აჭარის უმაღლესი საბჭო მზადაა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს

აჭარის უმაღლესი საბჭო მზადაა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს

აჭარის უმაღლესი საბჭო მზადაა ოპოზიციის წინადადება მიიღოს და უმაღლესი საბჭოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს, - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებისას არჩევნების შერეულ სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიისთვის მზადყოფნა თავიდანვე გამოთქვა.

„შერეული სისტემა დარჩა იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების პერიოდში მოსახლეობა ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, თუმცა მაშინვე განვაცხადე, რომ ამ საკითხზე დისკუსია ღიად რჩებოდა. ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მექანიკურად ვერ გადმოვიტანთ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები ოპოზიციასთან როგორც საერთო, ასევე ინდივიდიალურ რეჟიმში", - განაცხადა დავით გაბაიძემ.

შეგახსენებთ, 8 პოლიტიკური პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომდგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს და შესაბამის მიმართვას ხელი მოაწერეს.