ქართული პრესის მიმოხილვა 05.07.2019

რა ახალი სამხილები აქვს პროკურტურას, რითაც ამტკიცებს, რომ "გავრილოვის ღამეს" გადატრიალება იგეგმებოდა

"ყველამ კარგად ვიცით, ვინ აყრის პილპილს ამ სიტუაციას. ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები"

***

რა ახალი სამხილები აქვს პროკურტურას, რითაც ამტკიცებს, რომ "გავრილოვის ღამეს" გადატრიალება იგეგმებოდა

“სახელმწიფო გადატრიალება, ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება. პროკურატურამ 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე გამოძიების პირველადი შედეგები წარმოადგინა. შესაძლოა ნიკა მელიას გარდა ბრალი სხვებსაც წაუყენონ. თუმცა უწყებას ბრიფინგზე ახალი მტკიცებულებების შესახებ კონკერტულად არ უსაუბრიათ. ამიტომაც ისმება კითხვა, რამდენად რეალური მტკიცებულებები აქვს პროკურატურას იმისთვის, რომ ამ ვერსიის დამტკიცება შეძლოს. იურისტები და პოლიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ 2016 წლიდან მსგავსი მუხლებით დაწყებული გამოძიება არა ერთი ყოფილა, თუმცა ბოლომდე დასრულებეული არცერთი გვინახავს და არც ვინმე პასუხისგებაში მიცემული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ახალი სამხილებები აქვს პროკურტურას, რითაც ამტკიცებს, რომ "გავრილოვის ღამეს" გადატრიალება იგეგმებოდა

"იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურამ უნდა ახსნას, ამ ორ კვირაში რა ისეთი მტკიცებულებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც მუხლის ასეთი მძიმე ფორმით გადაკვალიფიცირება მოხდა. მათი აზრით, არსებული საჯარო მასალებისა და ანალიზის მიხედვით, 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი ნამდვილად შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი, რაზეც საუბარი იყო და ოპოზიციის მხრიდან ამაზე მზაობაც გამოითქვა. იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურამ ასევე უნდა დაადგინოს და გამოკვეთოს ვინ იძლეოდა უკანონო ბრძანებებს. მათი თქმით, პოლიციას არ გააჩნდა აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა. პოლიციამ მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკრად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არ იყვნენ შეიარაღებულები და პარლამენტში შესვლას არა სამუშაო საათებში ცდილობდნენ. მათი აზრით, ორივე მხრიდან იყო კონკრეტული დარღვევები რაზეც პროკურატურამ ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე საგამოძიებო უწყება მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება. „ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ძალების უშუალო ძალისხმევით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შსს-ში გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის 225-ე და 315 მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს, ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უახლოეს მომავალში გაიზრდება ბრალდებულთა რიცხვი, რის შესახებაც საზოგადოება პერიოდულად იქნება ინფორმირებული, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ მოახერხეს აღნიშნული მცდელობის განეიტრალება და გამოძიების ფარგლებში შესაბამისი მასალების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

"პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზეც. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, მედიის წარმომადგენლები და საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებების სახით გამოითხოვა ტელევიზიაში გასული კადრებიც. საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება, რისთვისაც სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანზაციებთან თანამშრომლობს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან გარკვეული ჟონგლიორობა ვიხილეთ, რათა თემების ერთმანეთით გადაფარვა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მოხდეს. მისივე თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის მუხლით არაერთი საქმე აღძრა, თუმცა არც ერთი გამოუძიებია. ამიტომაც ამ გამოძიებასაც მსგავსი ბედი ეწევა. „პროკურატურას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გაუჟღერებია. თუ საქმის კვალიფიკაცია შეცვალეს, ამისთვის უნდა ჰქონდეთ კონკრეტული საბუთები: ვინ რა და როგორ დაგეგმა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეს მეხუთე თუ მეექვსე შემთხვევაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ვიღაცეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა. მერე იწყება ეს გამოძიება, მაგრამ ბლომდე არც ერთი მათგანი არ მიდის. მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი, მტკიცებულებებით გამაგრებული მე ვერცერთი ეს გამოძიება ვერ ვნახე. თუკი არის ასეთი საბუთები, მაშინ უნდა იმოქმედონ სწრაფად და ეფექტურად. თუმცა გამოსაძიებელია, როგორც კორდონის გარღვევის მცდელობა, ასევე გამოსაძიებელია მეორე ნაწილი - მოქალაქეების დასახიჩრების ფაქტები გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენებით,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება თავის ქმედებებში არაპროგნოზირებადია, ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ მელიას გარდა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენონ. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილსაც აბრალებდნენ, რომ ტერორისტია და ახლა ეს კაცი ქუჩაში თავისუფლად დადის. არაფერსაც არ უმტკიცებენ. ამიტომაც უსუფაშვილს ამ ხელისუფლების არცერთი ნათქვამი სიტყვის არ სჯერა”, - დასძენს გამოცემა.

"იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსგავსი მძიმე მუხლებით გამოძიების დაწყება მყარ მტკიცებულებებს და ახალ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს. პროკურატურამ მშრალი განცხადების მაგივრად კონკრეტულად უნდა ახსნას, ამ ხნის განმავლობაში რა ისეთი მტკიცებულებების მოპოვება შეძლეს, რომლის მიხედვითაც მუხლები ასე მძიმე კატეგორიებად გადაკვალიფიცირდა. 2016 წლიდან დღემდე მოყოლებული ბევრი მსგავსი გამოძიება გვინახავს, რომელიც დასრულებული და პასუხისგებაში ვინმე მიცემული არასდროს ყოფილა. ეს აქცია არ იყო პარტიული და პოლიტიკური აქტივის მიერ მართული. ეს იყო აქცია, რომელიც გაბრაზებული და აღშფოთებული ხალხისგან შედგებოდა. ამიტომაც უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ორგანიზება და შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ცოტა ლოგიკას მოკლებულია. „ხელისუფლებას ჰგონია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს თუ დააშინებს და დააკავებს, ამით ის საპროტესტო მუხტი გაქრება, რომელიც გავრილოვის გამო დაიწყო. ეს უფრო ხელისუფლების მხრიდან თემის გადაფარვა და როგორმე საკუთარი დანაშაულის ვინმზე გადაბრალების მცდელობა მგონია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაცის გასაპროტესტებლად სპონტანურად ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლების ქმედება დაგმოს. 20 ივნისის ქრონოლოგიას თუ გავყვებით, კარგად დავინახავთ, რომ ეს იყო გაბრაზებული ხალხის სპონტანური შეკრება. კადრებში კარგად ჩანდა, რომ დაკავებულ ადამიანებს არანაირი შეიარაღება არ ჰქონდათ და სრულიად შიშველი ხელებით ხელისუფლების ქმდებას აპროტესტებდა. არასამუშაო საათებში, როდესაც პარლამენტში შიშველი ხელებით შედიხარ და ამ ყველაფერს კობახიძის უგუნური განცხადება უძღვის, ეს სახელმწიფო გადატრიალება ვერ იქნება. გასაგებია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან იყო არასწორი და უპასუხისმგებლო მოწოდებები, მაგრამ ეს სახელმწიფო გადატრიალებას არ ნიშნავს“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ასევე გაუგონარია და პროკურატურამ ესეც უნდა გამოიძიოს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები გახარიასთან მოლაპარაკებაზე მიდიან და მოულოდნელად დარბევა იწყება. თუკი გადატრიალება სურდათ, მოლაპარაკებაზე რატომ მიდიოდნენ? ასევე რა შეიცვალა ხუთ წუთში ისეთი, რომ აქციის დარბევის აუცილებლობა გაჩნდა? მუხაშავრია ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება თუ შიშველი ხელებით, ცარიელ პარალმენტში ხდებოდა, მაშინ საქართველოს პროკურატურა მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც ამის დამტკიცებას შეძლებს. ხოლო თუ ეს დაამტკიცა, მაშინ გამოვა, რომ საქმე უფრო ცუდად გვქონია ვიდრე გვეგონა, რადგანაც მშვიდობიანი მომიტინგეები სახელმწიფო გადატრიალებას გიწყობენ და წინასწარ ამის თავიდან აცილებას ვერ ახერხებ”, - წერს სტატიის ავტორი.

"ყველამ კარგად ვიცით, ვინ აყრის პილპილს ამ სიტუაციას. ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები"

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხდეს შინაგან საქმეთა სამინისტოში გამოკითხვაზე მისვლაზე. ამის გამო შსს-მ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა, რასაც ითხოვენ ოპოზიციის ლიდერები. ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება სს კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ბრალი "ნაციონალური მოძრაბის" დეპუტატს ნიკა მელიას უკვე აქვს წარდგენილი. ამჟამად მას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიცია და სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უგულავა, ოქრუაშვილი და ბარამიძე სასამართლოში მისვლაზე, უცნობია. ოქრუაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და დისტანციურ გამოკითხვაზეა თანახმა. უგულავა კი კოლეგებთან ერთად მივლინებით გერმანიაში მიემგზავრება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ყველამ კარგად ვიცით, ვინ აყრის პილპილს ამ სიტუაციას. ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები"

"პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებში ამ ადამიანების მისვლა-არმისვლის საკითხი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი კანონს პატივს არ სცემენ და მათთვის კანონი მიუღებელია. "ეს ისეთი ბრალდებაა, რომ თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული იპოვონ სიმართლე. ევროპული სტანდარტები ირღვევაო აპროტესტებენ და თვითონ არღვევენ ევროპულ სტანდარტებს, რაც კანონის პატივისცემას და უზენაესობას ითვალისწინებს. კანონი უნდათ დაამკვიდრონ ქვეყანაში და თვითონ კანონს ანგარიშს არ უწევენ, ეს არის გაუგებარი და სამწუხარო. ან სხვა მიზეზია, და დიდი ალბათობით უკავშირდება დროის გაჭიანურებას და პროცესის შეყოვნებას. ვიცით, რომ 18 ივნისს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება გახდება ცნობილი. თუ მათთვის სასიამოვნო გასაგები არ იქნება, პროტესტი ახლა "რუსთავი 2"-ის თემაზე ააწყონ", - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"უფლებადამცველი ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებით ცდილობს საპროტესტო მუხტი ჩააქროს. "სამართლებრივი კუთხით, მათ აქვთ უფლება, რომ მოითხოვონ გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში, მაგრამ თუ საერთოდ უარს იტყოდნენ, პროკურატურას ჰქონდა უფლება იძულებით მათი მიყვანა პროკურატურაში. საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ეს ხალხი ჩვენ გვიწერს კანონებს და თვითონ არღვევენ. ამ სამიდან ორი დღესაც მოქმედი პარლამენტარია, ერთი ყოფილი იუსტიციის და შს მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი. რა საშიშია შსს-ში ან პროკურატურაში მისვლა? აუტანელი გახდა მშიშარა კაცების ყურება, რას პოზიორობენ. თუ იციან, რომ დაიჭერენ, ამას ვერ აცდებიან. რაც არ უნდა თავი იმართლოს ადამიანმა ოჯახში, სასამართლოში თუ საზოგადოებაში, თვითონ ხომ გულის სიღრმეში იცის, არის თუ არა დამნაშავე? მაგრამ, ეტყობა უგულავას, ოქრუაშვილს და ბარამიძეს გმირებად უნდა იქცნენ. ხომ, ვნახეთ "რუსთავი 2"-ის მიერ გადაღებული კადრები, როგორ ემშვიდობება ნიკა მელია ოჯახს, როგორ ჩამოდის კიბეებზე, როგორც შედის სასამართლოში და ა.შ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ხელისუფლების ამ ქმედებასაც რა ჰქვია? მე-15 დღეს რომ შემოიტანეს ეს საკითხი. დანაშაული თუ ჰქონდათ ჩადენილი პირველივე საათებში რატომ არ დააკავეს, ან სახლში არ მიაკითხეს. ახლა ალბათ უნდათ, რომ ესენი შეშინდნენ და გაააჩუმონ, უთხრან ძალიან ცხელა, პაპანაქებაა და ცოტახნით წადით და დაისვენეთო. ამასობაში ფიქრობენ, რომ აქციებიც ჩაცხრება. 7 ნოემბერს გენერალური პროკურორი ნიკა გვარამიაც გამოვიდა საჯაროდ და თქვა, აქციის მონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ და ყველამ პასუხი უნდა აგოსო, მერე ხომ არ შესრულდა... საქმე ისაა, რომ ყველამ კარგად ვიცით, ვინ აყრის პილპილს ამ სიტუაციას. ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები, ამით შეინარჩუნებს ხელისუფლებასაც და პარლამენტშიც შევა სააკაშვილის "ნაციონალები", "ევროპული საქარველო" და კიდევ ერთი-ორი პარტია. ასეთი სცენარები ბევრჯერ გვინახავს და გამოცდაში აღარ ჩავიჭრებით. ისე, ნურავის ჰგონია, რომ ასეთი მეთოდებით აქციები ჩაწყნარდება", - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო