების შემთხვევებს და შემდეგ წავა, საპროტესტო მუხტი ჩაცხრება”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“ვფიქრობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ ჯგუფებს გადატრიალების მოწყობა უნდოდათ. ის ადამიანები, რომელთა სახეებიც ვნახეთ, აშკარად მიხეილ სააკაშვილის “ზონდერ ჯგუფებს” მაგონებდნენ. მიმაჩნია, რომ ამ აგრესიაზე ხელისუფლების პასუხი აუცილებელი იყო, ოღონდ არა ასეთი ფორმით. რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, ამას მთელ ოპოზიციას ვერ დავაკისრებთ, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ნამდვილად მიუძღვის ლომის წილი. რა თქმა უნდა, იქ აშკარად იყო პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები. რაც უნდა ამტკიცოს მელიამ, რომ ასე არ ყოფილა, მისი ნათქვამი ყველამ მოვისმინეთ! როცა მელიამ განაცხადა, მოდით, მშვიდად შევიდეთ პარლამენტშიო, რა, არ იცოდა, რომ ამ ხალხს პარლამენტში არავინ შეუშვებდა? ეს იყო ფარისევლობა და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. სასამართლოს გადაწყვეტილებაც მესმის - პროკურატურის წარდგენილი ბრალდება არ ჩანდა მაინცდამაინც კარგად დასაბუთებული. ვფიქრობ, საქმე ისევ და ისევ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩემი აზრით, ის პარტია, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოებში შეჭრისკენ მოუწოდებს, უნდა აიკრძალოს!”, - თვლის რესპონდენტი.

“არ ვიცი, ივანიშვილი დაბრუნებას აპირებს თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრობის გადადგომა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სახეს შეუნარჩუნებდა. ასე სხვის მოთხოვნებს კი არ დააკმაყოფილებდნენ, არამედ იტყოდნენ, რომ ამ მთავრობამ ვერ გაართვა თავი რთულ სიტუაციებს და უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, ეს დაძაბულობის მუხტს აშკარად გაანეიტრალებდა. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ ამას? ეს იქნება ამ სიტუაციაში ყველაზე რაციონალური და სწორი ნაბიჯი… ჩემი ღრმა რწმენით, ის, რაც მოხდა, თავიდან ბოლომდე იყო ძალიან კარგად დაგეგმილი რუსული პროვოკაცია. არ აწყობს კრემლის ხელმძღვანელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის ბოლოდროინდელი ტემპი. ბოლო ხანს აშკარა იყო მათი უკმაყოფილება და დაგვარტყეს ისეთ მტკივნეულ ადგილას, რასაც საქართველოს ეროვნული ღირსება ჰქვია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ გავრილოვი სპონტანურად მოხვდა ჩვენს პარლამენტში და ამას ასევე სპონტანურად მოჰყვა კრემლის უმაღლესი თანამდებობის პირების ასეთი რეაქცია. მეტიც - დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები. რაც შეეხება ემბარგოს... მგონი, ტრადიციად იქცა, რომ რუსეთის მიერ ჩვენს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს განვითარებაზე ძალიან კარგად მოქმედებს. მაგალითად, რუსული ემბარგოს შედეგად გაუმჯობესდა ჩვენი ღვინის ხარისხი, შედეგად მოვახერხეთ ევროპულ ბაზარზე შესვლა და ა.შ. ახლა ამ ტურიზმთან დაკავშირებული სკანდალით ლამის მთელ მსოფლიოს გააგებინეს, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “რადგან მომხდარს რუსულ პროვოკაციად აფასებთ, ისმის კითხვა: ქართველთაგან ვინ მონაწილეობდა მის განხორციელებაში?” – პასუხობს:

“პროვოკაციისთვის ხელშეწყობა, ვფიქრობ, გამიზნული და გააზრებული არ ყოფილა. არა მგონია, ზაქრო ქუცნაშვილს ამდენის გათვლის უნარი ჰქონდეს - ამ კაცმა, მგონი, რუსულიც კი არ იცის ნორმალურად. ფიქრობდნენ ალბათ, მოვიწვიოთ რუსი დეპუტატები და პარლამენტის დარბაზში მოვასმენინოთ ჩვენი გინებაო. ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ვერც წარმოიდგინეს. მოკლედ, მოატყუეს ეს ხალხი პატარა ბავშვებივით. განსაკუთრებით დიდია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა, რომელზეც სულ ვამბობდი, “ბოლო გაჩერების სინდრომი” სჭირს, ანუ თავის კომპეტენციაზე მაღალ თანამდებობაზეა-მეთქი. საბოლოოდ კი ეს კრიზისი “ქართულმა ოცნებამ” და მთელმა ხელისუფლებამ მიიღო იმიტომ, რომ არავის უსმენენ, არ ჰყავთ ანალიტიკოსები და, რაც ყველაზე სავალალოა, მათ შორის პროფესიონალი პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა”.

“როცა რუსეთზეა საუბარი, სამხედრო პროვოკაციის ალბათობა ყოველთვის არსებობს” - კიდევ რას უნდა ველოდოთ მოსკოვისგან

“რუსეთმა გარკვეულ ქართულ კომპანიებს ღვინის შეტანა უკვე აუკრძალა, ასევე საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა სულ რაღაც ერთ კვირაში შევა ძალაში, მანამდე კი, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ენგურის ხიდთან გზა ჩაკეტა, რითაც გალში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები შეუქმნა, მით უმეტეს ეს ხდება მაშინ, როცა ეროვნული გამოცდები დაიწყო და გალიდან აბიტურიენტებისთვის ეს გზა უმნიშვნელოვანესია. კიდევ რას უნდა ველოდოთ მოსკოვიდან? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, კრემლს საქართველოს “დასჯის” ორი ბერკეტი კიდევ აქვს. ერთი ეს არის ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან, რაც 2006 წელს უკვე ვნახეთ და ასევე ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “როცა რუსეთზეა საუბარი, სამხედრო პროვოკაციის ალბათობა ყოველთვის არსებობს” - კიდევ რას უნდა ველოდოთ მოსკოვისგან.

“რუსეთმა ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა და ამ ომში ეს ორი ბერკეტი კიდევ დარჩა. რუსეთს შეუძლია გადარიცხვებზე დააწესოს კონტროლი და აკრძალოს ტრანსფერები. ასევე მოახდინოს არალეგალურად მცხოვრები ქართველების დეპორტაცია. თუ მოსკოვი ჩათვლის, რომ ეს სჭირდება, ამაზეც წავა. ასევე შეუძლია გამოაცხადოს საზღვაო ბლოკადაც. ისევ გააქტიურდა ლუგარის ლაბორატორიის თემაც. რუსულ მედიაში ისევ დაიწყეს განხილვები, რომ ამ ლაბორატორიიდან ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გავრცელება ხდება და რომ ამ ობიექტების განადგურებაც უნდა მოხდეს. ითქვა, რომ თუ ამერიკელებს აქვთ უფლება გარკვეული ინფრასტუქტურის განადგურების უფლება ერაყში და მზად არიან გაანადგურონ ირანსა და ვენესუელაში, ეს ჩვენც შეგვიძლია”, - ამბობს მაისაია. გარდა ამისა, მაისაიას თქმით, ცხინვალში რუსეთმა გამოაცხადა სრული სამხედრო მზადყოფნაც, თუმცა თვლის, რომ სამხედრო პროვოკაციებს, რუსეთი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. “როცა რუსეთზეა საუბარი, სამხედრო პროვოკაციის ალბათობა ყოველთვის არსებობს. მცოცავი ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სამხედრო ბლოკადას და პროვოკაციებს რუსეთი უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებს. ჰიბრიდული ტიპის კიბერშეტევების სუბიექტი შეიძლება გახდეს საქართველო. ასევე ჩვენს სიახლოვეს გაიზრდება სამხედრო წვრთნების ინტენსივობა და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შემოჭრა ჩვენს საჰაერო სივრცეში”, - აღნიშნავს მაისაია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სკანდალიც და შემდეგ საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური დასჯა კრემლში წინასწარ იყო დაგეგმილი, რუსეთის გაღიზიანების მიზეზი კი ბევრი დაუგროვდა, მათ შორის არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებები ანაკლიის პორტის დასრულების აუცილებლობაზე, რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან გათავისუფლებასა და იმაზე, რომ საჭიროა საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით მიიღონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვთვლი, რომ გავრილოვის ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ თემის ირგვლივ ბევრი გაუგებრობაა, მაგრამ ის, რომ გავრილოვი პროვოკაციას მოაწყობდა თბილისში, დაჯდებოდა სპიკერის სკამზე და სესიას წაიყვანდა თვითონ და თან რუსულ ენაზე, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამიზნულად მოხდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია რეალურად სიტუაციის აღრევა. ეს გამოიწვია იმან, რომ აშშ-ისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირების ადგილი გახდა კავკასიის რეგიონი. ამაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირდაპირ მიგვანიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ უნდა ჩავუგდოთ ანაკლიის პორტი. ასევე პომპეომ თქვა, რომ აუცილებელია საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით მიიღონ. ახალი ცივი ომის პარადიგმამ გამოიწვია ასეთი ტიპის სპეცოპერაციის განხორციელება. ეკონომიკური ინტერესები, ანაკლიის პორტი, ნატო-ს საკითხი და კიდევ სხვა თემები, ყველაფერი დაკავშირებულია ამ რუსულ პროვოკაციასთან. სიტუაცია საკმაოდ მძიმედ ვითარდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მისივე თქმით, ის, რომ რუსეთიდან საქართველოზე დიდ წნეხი ხორციელდება, ამაზე შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმაც დაწერა “ტვიტერზე”, თუმცა ეს არის ცალკეული ადამიანების გამოხმაურებები და ევროპის უდიდესი სირცხვილია, როცა რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება დაუბრუნეს… ბილდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტი გააზიარა, რომელითაც ერიკ ჰუგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვას ეხმაურება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა “ტვიტერზე” დაწერილ პოსტში ე.წ ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილა მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზიანებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს. მაისაიას თქმით, ევროპამ ვერ მოაგვარა ის, რომ პრინციპული ყოფილიყო რუსეთის მიმართ და გადაჭრით ეთქვათ უარი მაგალითად იგივე გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისთვის, რომელიც რუსული პროექტია და მისი დასრულებით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება”, - დასძენს გამოცემა.

“ასევე აღმაშფოთებელი იყო ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული ქმედება, რომელმაც, ასე ვთქვათ, დააკანონა ყირიმის ოკუპაცია და რუსეთის დელეგაციას აღუდგინა უფლებამოსილება. გამოდის, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიცია არ აქვთ. ევროსაბჭო და ევროკავშირის საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებია, თუმცა გეოპოლიტიკურ კონტექსტში ერთი და იგივე ევროპული სივრცეა. ამიტომ ეს ყველაფერი რუსეთს დაუსჯელობის განცდას უღრმავებს. როდესაც ბრიტანეთსა და პოლონეთის დელეგაციებშიც კი გამოჩნდნენ სპიკერები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსეთის დელეგაციას, რა უნდა ვთქვათ. ამიტომ საქართველოს გამო ევროკავშირის მხრიდან რა რეაგირებას უნდა ველოდოთ?!”- ამბობს მაისაია.

ლია მუხაშავრია – “ჩვენ, ხალხმა, ამ დღეებში, სულ ცოტა, 50 წლით ვისკუპეთ წინ, დემოკრატიის გზაზე”

“სახელმწიფო გადატრიალება ხმამაღალი ნათქვამია, ბუზის სპილოდ გადაქცევის სურვილი. მომიტინგეები რომც შესულიყვნენ პარლამენტში, ეს არ იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება, იმიტომ, რომ სესია არ მიმდინარეობდა, მთავრობა თავის ადგილზე იყო, ყველა სტრუქტურა მუშაობდა. სახელმწიფო გადატრიალება ხდება რამდენიმე ადგილზე ერთდროულად, რომლის დროსაც ორგანიზებულად იკავებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. სახელმწიფო მმართველობა უკანონო, კანონიერმა თუ რევოლუციურმა ჯგუფმა უნდა ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ჩვენ გვქონდა ადამიანების ემოციური გამოსვლა. არავის ჰქონია იარაღი და შტურმზეც ლაპარაკი ზედმეტია! შიშველი ხელებით შტურმი ვის გაუგია! არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რაც მოხდა. ეს არ იყო მიტინგის ლეგიტიმური დაშლა. თუ შტურმი იყო, თუ იყო მომიტინგეთა ძალადობა, რატომ არ დააკავეს თუნდაც ერთი შეიარაღებული პირი? 305 მოქალაქე აიყვანეს და არც ერთს არ ჰქონია იარაღი. ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს”, - აცხადებს ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”გახარიას პრესკონფერენცია გამწარებული ადამიანის გამოსვლა იყო”.

“არა მგონია, გახარია იმდენად ჭკუათხელი იყოს, რომ ვერ მიმხვდარიყო, ასეთ ბრძანებას რა მოჰყვებოდა. ამდენი დღე გავიდა და მთავრობა გარკვევით არაფერს ამბობს. ჩვენ ვითხოვთ პასუხს: ვინ გასცა ბრძანება, თუნდაც უმტკივნეულო, რომ გაეწმინდათ რუსთაველის პროსპექტი, რა უნდა ამის თქმას? მაგრამ არ გვეუბნებიან, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ბრძანება გასცა იმ პირმა, რომელსაც საამისო არც კონსტიტუციური და არც კანონიერი უფლება არ გააჩნდა. ყოვლად აუხსნელია სპეცრაზმისა და შს სამინისტროს ქვედანაყოფების მოქმედება. ეს უფრო არაკომპეტენტური ადამიანის გამოხდომას ჰგავს. სპეცრაზმს ასეთ დროს მკაფიო განკარგულება ეძლევა, ეძლევა შესაბამისი აღჭურვილობაც და ბრძანება, ესროლეთო, და მან ის უნდა შეასრულოს. რეზინის ტყვიებს, იარაღს რომ აძლევ, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოიყენოს. ეს რომ არ ნდომებოდათ, ხელკეტებს მისცემდნენ... კანონით არ ჰქონდათ უფლება დამიზნებით ესროლათ ტყვიები. არჩევნებისას “ოცნება” ხშირად ატრიალებდა 2007 წლის 7 ნოემბრის კადრებს. დღეს კი მან ოპონენტების პროპაგანდისტულ მანქანას მისცა საშუალება, დაუტრიალონ 2019 წლის 20-21 ივნისის კადრები. ამაზე ცუდს მტერიც კი ვერ დამართებდა. 7 ნოემბრის აქციაზე გამოყენებულ იარაღს უფრო მძიმე შედეგი მოჰყვა, რადგან “დუმ-დუმის” ტყვია გამოიყენეს, რომელიც ნამსხვრევ ჭრილობასა და მრავლობით მოტეხილობას იწვევს. რიყეზე დაჭრილი ადამიანები მაშინ ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს… სამარცხვინო იყო ბახტაძის განცხადება - რაც მოხდა, სააკაშვილის გაკეთებულიაო. არ გამოვრიცხავ, ამას რომ ამბობდა, ვინმე ყურსასმენით კარნახობდა, რა ეთქვა, შესაძლოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ჩუბინიძე. გამორიცხულია, მიშას რაიმე კავშირი ჰქონოდა სპეცრაზმთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“გახარია რომ გაუშვან, უკმაყოფილოს შეიძლება რაღაცები წამოსცდეს, როგორც ეკონომიკის მინისტრს. გახარიას გაცილებით მეტი აქვს სათქმელი, ამიტომ თავზე ხელს უსვამენ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის განკარგულებით დატრიალდა, გახარიას ხელს ვერ ახლებენ, მაგრამ თავად მას უნდა ეყოს ჭკუა და გადადგეს. ურჩევნია, გადადგეს და მოშორდეს აქაურობას. თუმცა ციხე მაინც არ ასცდება - ახლა თუ მერე, მოეკითხება. გახარიას პრესკონფერენცია იყო გამწარებული ადამიანის გამოსვლა, რომელსაც ბევრი რამის დამალვა სურდა, მაგრამ მის ნათქვამში უფრო მეტი იკითხებოდა. მგონი, იმაზე უბედურია, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს. მათ აქვთ მომავალი, მორალური სიმყარე, გახარია კი უკვე პოლიტიკურ სანაგვეზეა გადასროლილი. ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება გავრილოვის ჩამოსვლაზე და აღიარა ისიც, რომ საფრთხეები არც ჰქონიათ გათვლილი. საქმე გვაქვს ისეთ უვიცობასთან, არაკომპეტენტურობასთან, რომ წარმოსადგენადაც ძნელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კობახიძის გადადგომა დაგვიანებული იყო - პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცოდა, ვის იწვევდა; არ იცოდა, რომ გავრილოვი თავმჯდომარე იყო და რუსულად დაიწყებდა ლაპარაკს. იმდენად ბრიყვია, წინადღეს სესიას რომ დაესწრო, ეს ვერ გაარკვია… ბახტაძემ სცადა გამართლება, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდაო, მაგრამ გვინახავს, პირველი პირები როგორ ტოვებენ ვიზიტებს და ბრუნდებიან, როცა იქცევა ქვეყანა. აქვე იყო, ბაქოში, და ჩამოსულიყო იმ ღამესვე. ან იქვე ეთქვა, გადავდექიო. შესაძლოა ისიც, რომ გახარია განზრახ არ მიდის, რათა პროტესტი გამწვავდეს და ამან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მოიტანოს. მერე გამოვა ივანიშვილი და იტყვის, არჩევნებს ვნიშნავო. ნულოვანი ბარიერი ექნება და არჩევნებისთვის მზად იქნება მაქსიმუმ სამი პარტია: “ქართული ოცნება”, “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, შეიძლება “პატრიოტთა ალიანსიც” გაიყვანონ, დანარჩენები ვერც მოასწრებენ მხარდამჭერების მობილიზებას და დარჩებიან ისევ პარლამენტს გარეთ. ეს სცენარი ივანიშვილისთვის ძალიან ხელსაყრელია”, - დასძენს უფლებადამცველი.

“მე მაინც ვფიქრობ, მივაღწევთ ისეთი საკანონმდებლო ორგანოს არჩევას, რომელიც შექმნის საგამოძიებო სტრუქტურას, გამოიძიებს ყველა საქმეს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს. ერთი გვახსოვდეს - ეს არის ხანგაუსვლელი დანაშაულები. 10-15 წლის შემდეგაც შეიძლება პასუხი აგებინო დამნაშავეებს…ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს იმიტომ, რომ სკამები შეინარჩუნონ. ასეთი ადამიანები საშიშები არიან, თუ დასჭირდათ, ბიძინა ივანიშვილსაც გაწირავენ ისევე, როგორც ნიკა მელია გაყიდეს. ეს ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, მას ახლა კბილებით უჭირავს გახარია, რომ იქნებ სახალხო მღელვარებას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მოჰყვეს და ამ გზით გათავისუფლდეს ამ ადამიანებისგან. ასეთი 92 კაცი უზის პარლამენტში და ახლა შეეცდება ისეთი ძალა მოიყვანოს, რომელსაც მეტად დაეყრდნობა. რიგგარეშე არჩევნები “ქართულ ოცნებას” სჭირდება. ჩვენ, ხალხმა, ამ დღეებში, სულ ცოტა, 50 წლით ვისკუპეთ წინ, დემოკრატიის გზაზე, და ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ პოლიტიკოსებს კი არ მივყვებით, მივყვებით დემოკრატიულ ღირებულებებს”, - განმარტავს ლია მუხაშავრია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა