კახეთში ხორბლის მოსავლის აღება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიმდინარე სამუშაო პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებთ, წარმატებულია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50%-იანი თანადაფინანსებით, ფერმერებს საშუალება მივეცით ტექნიკა შეეძინათ. გარდა ამისა, გასულ წელს შევიძინეთ 30 ერთეული კომბაინი; სამუშაო პროცესში ამ ტექნიკის ჩართულობის შედეგია სწორედ, რომ შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ალოობა. წარმატებით დამთავრდა მოსავლის აღება ალაზანზე, მიმდინარეობს შირაქში და გაგრძელდება ქართლში. ფერმერები კმაყოფილი არიან; თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სახელმწიფო პროგრამები მათ წარმატებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“.

მათივე ცნობით, „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, 2018 წელს, გარემო პირობებზე ადაპტირებული 30 ერთეული მარცვლეულის ამღები ახალი კომბაინი შეიძინა, რითაც გასულ წლებში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული შეფერხებების პრობლემა გადაიჭრა.

„კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში - 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა მოსავლის აღება აგროვადების დაცვით მოხდეს.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარზე ხორბალი.

ხორბლის აღების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მურთაზ ყიფიანი და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა