დეკანოზი დავით ისაკაძე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, 8 ივლისის 06:00 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი დაიკავონ

დეკანოზი დავით ისაკაძე, სასულიერო პირებთან ერთად, „თბილისი პრაიდის“ “ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ, ცენტრალური მაგისტრალისა და ძირითადი ლოკაციების დაკავებას აანონსებს.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭინკების აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი დიდი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის, ზნეობისა და სარწმუნეობის საწინააღმდეგოდ. ამ მოვლენებს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს.

დილით ადრიანად, დაახლოებით 06:00 საათიდან ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მისი ძირითადი ლოკაციები დავიკავოთ - მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობისა და ძალმომრეობის გარეშე. დავიკავოთ, რათა ჩვენი ღირსება დავიცვათ. მავანნი ამ მარშს “ღირსების მარშს“ არქმევენ. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის 97%-მა ვიცით, რომ ეს არის გარყვნილებისა და უზნეობის მარში, რასაც ქართველი ხალხი, კავკასიის შვილები არ დავუშვებთ.

რამდენიც არ უნდა ვიყოთ, ვიქნებით ასეთი პროვოკაციის გამართვის აქტიური წინააღმდეგნი. პირველ რიგში, მინდა ეს იცოდეს ქალბატონმა აშშ-ს საელჩოდან - ნუ შეუწყობენ ასეთი მავნე პროცესების განვითარებას ხელს. საქართველო საბედნიეროდ აშშ-ი არ არის. ჩვენ ჩვენი ზნეობა გაგვაჩნია და ღმერთი ისე არ დაგვიკარგავს, როგორც სამწუხაროდ, ეს ხდება აშშ-ი და ევროპაში“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძე.

მან ხელისუფლებას ასევე მიმართა მოწოდებით, რომ “დამთავრდეს მარაზმატული, 15-დღიანი ორგია პარლამენტის წინ“.

“ვართ საქართველოს შვილები, თბილისელები. ჩვენც გვაქვს უფლება და მინდა გავისეირნო შვილებთან ერთად ჩემს საყვარელ პროსპექტზე, მაგრამ არ მინდა დავინახო ეს საშინელი, საზიზღარი ხალხი, რომელიც ჩემს ქვეყანას და სარწმუნობას შეურაცხყოფას აყენებს. არ მინდა მოხდეს პროვოკაცია და ერთმანეთთან დაპირისპირება. ამიტომ დროზე დაამთავრონ ეს სატანური შაბაში ამ საცოდავმა ხალხმა. ეს უკვე ჩვენი მოწოდებაა, თორემ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ასევე მოვაწყოთ ჩვენი აქციები და საზოგადოებრივი მსვლელობები ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს საშინელი ხალხია შეკრებილი“, - განაცხადა დავით ისაკაძემ.

იხილეთ ვიდეო

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება