ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. შელიას თქმით, სხდომაზე ააიპ-ებში გაფორმებული აქტივისტები მოიყვანეს, რომლებიც მის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
"„მე გუშინაც ვთქვი კომისიის სხდომაზე, რომ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, მართლა მაინტერესებდა უმრავლესობის დეპუტატების აზრი, თუ რას ფიქრობენ 20 ივნისის მოვლენების შესახებ. დღეს დავინახე „ქართული ოცნების“ უნიჭო "პიარშიკების" მიერ დადგმული სცენები. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო ინტელექტუალური პაექრობა, ააიპ-ებში გაფორმებული „ქართულ ოცნების“ აქტივით ამივსეს დარბაზი, ვითომ აპროტესტებდნენ ჩემს გამოსვლას. ეს რომ აღვკვეთეთ, უკვე თვითონ გადმოვიდნენ აგრესიაზე. ხელისუფლების უპასუხისმგებლო წევრები სხედან საკრებულოს სხდომაზე, არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ვანდოთ მომავალი“, - განაცხადა შელიამ.
რაც შეეხება პაატა ადამიას, მან აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე საკრებულოს წევრებს სიმართლის მოსმენა არ სურთ. ადამია ამბობს, რომ შს მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა.
„ყველამ კარგად იცის, თუ რა ხდება ქვეყნაში და რაც მოხდა 20 ივნისს, რაზეც პასუხისმგებლობა არ აიღეს. კობახიძე გადადგა და ეს იყო მისი მოვალეობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა. თუ მერაბიშვილი ციხეში ზის ნაკლები დანაშაულისთვის, როგორ შეიძლება გახარიამ საკუთარი დანაშაული გამოიძიოს და თავისი თავი ციხეში ჩასვას. ეს არის ნონსენსი. ჩვენს საკრებულოს წევრებს არ უნდათ სიმართლის მოსმენა“, - განაცხადა პაატა ადამიამ.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას ხელი შეუშალეს, თუმცა მათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება შეძლეს.
„იყო გარკვეული ოპოზიციური გამოსვლებისას სიტყვის შეწყვეტის ფაქტები, მაგრამ მათ მიეცათ საშუალება გამოეხატათ ის ძირითადი აზრი, რისი გაჟღერებაც უნდოდათ. ჩვენთვის გასაგებია მათი დღის წესრიგი, ეს არის რაღაც პროტესტის დაფიქსირება, მერე გასვლა და იმ მწვავე შეკითხვებზე პასუხის არ გაცემა, რომელიც გვაქვს ჩვენ მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი პოზიცია 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ეს იყო სამწუხარო ფაქტი, დაწყებული, თუნდაც, გავრილოვის მოხვედრიდან ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პროვოკაციის ნაწილი იყო, რომელმაც გამოიწვია აღშფოთება, რომელშიც ერთიანი იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. შემდეგ ეს უკვე დესტრუქციული ძალების მიერ, იგივე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კარგად იყო გამოყენებული სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მისატანად“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

























