ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2019

სოსო ცინცაძე - “დღეს პოლიტიკური სამოქალაქო ომია”

მეგი გოცირიძე - “პუტინი ივანიშვილს პოლონიუმით ემუქრება”

* * *

სოსო ცინცაძე - “დღეს პოლიტიკური სამოქალაქო ომია”

“ჯერჯერობით მოწმენი ვართ ძირითადად პოლიტიკოსების მხრიდან ხმაურიანი განცხადებების - სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები მათი მხრიდან მეტია, ვიდრე სამართალდამცველების მხრიდან. ამ ეტაპზე ეს გათვლილია უფრო საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს სახე და ამჯერად მტკიცე ხელის პოლიტიკა ანახოს საზოგადოებას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ როცა ასეთი განცხადება კეთდება გადატრიალების მცდელობის შესახებ, მერე რთული იქნება ამის დამტკიცება სასამართლოზე. პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ავტომატურად არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “დღეს პოლიტიკური სამოქალაქო ომია” / “ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”.

“პოლიციის მიმართ ძალადობა არ ნიშნავს, რომ ხალხს უნდოდა გადატრიალების მოწყობა, სახელმწიფო გადატრიალებები ასე არ ხდება. გავრილოვი რომ იმ სავარძელში არ ჩამჯდარიყო, მაშინ ხომ არაფერი მოხდებოდა? სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ნებისმიერი ძალა გადაწყვეტილებას ერთ და ორ საათში არ ღებულობს. სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას თვეები სჭირდება, დოკუმენტაციები და სულ სხვა მტკიცებულებები. არ ვიცი, შეიძლება პროკურატურას რაღაც მასალები აქვს და ადრეც იყო სამზადისი, მაგრამ ჩვენ რაც ვიხილეთ, იმისთვის სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაციის მინიჭება და სასამართლოში დამტკიცება იოლი საქმე არ იქნება. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და საქართველო არ არის თუნდაც რუსეთი, რომ ბოდიში გამოთქმისთვის და ფეხებზე დაიკიდოს მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრი, თუ გნებავთ ევროპის აზრი, ასეთი მდგომარეობა არ არის საქართველოში - დიპლომატიური კორპუსი ჩვენთან ძალიან აქტიურია, არის შემთხვევები, როდესაც აკრედიტებული საელჩოების განცხადებები არის ზღვარზე…” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“თუ საზოგადოებრივ აზრს ვერ შექმნიან და მაინც დააკავებენ პოლიტიკურ ლიდერებს, ამას ბუმერანგის ეფექტი ექნება. 1 წელიწადში არჩევნებია, თანაც ახალი მოდელი, პროპორციულზე გადასვლა, სადაც ბევრი უპასუხო კითხვაა - მხედველობაში მაქვს ნულოვანი ბარიერი… ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა – იგივე ლარის კურსი, ფასების ზრდა და ა.შ. ზრდის პასიურ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ. პირდაპირ ვთქვათ, სოციალური თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. რაც არ უნდა გვიმტკიცოს ეროვნული ბანკის მმართველმა, რომ ლარის გაუფასურება დროებითია და იმ კვირას სულ სხვა მდგომარეობა იქნება, ხომ ვიცით, რაც ხდება…იმ შემთხვევაშიც კი, თუ მელია მართლა დამნაშავეა და მართლა გადატრიალების მცდელობა იყო, ეს უნდობლობის ფონი ართულებს ყველაფერ ამას და ამიტომ სუპერდამაჯერებელი უნდა იყოს როგორც პროკურატურის მტკიცებულებები, ისე სასამართლოს ვერდიქტი”, - დასძენს პოლიტოლოგი.

“20 ივნისის მოვლენებზე “იმედის” ეთერში მიიჩნევენ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს და პოლიცია სწორად მოქმედებდა, მაგრამ “რუსთავი 2”-ის და “ტვ პირველის” ეთერში 90%-ში არასწორად მოქმედებდა და გახარია უნდა გადადგეს – ეს ძალიან საშიში ნიშანია. ესაა პოლარიზაცია. ყველა გამოცემას ჰყავს თავისი მკითხველი და ყველა ტელევიზიას თავისი მაყურებელი. ეს ხდება ციცქნა ქვეყანაში და ასეთი რამ, რაც დიდ ქვეყანაში დემოკრატიას უწყობს ხელს, კატასტროფაა პატარა, ღარიბ, სუსტ ქვეყანაში... “იმედის” ეთერში როცა “ყველა დასაჭერია, ყველა დასახვრეტია”, “რუსთავი 2”-ის და “ტვ პირველის” ეთერში სხვა ხმები ისმის. ისეთი ძლიერი პოლარიზაციაა, პრაქტიკულად ჩვენთან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს – ამ ტერმინს ყველა გაურბის, მაგრამ დღეს უკვე არის ნიშნები პოლიტიკური სამოქალაქო ომის თვალსაზრისით. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს…”- დაასკვნის პოლიტოლოგი.

მეგი გოცირიძე - “პუტინი ივანიშვილს პოლონიუმით ემუქრება”

“ჩვენ დაჭერების არ გვეშინია. შიშით დღეს საქართველოში ერთი კაცია შეპყრობილი და ამ კაცს ბიძინა ჰქვია – ხალხისაც ეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად ეშინია პუტინის. იცის, რომ მოსკოვი მას არ გაახარებს, მართალია, თითქმის ყველა მათ დავალებას ასრულებს, მაგრამ მთავარი დავალება ვერ შეასრულა ოლიგარქმა – არადა, პუტინმა უთხრა, ჯერ დაასუსტებ ნაციონალურ მოძრაობასო, მერე დაიჭერ სააკაშვილს და ბოლოს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეიყვანო”, - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი მეგი გოცირიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს გაქცევა უნდა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს” / მეგი გოცირიძე: “პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”.

“პუტინმა პირდაპირ უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ხალხი უნდა ეყიდა. ეს მისია ასე თუ ისე შეასრულა, ამაში მას პალიკო კუბლაშვილი დაეხმარა, რომელსაც რატომღაც აღარავინ ახსენებს ნაციონალურ წარსულს – ყველამ იცის, რომ კუბლაშვილმა მიიტანა იმხელა ფული პარტიაში, ამ ფულის წყალობით იყო, “გირჩის” შემადგენლობა – ხაჩიძე, ჯაფარიძე, მელაძე და პალიკო რომ გაიპარნენ ნაცმოძრაობიდან და ეს ფულიც თან წაიღეს. ამაზე მოგვიანებით ილაპარაკა კობა ხუბელიანმა, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვისთანაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, დიდ ფულს სთავაზობდნენ, რომ ნაციონალებიდან წასულიყო და ჯაფარიძეს შეერთებოდა, ცოტა ხანში მათ მიჰყვა “ევროპული საქართველო” – მათაც იგივე მოტივაცია ჰქონდათ – არ გვინდა მიშა სააკაშვილიო… მოკლედ, ბევრს ეცადა ოლიგარქი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მაინც ვერ დაშალა, ხალხი ისევ სააკაშვილის პარტიას უჭერს მხარს – სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი. ბიძინამ უკვე გაიგო, რომ საქართველოში ყველას ვერ იყიდის, ახლა ამიტომაც სთხოვს მას პასუხს პუტინი. შიშით გადარეულია ივანიშვილი, სულელურ ბრძანებებს აძლევს გახარიას, რომელიც მისი ბრძანების გარეშეც ათას სიგიჟეს სჩადის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეგი გოცირიძე.

“რაც მეტ სიგიჟეს სჩადის ოლიგარქი გახარიას ხელით, მით მეტად აწვება დასავლეთი. იქიდან რუსეთიდან განიცდის ზეწოლას. მოკლედ, ოლიგარქი ალყაშია და საცაა გაიჭყლიტება – ფული კი აქვს, მაგრამ სად უნდა წავიდეს? რუსეთში ვერ წავა, პოლონიუმიანი ჩაი არ ასცდება – გაგიჟებული პუტინი მის დასჯას აპირებს – რუსეთის პრეზიდენტი ქართველი ხალხი კი არ არის, ხიხოს გადაგდება აპატიოს. დასავლეთზე კი ბოდიში მომითხოვია, იქ დიქტატორებს ხელგაშლილი არ ხვდებიან… თქვენი აზრით, მოსამართლემ თავად მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ? იქ ვიყავი, დეპუტატები ნიკას თავდებში ჩაუდგნენ და განცხადებების გაკეთება სურდათ, მოსამართლე ლამის ეხვეწებოდა, განცხადებები არ გააკეთოთო, ერთი სული ჰქონდა, თუ როდის გამოაცხადებდა განაჩენს. დამიჯერეთ, ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს, უფრო ზუსტად, დაამთავრა. ახლა მინდა იმ ხალხის თავებში ჩავიხედო, ვინც მას პოლიტიკურ სამარეში მიჰყვება. ახლა ხმასაც იღებენ და ამბოხებასაც გვაბრალებენ – თუმცა ამ ბრალდებებში ცოტა აურიეს და ეტყობა უფროსივით შეშინებულები არიან”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რა აურიეს?” – პასუხობს:

“ერთი ამბობს, დაშლა კი არა მოგერიება იყოო, მეორე ამბობს გახარიამ ამ დაშლით სისხლისღვრას აგვაცილაო, მესამე იძახის – გახარია რა შუაშია, სპეცრაზმელებმა თავად დაიწყეს სროლაო - ამათი სისულელეები შორს წაგვიყვანს... მოკლედ, ოლიოგარქი პუტინს დაპირდა, საქართველოს ლანგარზე დადებულს მოგართმევ და ქართველები შენს მზეს დაიფიცებენო – მზეს იფიცებენ კი არა რუსთაველზე ხალხი “პუტინ ხუილოს” მღერის. ამას ივანიშვილს პუტინი არ აპატიებს. ალბათ უკვე ღიად ემუქრება პოლონიუმით, ამიტომაც არის ოლიგარქი ასე გამწარებული".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო