ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2019

რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს

რომელ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა?

***

რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს

“20 ივნისის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი გამოიწვია, რუსეთმა ისტერიული ანტიქართული პროპაგანდა დაიწყო. როგორც ანალიტიკსოები "რეზონანსთან“ აცხადებენ, ისტერიკამ პიკს 21-23 ივნისს მიაღწია. გაჩნდა გარკვეული საფრთხე, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას რაღაცისთვის ამზადებდა. თუმცა გამოჩნდა, რომ რუსების დიდ ნაწილზე ამან არ გაჭრა და კრემლმა ტაქტიკა ნაწილობრივ შეცვალა. 20 ივნისის მოვლენების გადაბრალება სხვა, „გარე მტრებზე“ დაიწყო”,- წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს / "ათ დღეში რუსეთს საქართველოში 7 წლიანი ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა"

"რუსული ნარატივის მიხედვით, რუსთაველზე გამართული აქციები რუსოფობიური ხასიათისაა, მათ უკან მიხეილ სააკაშვილი დგას და ეს პროტესტი წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. რუსეთის ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მანქანის შესანახად ყოველწლიურად ოფიციალურად მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად თანხა გაცილებით მაღალია. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა ძირითად ტელეარხს, გაზეთსა და ონლაინ გამოცემას ფლობს, და აფინანსებს ისეთ პროპაგანდისტულ საერთაშორისო მედიასაშუალებებს, როგორიცაა ტელეარხი RT და სააგენტო Sputnik. მაგალითისთვის ორი დღის წინ, რუსეთის პირველ არხზე მომზადებული სიუჟეტი აჭარის შესახებ გამოდგება. ჟურნალისტი სიუჟეტში ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თურქული გავლენის გაზრდაზე საუბრობს. სიუჟეტის ტექსტი მკაფიოდ ანტიქართული, ანტითურქული და პროვოკაციულია. ნათელია, რომ სიუჟეტი ბოლო დღეებში განვითარებული პროტესტის საპასუხოდ მომზადდა და მის ავტორებს სურდათ იმის ჩვენება, რომ საქართველოსთვის სინამდვილეში საფრთხე არა რუსეთი, არამედ თურქეთია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აჭარა თურქულ რეგიონად გარდაიქმნება. ინტერესი აჭარის მიმართ 2.5 მილიარდი დოლარით არის გამყარებული, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ანკარამ ჩაასხა. ბათუმის მოსახლეობის შთამბეჭდავი რაოდენობა, 15 % ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქული დიასპორაა - რბილი ძალა, რომელიც შესაძლოა დამპყრობლად იქცეს“, - ასე საუბრობს სიუჟეტში რუსი ჟურნალისტი. მთელი სიუჟეტის განმავლობაში რუსი ჟურნალისტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს. ფაქტებზე მეტად ის შეფასებებსა და პროპაგანდისტულ გზავნილებზეა აგებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბოლო ათ დღეში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. ამიტომაც 20 ივნისიდან რუსულ არხებზე ისტერიული ანტიქართული პროპაგანდა დაიწყო”, - განაგრძობს გამოცემა.

"კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ესაა კრემლის ჩვეული რბილი ძალა, რომელსაც ის უკვე ათეულობით წლებია მსოფლიოში აქტიურად იყენებს. ცნობისათვის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ახლა მოცდა მოუწევთ. „ბოლო ათი დღის განმავლობაში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა და გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოკუპანტის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამიტომ, აგონიური განცხადებები, მუქარა თუ შეპირებები, რომელიც როგორც რუსულ მედიაში, ასევე რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის, გასაკვირი არ არის და აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მორიგჯერ დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა ქვეყანაში. ამიტომაც დაიწყეს ახალი მტრების ძიება და რუსულმა მედიამაც აქცენტების გადატანა თურქეთზე და ამერიკაზე დაიწყო,“ – გვითხრა კაპანაძემ. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 21 დან 23 ივნისის ჩათვლით რუსული მედია საქართველოს მიმართ ძალიან აგრესიული იყო. თუმცა ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და შიდა აუდიტროიაზე ამან არც თუ ეფექტურად იმოქმედა. ამიტომაც სტილი შეცვალეს, ქართველების და რუსების დაპირისპირებაში დამნაშავის ძიება სხვაგან დაიწყეს. „რუსულ მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა უკანდახევა შეიმჩნევა. დაიწყეს ქართველების და რუსების დამაპირისპირებელი „მტრების“ ძიება. რუსულმა პროპაგანდამ ახლა ისრები თურქეთსა და ამერიკაზე გადაიტანა. დაიწყეს სიუჟეტების მომზადება, სადაც ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს აქციები თურქების და ამერიკელების მოწყობილია, რათა ეს ორი "მეგობარი“ ერი ერთმანეთს დაუპირისპიროს”, - დასძენს გამოცემა.

"რუსებმა დაინახეს, რომ მათი შეფასებები ირაციონალური იყო და საინფორმაციო ომს ამ ფორმით ვეღარ იგებდნენ. ბევრმა რუსმა ტურისტმა თქვა, რომ საქართველოში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ და მაინც ჩამოვიდოდნენ. ამიტომაც ტაქტიკის შეცვლა დაიწყეს“, - აცხადებს შარაშენიძე „რეზონანსთან“. რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალზე რუსეთის მხრიდან აპელირებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ გარკვეული ზარალი იქნება, მაგრამ ეს კატასტროფულ სახეს არ მიიღებს. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის 7% ტურიზმზე მოდის და აქედან 2% შესაძლოა რუსები იყვნენ. ზარალმა შესაძლოა მხოლოდ 1% შეადგინოს, რადგანაც რუსი ტურისტების დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოში მუდმივად ჩამოდის, პუტინის მოწოდებებს არ გაითვალისწინებს. „რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, რუსული პროპაგანდა დიდად გავლენას ვერ ახდენს. ეს უფრო შიდა აუდიტორიაზე არის გათვლილი და როგორც უკვე აღვნიშნე, აქაც გამოჩნდა, რომ დიდად გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენთვის მედია პროპაგანდა საინტერესო იმით არის, რომ რეალურად წინასწარ გვამცნობს რა შეიძლება კრემლმა მოიმოქმედოს. როცა 21- დან 23 ივნისამდე რუსულ მედიაში ძალიან ისტერიული პროპაგანდა დაიწყო, ამას შეიძლება რეალური საფრთხეები მოჰყოლოდა და არ იყო გამორიცხული სამხედრო ინტერვენციაც დაეწყოთ. ჩვენ ვიცით, რომ სანამ სამხედრო ძალას გამოიყენებენ, მანამდე მსხვერპლი ქვეყნის დემონიზებას ახდენენ, რათა მათი მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ იქ რაღაც კატასტროფა ხდება და ჩარევა აუცილებელია. კარგია, რომ ეს ისტერია მედიაში შეიცვალა“, - აცხადებს შარაშენიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

რომელ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა?

"გაერთიანებული ოპოზიცია", რომელიც არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესში, აცხადებს, რომ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც "ქოცების" უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს პარლამენტში და ეს თავყრილობაც საკუთარი "ოცნების" ახდენის მექანიზმად ჩათვალეს. ამ მოსაზრებას კატეგიორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელისუფლების ინიციატივა მიიღო. მათი აზრით, პროპორიცული არჩევნები არის პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მონაპოვარი და ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რომელ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა?

"პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მონაპოვარი მართლაც მნიშვნელოვანია და ცალკეული პოლიტიკური პარტიების კაპრიზების გამო ეს პროცესი არ უნდა ჩაიშალოს. "შანსებზე, და იმაზე საუბარი, რამდენი პარტია შევა მომავალ პარლამენტში, ან ვინ რამდენ მანდატს მიიღებს, ნაადრევია. დღეს დღის წესრიგში დგას, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების კაპრიზების და პრანჭვა-გრეხის გამო ეს პროცესი დროში არ გაიწელოს, ან საერთოდ არ ჩაიშალოს. "ოცნებამ" ეს ვარიანტი თავისი ბუდიდან კი გადმოაგდო, მაგრამ თუ ჩაიშლება, ეცდება პასუხისმგებლობა სხვებს აკიდოს. "რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობს და ლეგენდა - "ოცნებას" აცოცხლებენ "ნაციონალები", ისევ არსებობს. ამიტომაც თქვა დავით უსუფაშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ძეობაში ვართ თუ პანაშვიდზეო, ისე ჩამოსტირით სახეები ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს; და ძალიან კმაყოფილებიც იქნებიან, თუ ეს საკითხი საერთოდ არ გავა და 2020 წლის არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. მერე კი ერთმანეთს გადააბრალებენ. ამიტომ, დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც მხარს უჭერს 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ფრთხილად უნდა იყოს, სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა და აიძულონ ხელისუფლება ეს საკითხი დროზე დადგეს კენჭისყრაზე," - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პროცესიის ჩაშლის საფრთხეს გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, საკითხი უკვე რეგისტრირებულია, ორ კვირაში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე კი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტმით ჩატარების საკითხს კენჭი ეყრება. "პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანი საკითხია და საქართველოს ისტორიაში პირველად შეიქმნა პრეცედენტი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა დიალოგი. ჩვენ უკვე დავიწყეთ კოორდინირებული მუშაობა. საკითხი უკვე რეგისტრირებულია. ორ კვირაში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე კი კენჭი ეყრება. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში იქნება პრობლემები. პირველივე შეხვედრაზე უკვე იყო აზრთა სხვადასხვაობა როგორც ბლოკებთან, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, იგი ვაჭრობს და თავის ამომრჩეველს ეთამაშება. გამორიცხული არ არის, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს ხელის შეშლას და უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდნენ, თუმცა ეს მომგებიანი ვერ იქნება და შეიძლება საერთოდ ამ პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციის პროცესი დაიწყოს. დაშლის ნიშნები უკვე სახეზეა, რადგან "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალი პარტიების უმეტესობა მომხრეა 2020 წლის არჩევნების პროპორიცული სისტემით ჩატარების. "ევროპულ საქართველოს" ხელს აძლევს, თუ "ნაცმოძრაობის" მარგინალიზაციის პროცესი დაიწყება, რაც საშუალებას აძლევთ გადმოიბირონ მათი ელექტორატი და შემიდეგ კი საერთოდ ჩაანაცვლონ. ამიტომაც ეუბნება, ძმებო, თქვენ მიხედეთ აქციებს, ჩვენ საწყალი ხალხი ვიქნებით პარლამენტშიო. ანუ "ნაციონალებს" უშვებს ექსტრემიზმზე, თავად კი კონსტრუქციული პოლიტიკური ძალის სახეს შეინარჩუნებს," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს