ზაზა ფირალიშვილი - ჰიბრიდულმა ომმა ჩვენს წინააღმდეგ ლამის თავის პიკს მიაღწია,  ამ სიტუაციაში მხოლოდ ვნებების დაოკება თუ გაგვიყვანს სამშვიდობოს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ის, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ გამოხატვის თავისუფლებასთან რომ საერთო არაფერი აქვს, ყველა თანხმდება.

რუსეთის პრეზიდენტს ჩვენში ბევრი აგინებს, მაგრამ უცნაური ამ ისტორიაში სხვა რამაა - გიორგი გაბუნიამ ძალიან მოინდომა რომ საზოგადოების დიდ ნაწილს იგი პუტინის გინებისთვის კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ გაეტარებინა.

მომხდარს ნაწილი 18 ივლისს სტრასბურგში დაგეგმილ „რუსთავი2“-ის სასამართლოს უკავშირებს, რომელზეც ტელეკომპანიის კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. მეტიც, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არხის ხელმძღვანელობა სასამართლომდე ამძიმებს პოლიტიკურ კონტექსტს - აგრესიის პროვოცირებით ტანჯულის მანტიის მოსხმას ცდილობს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ სტრასბურგის სასამარლომდე "რუსთავი 2" დევნილისა და ჩაგრულის მანტიის მოსხმას ცდილობს?

- ვფიქრობ, ეს ვარაუდი, უსაფუძვლო არ არის. თანაც ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ გიორგი გაბუნიას გამოსვლა მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. შედეგად, გაცილებით უარესი მიიღეს.

დარწმუნებული ვარ, რუსი მოხელეები სასწრაფოდ დაურთავენ ამ ვიდეოჩანაწერს სინქრონულ თარგმანს და ისე გაავრცელებენ ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოშიც.

ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ გაბუნიას გამოსვლა მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. შედეგად, გაცილებით უარესი მიიღეს

ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ როგორი მიუღებლობა აქვთ ევროპელებს ამგვარი ლექსიკის მიმართ. საშუალო გერმანელი ძნელად თუ გეტყვის, ტყუიხარო, თქვენ არასწორად ხართ ინფორმირებულიო. მათთვის რუსული ლაგერების ყაიდაზე მოაზროვნე და მეტყველი რუსი პოლიტიკოსებიც გაუგებრად რჩებიან.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სწორედ ამ გამოსვლის წინ სოციალურ ქსელებში საგულდაგულოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჩვენთან ომისათვის რუსების მზადების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ინფორმაციები უყურადღებოდ რჩებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან სამხედრო ინტერვენცია არ მოხდება, თუმცა, მუდმივად კი იქნება ამგვარი ინტერვენციის მუქარა, მოსახლეობაში პანიკისა და შფოთის დასანერგად... ის, რაც „რუსთავი-2“-ის ეთერში ვიხილეთ, ნებით თუ უნებლიედ, ამ მიზანს მოემსახურა

ბევრ სხვასთან ერთად მეც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიდან სამხედრო ინტერვენცია არ მოხდება, თუმცა კი მუდმივად იქნება ამგვარი ინტერვენციის მუქარა მოსახლეობაში პანიკისა და შფოთის დასანერგად. ჰოდა, ის, რაც „რუსთავი -2“-ის ეთერში ვიხილეთ, ნებით თუ უნებლიედ, ამ მიზანს მოემსახურა. „რუსთავი-2“-ის მიერ საკუთარი თავისათვის მიყენებული ზარალი ამით არ მთავრდება.

შეიძლება ბევრ სხვა რამეში არ ვგავდეთ ევროპელებს, მაგრამ, მათ მსგავსად, ჩვენთვის უცხოა არა აგრესია, არამედ აგრესიის გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც, თუნდაც მტრის, საკრალურ ღირებულებებს შეურაცხყოფს.

გინებასაც აქვს თავისი საზღვრები, რომლის შემდეგაც, რაც არ უნდა მართალი იყოს შენი მრისხანება, გამტყუნდები

მართალია, განვლილი საუკუნის განმავლობაში ჩვენზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა რუსული ლაგერების მორალმა, მაგრამ ბევრი რამ მაინც შევინარჩუნეთ. მოკლედ, გინებასაც აქვს თავისი საზღვრები, რომლის შემდეგაც, რაც არ უნდა მართალი იყოს შენი მრისხანება, გამტყუნდები.

- როგორც არ უნდა იყოს, თუ მომხდარზე პრემიერისა და პრეზიდენტის მყისიერ რეაქციებს, რუსეთის ხელისუფლების მისამართით პრაქტიკულად ბოდიშების ტექსტებს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ მისი მისამართით შეურაცხმყოფელი გინების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კმაყოფილიც კი უნდა იყოს.

მას ბოდიში საჯაროდ იმ ქვეყნის პრემიერმა და პრეზიდენტებმა მოუხადეს, რომლის ტერიტორიის 20% მას ოკუპირებული აქვს. სულ ცოტა ხნის წინ ამგვარ რამეზე იგი ალბათ ვერც კი იოცნებებდა.

კერძო ტელევიზიის წამყვანის გინებაზე პრემიერისა და პრეზიდენტის რეაქცია რომ უცნაური იყო, ფაქტია, რადგან მათ მიმართ „რუსთავი 2“-ის კრიტიკას ისინი ისე მყისიერად არასდროს გამოხმაურებიან, როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტის გინებას.

საზოგადოების ნაწილი გამოთქვამს შიშს რუსეთთან მოსალოდნელ ომთან დაკავშირებით. ვიცით, რომ რუსეთი საქართველოსთან ომის დასაწყებად მიზეზს ყოველთვის მოძებნის, თუ ამგვარი გადაწყვეტილება კრემლში იქნება მიღებული.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას უკავშირდებოდა გაბუნიას გინებაზე პრემიერისა და პრეზიდენტის მყისიერი გამოხმაურება და პუტინის მისამართით რევერანსების კეთება?

- იმედი მაქვს, ჟურნალისტი დაუფიქრებლად მოქმედებდა. ჟურნალისტის დაუფიქრებლობით მიღებული სამწუხარო შედეგი იყო ამ თემაზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამოხმაურება. გამართლება მიეცა რუსული აგრესიის მიმართ შიშს. როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ვერ დააღწიეს მას თავი.

მეტსაც გეტყვით, პრორუსულმა ძალებმა კიდევ ერთი და სერიოზული არგუმენტი შეიძინეს დასავლეთის წინააღმდეგ. “რუსთავი 2” ბევრი პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისათვის ხომ სწორედ ევროპულ ღირებულებებს განასახიერებს.

ჟურნალისტის დაუფიქრებლობით მიღებული სამწუხარო შედეგი იყო ამ თემაზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამოხმაურება. გამართლება მიეცა რუსული აგრესიის მიმართ შიშს. როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ვერ დააღწიეს მას თავი

ვიმეორებ, ლაპარაკი არ მაქვს ბანალურ გინებაზე. ლაპარაკი მაქვს ტექსტზე, რომელიც ნებისმიერ ღირებულებას ანადგურებს და არავითარი გამართლება არა აქვს.

გაბუნიას საქციელს, ცხადია, ომის გამოწვევა არ შეუძლია. დღევანდელი საერთაშორისო კონტექსტი ისეთია, რომ ნებისმიერი ახალი და, მითუმეტეს, უსამართლო ომის წამოწყება რუსეთისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი შეიძლება გახდეს.

ვნახავთ კუნთების თამაშს, ჟირინოვსკისა და დუგინის მსგავსი მარგინალების საომარ მოწოდებებს, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წავა. ყველაფერი ამის მიზანი იქნება პანიკის დათესვა და პრორუსული სენტიმენტების მობილიზება, რათა ამ უკანასკნელმა პოლიტიკური კონტურები შეიძინოს

რუსული პოლიტიკა, მიუხედავად დათვურობის ნიღბისა, საკმაოდ ანგარიშიანია. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივცემთ ამის საბაბს უხეში შეცდომებითა და გაუთვლელი ნაბიჯებით.

ვნახავთ კუნთების თამაშს, ჟირინოვსკისა და დუგინის მსგავსი მარგინალების საომარ მოწოდებებს, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წავა. ყველაფერი ამის მიზანი იქნება პანიკის დათესვა და პრორუსული სენტიმენტების მობილიზიება, რათა ამ უკანასკნელმა პოლიტიკური კონტურები შეიძინოს.

ღმერთმა არ ქნას და, თუ ეს რუსული პროექტი განხორციელდა, სამხედრო ექსპანსია აღარაფერში დასჭირდებათ.

- 20 ივნისის მოვლენებზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხებია დაგროვილი, რომელზეც პასუხის გაცემას ხელისუფლება აშკარად აყოვნებს. სწორედ ამის გამო გრძელდება პარლამენტის წინ აქციები.

ფაქტია, რომ გახარიას მინისტრად დარჩენას მეტი ხალხი უჭერს მხარს, ვიდრე წასვლას, მაგრამ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ისედაც აწეწილ პროცესებს დაემატა პრაიდის ორგანიზატორთა აქტიურობა.

შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს არ მიეცემათ თავისი ღონისძიების რუსთაველზე გამართვის შესაძლებლობა. ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ლევან ვასაძემ თავის რაინდებს ვაკის პარკში შეკრებისკენ მოუწოდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ პრაიდის ორგანიზატორებს არ ესმოდეთ, რომ მათი გააქტიურება ქვეყანაში ანტიდასავლური ძალებისა და პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდირებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ფაქტობრივად, რა სურათს ვიღებთ?

- ერთია იდეალები და მეორეა კონკრეტული ისტორიული სიტუაცია. კაცობრიობის ისტორიამ იდეალების სახელით განხორციელებული ბევრი ბოროტება იცის.

საბჭოთა ბოლშევიზმს საყოველთაო სამართლიანობის დამკვიდრების სურვილით შეპყრობილი გოგო-ბიჭები ქმნიდნენ და არა მხოლოდ კომუნისტი ლიდერები. იდეალები, იდეები თუ იდეოლოგია ხშირად არ აძლევს ადამიანებს საშუალებას ეს, თითქოს ბანალური გარემოება გაითვალისწინონ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლგბტ თემით ოსტატურად მანიპულირებენ ისინი, ვისაც სურს ასპარეზზე „მართლმადიდებელი პატრიოტების“ გამოყვანა

ამასთან, იმედი მაქვს, რომ პრაიდის ორგანიზატორებს მხოლოდ ეს შეცდომა მოსდით და რომ მათ არ აქეზებენ ისინი, ვინც კარგად იცის, თუ რა რეაქცია ექნება ამას და რომ რუსული იმპერიალიზმის მთავარი და ყველაზე მგრძნობიარე იარაღი საქართველოში დღეს სწორედ კულტურული იდენტობის თემაა. იმედი მაქვს, რომ საქმე მხოლოდ დაუფიქრებლობასთან გვაქვს.

8 ივლისს, დილით პრაიდის ჩატარება რომ რუსთაველზე მიმდინარე პროცესების შედეგად განზე გაწეულ პრორუსულ ძალებს ახალ ენერგიას შესძენდა, არა მგონია, ძნელი გასათვლელი ყოფილიყო.

შეიქმნა ვითარება, როდესაც არც ხელისუფლებას და არც პროტესტანტებს არ შეუძლიათ საბოლოო წარმატების მიღწევა. ცხადია, საუკეთესო გამოსავალი მათ შორის დიალოგი იქნებოდა, მაგრამ ამას ხელს უკვე პროცესების რევოლუციურ განვითარებაში დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობა და პრაიდი-ანტიპრაიდის ბატალიები უშლის ხელს

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლგბტ თემით ოსტატურად მანიპულირებენ ისინი, ვისაც სურს ასპარეზზე „მართლმადიდებელი პატრიოტების“ გამოყვანა, ვისაც ამ რამდენიმე ხნის წინ იმედი ჰქონდა, რომ მის გამო ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად მართლმადიდებლობის სახელით ჩამოსული გავრილოვის ჩაბრძანება სპიკერის სავარძელში ერთგვარად „ბუნებრივად“ იქნებოდა აღქმული.

კარგად ვერ გათვალეს, სიტუაცია ხელიდან გაუსხლტათ და ახლა კვლავ ამ თემის მობრუნებით თავიდან ცდილობენ სადავეების ხელში აღებას. საშუალება რომ მქონდეს, სწორედ ამ შედეგების გათვალისწინებას ვთხოვდი პრაიდის ორგანიზატორებს.

ჰიბრიდულმა ომმა ჩვენს წინააღმდეგ ლამის თავის პიკს მიაღწია. ამ სიტუაციაში მხოლოდ ვნებების დაოკება თუ გაგვიყვანს სამშვიდობოს.

- 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ შიდა პოლიტიკაში დაპირისპირების ახალმა ტალღამ პოლიტიკური პროცესი ერთიანად არია და დააჩქარა.

ამ თემაზე საუბრისას ბატონმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „20 ივნისს მომხდარშიც და შემდეგშიც რაც ხდებოდა აშკარად იკვეთება არაპროფესიონალიზმი, რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების გამორჩეულ მახასიათებელად იქცა“

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ქვეყანა 20 ივნისის შემდეგ იმყოფება?

- სიტუაცია რომ რთულია, ყველა ვხედავთ. ძალიან ბევრი რამ გადაეჯაჭვა ერთმანეთს. გარეჯის თემის აგორება, გავრილოვის საქციელით გამოწვეული აღშფოთება, რომელმაც პრაიდისა და ლეგიონერების აქტიურობა გადაფარა, „ნაციონალების“ მცდელობა, უკიდურესად გაემწვავებინათ სიტუაცია, ხელისუფლების არათანაზომადი რეაქცია და ა.შ.

„ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების ის რეჟიმი, რომელშიც ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებლებს აძლევს ხელს

შეიქმნა ვითარება, როდესაც არც ხელისუფლებას და არც პროტესტანტებს არ შეუძლიათ საბოლოო წარმატების მიღწევა. ცხადია, საუკეთესო გამოსავალი მათ შორის დიალოგი იქნებოდა, მაგრამ ამას ხელს უკვე პროცესების რევოლუციურ განვითარებაში დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობა და პრაიდი-ანტიპრაიდის ბატალიები უშლის ხელს.

- „ოცნების“ ლიდერთა მტკიცებით საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, ერთი მხრივ, უკავშირდება „ნაციონალების“ აქტიურობას, რომლებსაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები არ აქვთ, ამიტომ ცდილობენ ქვეყანაში ვითარების მაქსიმალურად დესტაბილიზაციას, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ მმართველი ძალის მცდელობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს 2020 წელს ძალაუფლება.

თქვენი დაკვირვებით, ამ პროცესებში გარე ძალები რამდენად მონაწილეობენ და თუ მონაწილეობენ მათი მიზანი სავარაუდოდ როგორია?

- ადრეც ვთქვი, რომ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების ის რეჟიმი, რომელშიც ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებლებს აძლევს ხელს. ამას იმასაც დავუმატებდი, რომ ეს სიტუაცია ჩვენს რიგით მოქალაქეშიც არსებული პოლიტიკური რელიეფის გამო უიმედობას აღძრავს.

ამას ბოლო ხანებში უკვე პრაიდი-ანტიპრაიდის თემა დაემატა, რომლის მიზანიც, დარწმუნებული ვარ, უკვე ნახსენები პრორუსული „მართლმადიდებელი პატრიოტიზმის“ სახალხო იდეოლოგიად ქცევაა. მართალია, გავრილოვის სავარძელში ჩაბრძანებაზე მწვავე რეაქციამ შეაფერხა ეს პროცესი, მაგრამ ახლა ხელახლა ცდილობენ მის გაღვიძებას.

- ისეთი პირი უჩანს, "რუსთავი2"-თან დაკავშირებით კიდევ უფრო გამწვავდება პროცესები. ჩვენ არ ვიცით, პროკურატურას დაკავებულებისა და დასაკითხი პოლიტიკოსების მიმართ რა სამხილები აქვს, მაგრამ საჯარო სივრცეში პროკურატურისაგან ვისმენთ ბრალდებებს გადატრიალების მზადებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ამ ბრალდებებს დაემატება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები, რაზეც უკვე მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ. თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება პროკურატურის აქამდე გაჟღერებული ბრალდებები და ისინიც, რაც სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაემატება?

- დაკავებულთა მიმართ ბრალდებების გამო ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მის წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებული სანქციების განხორციელება გაუმართლებლად მეჩვენება - თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

გაბუნიას გამოსვლამ გვიჩვენა, რომ ამ ტელევიზიას ჟანრის კრიზისი აქვს და თუ თავად არ შეცვლის რაღაცას, მაყურებელი შეაცვლევინებს, ან, უბრალოდ, მაყურებელს დაკარგავს

ესეც რომ არ იყოს, გიორგი გაბუნიას გამოსვლამ გვიჩვენა, რომ ამ ტელევიზიას ჟანრის კრიზისი აქვს და თუ თავად არ შეცვლის რაღაცას, მაყურებელი შეაცვლევინებს, ან, უბრალოდ, მაყურებელს დაკარგავს.

- იმის გათვალისწინებით, რომ 20 ივნისამდე ქუჩა „პატრიოტთა ალიანსისა“ და ვასაძისა და მისი რაინდების იყო, ხოლო ახლა იგი, პროდასავლურად განწყობილი ახალგაზრდებისაა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ქუჩისთვის ბრძოლაა“.

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სახეზე გვაქვს სამოქალაქო დაპირისპირებების ესკალაციისა და პროვოკაციების მაქსიმალურ მცდელობებთან.

ხელისუფლება ხელს „ნაცმოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ჯგუფებისკენ იშვერს. ეს უკანასკნელნი კი უმოქმედობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. თქვენი აზრით, შექმნილი ვითარებიდან მოვლენათა მშვიდობიანად განვითარების საუკეთესო სცენარი როგორი იქნებოდა?

- უკვე ვთქვი და გავიმეორებ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ვნებების დაოკება და დიალოგის რეჟიმში გადასვლა. აქამდე საქართველოში დიალოგის ინიციატორი სუსტად და დამარცხებულად აღიქმებოდა.

სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ვნებების დაოკება და დიალოგის რეჟიმში გადასვლა... დიალოგისა და თანამშრომლობის გარეშე სახელმწიფო ვერ შეიქმნება. სხვაგვარად მუდმივად ჩიხში ვიქნებით

არადა, დიალოგისა და თანამშრომლობის გარეშე სახელმწიფო ვერ შეიქმნება. სხვაგვარად მუდმივად ჩიხში ვიქნებით.

ისიც მესმის, რომ ახლა დიალოგისაკენ მოწოდებას მხოლოდ ცალკეულები თუ დაუგდებენ ყურს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“