ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2019

"გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე" - იგორ კვესელავა

რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას

"სოხუმის რეჟიმი ქართულად სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ქართველ აბიტურიენტებს უზღუდავს გამოცდებზე მისვლას"

***

"გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე" - იგორ კვესელავა

"2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანაში შეიქმნება მარვალპარტიული სისტემა და მომავალ პარლამენტში სავარაუდოდ 7-10 პარტია მაინც შევა" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანის" 20 ივნისის მოვლენებზე და მის შედეგებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე" - იგორ კვესელავა

"იგორ კვესელავას თქმით, მოვლენები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა, 20 ივნისს არ დაწყებულა. ეს პროცესი დაიწყო უფრო ადრე. ჯერ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, პატარ-პატარა, ერთკაციანი პარტიები გაერთიანდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლით, რომელსაც აქვს ფინანსური და პოლიტიკური რესურსი და მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობის გამოცდილება. ზუგდიდში შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ, მიღებული შედეგის შემდეგ, ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, გვახსოვს სანდრა რულოვსის განცხადება, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებდნენ. მაშინ ეს ვერ შეძლეს. ამიტომ ელოდნენ მომენტს, როცა ეს მომენტი დადგა, გამოიყენა ხელისუფლების შეცდომაც და საზოგადოების განწყობაც, რომელიც მოჰყვა რუსი დეპუტატის ჩამოსვლას საქართველოში. ამის შემდეგ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან მოწოდება პარლამენტში შეჭრის. ანუ ჩატარდებოდა სხდომა, მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში დამყარდებოდა ორხელისუფლებიანობა. რა თქმა უნდა, ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, მხოლოდ დაშვებას ვაკეთებ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, ამ შემთხთვევაში ხელისუფლებას, დაეთმო და შტურმით აეღოთ ქვეყნის საკნონმდებლო ორგანო? მოიქცა ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყნის უსაფრთხოება. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდლობა საქართველოში ორჯერ იყო და ამის თავიდან აცილება ვერ შეძლეს ვერც გამსახურდიამ და ვერც შევარდნაძემ. ეს იყო მესამე შემთხვევა და ხელისუფლებამ იმოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ძალის გადამეტებას, ამას გამოძიება დაადგენს და ვინც დასასჯელია დაისჯება. გახარიას ადგილზე არც მე გადავდგებოდი, მან ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე. თავადაც განაცხადა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვირიდებ, ოღონდ დაველოდოთ გამოძიებასო. გახარია საკმაოდ გონიერი მინისტრია, მან ძალიან მოთმინებით წაიყვანა მედიასთან შეხვედრა. სამწუხაროდ, ჟურნალისტთა ნაწილმა ბევრი იარლიყო მიაკრა, ჯალათი და რა არ უწოდეს. მერე ეს იარიყები გავრცელდა და დავიდა ბაზრის დონეზე. იმ დღეს ბაზარში ვიყავი და იქ ერთი კაცი ხმამაღლა ამბობდა, ჯალათი გახარია უნდა გადაგესო. ხედავთ, რა სიტუაციაა?“, - განაგრძბს გამოცემა.

"ქვეყანაში შეიქმნება მრავალპარტიული სისტემა და დღეს მოქმედი პოლიტიკური ძალებიდან 7-10 პარტია მაინც შევა პარალმენტში. იქნება სირთულეებიც, თუნდაც მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება. რაც შეეხება ოპოზიციის დათანხმება-არდათანხმების საკითხს, უმეტესობა დათანხმდება. "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ვრიანტი არ აწყობს. აწყობს სააკაშვილს პალამენტში 20-25 კაცის ყოლა, როცა ხელისუთლებაში მოსვლა უნდა? არ ვიცი, რა ტაქტიკას მოიფიქრებს "ნაცინალური მოძრაობა" და მისი ლიდერი. დღეის მდგომარეობით ყველა რესურსი, ფინანურიც და პოლიტიკურიც უკვე გამოიყენა. გათვლა, რომ ხელისუფლება უუნოროა, ეს მითიც გაქრა, ხელისუფლებამ მკაცრი ხელი აჩვენა. პოლიტიკაში მარტო მელიები და ტურები კი არ არიან, ხანდახან მგლებიც არიან. ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დათანხმდება ხელისუფლების ამ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური ძალა, გაქრება პოლიტიკური ველიდან.“, - წერს სტატიის ავტორი.

რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას

"კრემლიდან და რუსული სახელისუფლებო მედიიდან არ წყდება პროპაგანდისტული ისტერია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა საფრთხის შემცველია და რომ საქართველოში არიან „ექსტრემისტული ჯგუფები", რომლებიც რუსოფობიურ განწყობებს აღვივებენ. ამის პარალელურად, ჩნდება შეფასებები და ვერსიები, რა მიზანი ჰქონდა მოსკოვს, როცა რუსი ტურისტების ქართველი „ექსტრემისტებით" დაშინებაზე ააგო მთელი პროპაგანდა. საუბარია იმაზე, რომ მოსკოვს საქართველოსთან ბევრი პრეტენზია დაუგროვდა, თუნდაც ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნატო-ს წვრთნები და ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებაზე მუდმივი საუბრები აშშ-დან, თუნდაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის პროვოკაციული ქმედების საჯაროდ გაპროტესტება. რუსულ მედიაში ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ კრემლმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ვერა და ვერ შეძლო რუსი ტურისტების დაინტერესება ყირიმში დასვენებით და ახლა მოსკოვმა რუსი ტურისტების ქართველებით დაშინება და ფრენების აკრძალვა სპეციალურად გააკეთა სწორედ იმის გამო, რომ რუსი ტურისტები საქართველოს ნაცვლად ყირიმში წავიდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მიზანი აქვს კრემლის მიერ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში დასვენების აკრძალვას

"ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ომი ერთგვარი „შოკის ეფექტია". მოსკოვს ეგონა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი საქართველოში მოდუნებული იყო, ასევე ჩათვალა, რომ ეკონომიკურად იმდენადაა საქართველო რუსეთზე დამოკიდებული, რომ მიზანი 90%-ით მიღწეულია და თუკი საქართველოს დააშინებს ეკონომიკური სანქციებით, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობაც და ხელისუფლებაც რუსეთს დაუთმობს. „რუსეთმა ბოლო 7 წლის განმავლობაში დიდი შრომა გასწია, რომ ქართულ მოსახლეობაში ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი მოედუნებინა და ასევე საქართველო მეტად დამოკიდებული გაეხადა რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ კრემლს ეგონა, რომ მიზანი 90%-ით მიღწეული ჰქონდა, ოკუპაცია აღარ აღელვებს ქართველ ხალს და თუკი ეკონომიკურ სანქციებზე ალაპარაკდებოდა კრემლი, ამით საქართველოს მოსახლეობა დაშინდებოდა და საკუთარ ხელისუფლებას მოსთხოვდა, რუსეთისთვის დაეთმო. თუმცა, ამ ფონზე, ქართველების მიერ რუსი დეპუტატის გავრილოვის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება იყო გარკვეული შოკი კრემლში და ამ შოკის ფონზე მიიღეს ემოციური გადაწყვეტილებები, რომლის შემდეგ უკან დახევა არ გამოსდით და ცდილობენ უფრო გაამწვავონ სიტუაცია,"- ამბობს ცქიტიშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, რამდენად დააზარალებს რუსული სანქციები საქართველოს, ეს არ ვიცით, თუმცა რუსეთი ამ ომით ვერაფერს მოიგებს, ვერც იმას შეძლებს, რომ ანტიქართული პროპაგანდის გამო საქართველოზე უარის მთქმელი რუსი ტურისტი ყირიმში ჩაიყვანოს. „რაც არ უნდა ია-ვარდები დაუფინონ რუსებს ყირიმში, რუსები იქ არ წავლენ. ერთი, რომ ყირიმში ინფრასტრუქტურა საბჭოთადროინდელია და რუსებს საბჭოთა კავშირში დასვენება არ ხიბლავთ. თანაც, წერენ, რომ ყირიმი ძვირია და მაგ ფასად თურქეთშიც შეიძლება დასვენება. ყირიმის ანესიის პირველ წლებში დიდი პროპაგანდა იყო ატეხილი, რომ რუსებს ყირიმში დაესვენათ და მაშინაც არ გამოუვიდათ ეს," - ამბობს ცქიტიშვილი. რუსეთის ხელისუფლებამ 21 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური ომი გამოეცხადებინა და წინასწარ გაცხადებულია, რომ 8 ივლისიდან ფრენები იკრძალება. ასევე რუსულ მედიაში აქტიურად მიდის პროპაგანდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა სახიფათოა, რუსოფობი „ქართველ ექსტრემისტების"გამო. რუსეთში მოსახლეობის რაღაც ნაწილი ამ პროპაგანდას აჰყვა, ნაწილი კი საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას მაინც გეგმავს. თავად კრემლის ლიდერებიც აღიარებენ, რომ მათი გაფრთხილების მიუხედავად რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში მაინც ჩადის და მომავალშიც გეგმავს ჩასვლას სხვადასხვა შემოვლითი გზით. ინტერნეტში გაჩნდა კიდეც სტატიები, რა გზებით შეიძლება ჩავიდნენ რუსეთიდან ტურისტები საქართველოში. იწერება ის, რომ ახლა რუსი ტურისტები ცდილობენ ტუროპერატორების გვერდის ავლით და შემოვლითი გზებით მაინც ჩავიდნენ საქართველოში და დაისვენონ. ამ გზებს შორის არის ჯერ ჩაფრენა აზერბაიჯანსა და სომხეთში და შემდეგ იქიდან საქართველოში გამომგზავრება. ასევე იწერება ისიც, რომ რუსეთი ვერ დახურავს ლარსის გამშვებ პუნქტს, რადგან ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და საქართველოს სამხედრო გზა ჩრდილოეთ ოსეთიდან ლარსის გავლით ისევ რჩება ღია”, - განაგრძობს გამოცემა.

"კრემლის ანტიქართული პროპაგანდის შემდეგ „ნოვაია გაზეტა" წერს, რომ 8 ივლისიდან რუსი ტურისტების დიდმა ნაწილმა ყოველგვარი ტუროპერატორის გარეშე უნდა დაგეგმოს საქართველოში ჩასვლა და დასვენება, ამისათვის კი დარჩენილია ერთადერთი პირდაპირი გზა - ვლადიკავკაზიდან ლარსის გამშვები პუნქტით თბილისამდე. ამ მარშრუტს გადის გამოცემის ორი ჟურნალისტიც, ქართველი ტაქსის მძღოლთან, ერთ ჩეჩენთან და ერთ კაზაკთან ერთად. ჟურნალისტები წერენ, რომ ვლადიკავკაზის ავტოსადგურზე 20-მდე პატარა მინივენი თუ მსუბუქი ავტომანქანაა რუსული, სომხური თუ ქართული ნომრებით და 500-600 რუბლად შეგიძლია თბილისში წასვლა. წერენ, რომ ტაქსისტები წუხილს გამოთქვამენ მგზავრების სიმცირის გამო, რომ მათი თქმით, გასულ წელს ოსები და რუსები ბათუმში ბევრი მიჰყავდათ, ახლა კი, რამდენიმე დღეა ნახევრად ცარიელი მანქანებით უწევთ სიარული”, - დასძენს გამოცემა.

"რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ზემო ლარსზე „დუტი ფრიში" ცოტა ხალხი ხვდებათ, რუსეთში უკან დამბრუნებელ რუს ოჯახს საქართველოზე შთაბეჭდილებებს ეკითხებიან და ისინი პასუხობენ, რომ ქართველებისგან მხოლოდ კეთილგანწყობა მოდიოდა და აგრესია არსად უგრძვნიათ. შემდეგ ჩერდებიან საქართველოს სამხედრო გზაზე სოკოებივით მიმოფანტული რესტორნებიდან ერთ-ერთში, სადაც მეპატრონე უკმაყოფილოა, რომ ბოლო დღეებია ტურისტების ნაკადმა ძალიან იკლო და სასტუმროები და რესტორნები პოლიტიკის გამო ნახევრად დაცარიელდა. სასტუმროს მეპატრონე ვარაუდობს, რომ მოსკოვმა რუსი ტურისტების შემოსვლა აკრძალა იმის გამო, რომ რუსები ყირიმში წავიდნენ და არა საქართველოში. მსგავსი ვერსიები აქვთ სხვებსაც. მეორე რესტორნის ქართველი მფლობელი ამბობს, რომ რუსეთიდან რამდენიმე კლიენტმა დაურეკა შეშფოთებით, რომ რუსული მედია აფრთხილებს, არ ჩავიდნენ საქართველოში და ამიტომ წელს ყირიმში წავლენ. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ საღამოსთვის უკვე თბილისში არიან, მიდიან რუსთაველზე აქციაზეც, სადაც პლაკატებია, „გახარია წადი" და „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ". გასცდები რუსთაველს და უკვე მეორე სამყაროში ხარ, რომელსაც არაფერი აკავშირებს პირველ სამყაროსთან - რესტორნებში სხედან ადამიანები, ქუჩებში დადის ხალხი, სიმშვიდეა, არაფერს ეტყობა, რომ სულ ახლოს აქციაა. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ჩეჩენი და უზბეკი თანამგზავრები თბილისით აღფრთოვანებას არ მალავენ. ამბობენ, რომ აი, ეს არის ევროპა და გეგმავენ ბათუმში დასვენებას”, - წერს სტატიის ავტორი.

"სოხუმის რეჟიმი ქართულად სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ქართველ აბიტურიენტებს უზღუდავს გამოცდებზე მისვლას"

"სოხუმის რეჟიმი ქართველი მოსწავლეების შევიწროებასა და ერთგვარ „დასჯას" აგრძელებს. გალის სკოლების დაბალ კლასებში ქართულად სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ვერ ახერხებენ, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ენგურის ხიდზე მიმოსვლა ჩაკეტა. სოხუმის რეჟიმი არ აპირებს მიმოსვლის ნებართვა დაუშვას ქართველ აბიტურიენტებზე. რის გამოც გალში ჩარჩენილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი პირველ გამოცდას ვერ დაესწრო. რა იქნება შემდეგ, როდის გაიხსნება მიმოსვლა, ჯერ უცნობია. მიმოსვლის ნებართვა სპეციალური საშვით მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებისთვისაა დაშვებული, რომ თავად აფხაზეთს არ შეექმნას ელექტროენერგიის პრობლემა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გალელი 185 აბიტურიენტიდან უმეტესობამ გამოცდაზე დასწრება ვერ შეძლო / სოხუმის რეჟიმი ქართულად სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ქართველ აბიტურიენტებს უზღუდავს გამოცდებზე მისვლას

"აფხაზურმა მხარემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, "თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება". განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. უწყება მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს, ეროვნულ გამოცდებში იმ მომენტიდან ჩაერთონ, რა დროსაც ხიდის გადმოლახვას მოახერხებენ. „ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში ჩაერთონ,"-ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, სამინისტრო დააკვირდება პროცესს და საბოლოო ჯამში, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველყოფენ ამ აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას. გალის სკოლებიდან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული და მათი აბსოლუტური უმეტესობა გამოცდაზე ვერ მიდის. გალის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა შონია „რეზონანსთან" ამბობს, რომ გალის ოკუპირებული რაიონიდან 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან მცირე ნაწილი გადმოსულია ე.წ. საზღვარზე, მნიშვნელოვანი ნაწეილი კი გზის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ მხარეს რჩება, რის გამოც აბიტუიენტებიც და მათი მშობლებიც შეშფოთებულები არიან და ითხოვენ გარკვევას, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა”, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, აფხაზურ მხარესთან კომუნიკაცია იყო, რომ აბიტურიენტების გამოშვება მომხდარიყო, თუმცა უშედეგოდ. „მთელი მთავრობა ჩართულია, რომ ამ ბავშვების დასახმარებლად ღინისძიებები გატარდეს და რა სახის იქნება ეს, როგორ შეძლებენ ეს ბავშვები შემდგომ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უახლოეს დროში გახდება ცნიბილი. ამ აბიტურიენტების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. აფხაზური მხარე ყველანაირად ცდილობს, შეაფერხოს აბიტურიენტების გადმოსვლა და თვლიან, რომ ამ ბავშვებმა სწავლა ან სოხუმში გააგრძელონ, ან ადგილზე დატოვონ," - ამბობს შინია. აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში სულ 30 სკოლაა დარჩენილი და წლებია ამ სკოლებში ქართულად სწავლება იზღუდება. „ეს თემა წლებია პრობლემურია. ამ სკოლებში მე-8 კლასის ჩათვლით სწავლება მთლიანად რუსულად მიმდინარეობს. სამი წლის შემდეგ კი ყველა ამ სკოლაში ქართული კლასიც აღარ იქნება და სწავლება ბოლომდე რუსულენოვანი გახდება," - ამბობს შონია“, - დასძენს გამოცემა.

"ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 1-ელ ივლისს საქართველოს 11 ქალაქსა და 23 საგამოცდო ცენტრში დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. წელს გალის 30 სკოლა სულ 410-მა მოსწავლემ დაამთავრა. აბიტურიენტად რეგისტრირებულია 185-მდე. 2005-წლიდან 2018 წლის ჩათვლით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან სულ 4237 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და ჩარიცხულია 1300-მდე. ბოლო სამი წლის მონაცემი წლების მიხედვით კი ასეთია: 2018 წელს გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებილი 30 სკოლა დაამთავრა - 372-მა მოსწავლემ, აბიტურიენტად დარეგისტრირდა -244 და ჩაირიცხა - 138. 2017 წელს სკოლა დაამთავრა 362-მა, აბიტურიენტად დარეგისტრირდა - 211 და ჩაირიცხა 120. 2016 წელს სკოლა დაამთავრა 348-მ, აბიტურიენტად დარეგისტრირდა 205 და ჩაირიცხა - 84”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა