ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირთათვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი თავმჯდომარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

„დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია წითელ ხიდზე, მაშინ როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - „გულის“, მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ (იგივე „ობშიაკს“) და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა დაკავებულთა შორის მყოფი ქურდული სამყაროს 5 წევრი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას "ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე, რომელიც საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს