ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2019

საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა

მოსკოვის მორიგი სანქციური დარტყმა ღვინოს, მინერალურ წყალს და ფულად გზავნილებს შეეხება

***

საქართველო ზღვარზე! - პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა

“პოლიციის კორდონით ორად გაყოფილი აქცია რუსთაველის გამზირზე. 8 ივლისის აქციების მთავარი მოტივი იყო, ვინ დაიკავებდა და გაამაგრებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის კიბეებთან ადგილის დაკავების საშუალება აღარ მისცეს. მთელი დღის განმავლობაში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. სამართალდამცველებმა კინო "რუსთაველთან" გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონიც გააკეთეს. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ზღვარზე! / პოლიციის კორდონით გაყოფილი რუსთაველი და აქციათა ნაირსახეობა

"აქციაზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, თმის ფერის გამო, უცნობმა პირმა ქამრის ბალთით თავი გაუტეხა. პოლიციის ჩართვის შემდეგ კი ინციდენტი განიმუხტა. მამაკაცი, რომელიც ოჯახთან ერთად აქციაზე მივიდა და სანამ გაერკვია ანტისაოკუპაციო მოძრაობა სად მართავდა აქციას, მანამდე მასზე თავდასხმა მოხდა. დაზარალებულს სასწრაფო დახმარება ექიმება იქვე აღმოუჩინეს და მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. აქციაზე ასევე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ვასაძის და მისი მომხრეების მიერ გამართილ კონტრაქციაზე შესვლა შეძლეს და მეგაფონით გარკვეული განცხადებების გაკეთება სცადეს, თუმცა, მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათი ადგილიდან გაყვანა უსაფრთხოდ შეძლო. ერთ-ერთი პირი, რომელიც პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილია. როგორც ზუკამ თავად განაცხადა, ის დაკავებული არ ყოფილა და პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა. ის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა. დავით ბერძენიშვილის შვილი ამბობს, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებთან ერთადერთი თხოვნით მივიდა, რომ ერთად გაეპროტესტებინათ რუსული ოკუპაცია, რა დროსაც ის პოლიციელებმა გაიტაცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მოვარდა 20 პოლიციელი, მითხრეს რომ მე ვარ პროვოკატორი და მითხრეს, რომ დამეტოვებინა ტერიტორია. რაზეც ვუთხარი რომ კრემლის სპეცრაზმიც რომ მოვიდეს ჩემი ნებით არ დავტოვებ მეთქი და მათაც არ დამაყენეს. ოცმა ადამიანმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანეს. მთელი გზა მიმეორებდნენ, რომ თვითონ არ არიან ჩემს მიმართ მტრულად განწყობილები. მეც ვუმეორებდი, რომ ის, ვინც დღეს მათი უფროსია, არის ამ ქვეყნის მტერი," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ ვასაძე და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების დაკვეთით ცდილობენ ჩაახშონ მათი ხმა. „არასოდეს გახარია, არასოდეს არ დამთავრდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოში და შენ გადადგები," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ასევე დეპუტატები და „პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მივიდნენ. პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ცდილობდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამას კვიციანის და მასთან ერთად მყოფი პირების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და დადოს პირობა, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი. „მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გაააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს", - განაცხადა ლევან ვასაძემ. მთელი დღის განმავლობაში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: „თბილისი პრაიდი", სასულიერო პირები, ლევან ვასაძე მოხმრეებით და „ანტისაოკუპაციო მოძრაობა", -8 ივლისს ყველა მათგანი ღირსების და საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობდნენ. თუმცა, მათგან აქციების გამართვა თავდაპირველად ვასაძემ და სასულიერო პირებმა შეძლეს. მათ რუსთაველის გამზირი შუადღის საათებში დაიკავეს და იქ მყოფ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს მისვლის საშუალება აღარ მისცეს. ადგილზე, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კარვებში შიმშილობენ, რომლებიც მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კი კონტრაქციის გამართვა რუსთაველის მოედანზე მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ლგბტ თემის ღირსების მარში „თბილისი პრაიდმა" ჩაშლილად გამოაცხადა. მიუხედავად ამის, ისინი მაინც შეიკრიბნენ და ვასაძემ განაცხადა, რომ ისინიც მანამდე იქნებიან, სანამ „თბილისი პრაიდი" ახალ აქციას არ დაანონსებს, რადგან მისი ჩატარების საშუალება არ მისცენ. ჰომოფობიური განცხადებებიდან, კონტრაქციის მონაწილეები უკვე პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე გადავიდნენ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები გააკრიტიკეს. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებენ ახალგაზრდები ქვეყნის რუსულ ოკუპაციას და რატომ ითხოვენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას წასვლას”, - დასძენს გამოცემა.

"ქართული ლიდერის" თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა აცხადებდა, რომ აქციის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნები, რისთვისაც ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნაა. დღის განმავლობაში პარლამენტთან ვითარება რამდენიმე წუთით დაიძაბა, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა ბოთლები ესროლეს. ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორმა, ზურაბ ბერძენიშვილმა ლევან ვასაძეს რუსეთის აგენტი უწოდა, როცა ამ უკანასკნელმა აქციაზე გამოაცხადა მოთხოვნები - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ამას მომიტინგეებში ხმაური და ჩოჩქოლი მოჰყვა, ვასაძემ კი პროვოკატორი უწოდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ზურაბ ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფს მიაყენეს და წყალი შეასხეს. აქციაზე მყოფი სასულიერო პირები კი, რომელბიც ლევან ვასაძესთან ერთად „თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ და ვითარების განმუხტვა შეძლეს. საღამოს კი რუსთაველზე ლგბტ თემის დროშა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა. დრონის მეშვეობით, ცაში ლგბტ თემის დროშა იმ დროს აფრიალდა, როდესაც პარლამენტის წინ, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები "თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებდნენ. "თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, გიორგი თაბაგარი განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ეს ჟესტი მათი მხრიდან, ერთგვარი პარტიზანული პერფორმანსი იყო. მისი თქმით, „თბილისი პრაიდმა" ამ ნაბიჯით საკუთარი სათქმელი გამოხატა. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა კი თავის მხრივ მომხრეებს რუსთაველის გამზირზე 19 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ორგანიზატორების განცხადებით პარლამენტის წინ წყდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, პრორუს ძალებს, თუ დამოუკიდებელ ხალხს. ორგანიზატორებმა ასევე მომხრეებს მოუწაოდა, რომ 8 ივლისს 19:00 საათზე რუსთავველის გამზირზე აქციაზე მისულიყვნენ. საღამოს რვის ნახევრისთვის „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა კი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს. მცირე წარმომადგენლობით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ღირსების მარში" მაინც შედგა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მინისტრმა მათი უსაფრთხოება არ უზრუნველყო და განუცახდათ, რომ მათ ვერც ტრანსპორტირებას და ვერც დაცვას ვერ შეძლებდა. რამდენიმე წუთიანი პროტესტის შემდეგ სამინისტროს მიმდინარე ტერიტორია პროვოკაციების საფრთხის გამო დატოვეს. მას შემდეგ კი რაც ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაიგეს, რომ „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები, ნაწილმა უწყების მიმართულებით გადაინაცვლეს. თუმცა ის ადგილი ლგბტ წევრებს უკვე დატოვებული ჰქონდათ”, - წერს სტატიის ავტორი.

მოსკოვის მორიგი სანქციური დარტყმა ღვინოს, მინერალურ წყალს და ფულად გზავნილებს შეეხება

"რუსეთმა დღის წესრიგში დააყენა საქართველოდან გარკვეული პროდუქტის ექსპორტის აკრძალვის საკითხი; რუსეთის დუმის ფრაქცია, მმართველი პარტია „ედინაია რასია" საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. საუბარია ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებაც. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა კი მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა. „აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას" ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე", - განაცხადა დუმის დეპუტატმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოსკოვის მორიგი სანქციური დარტყმა ღვინოს, მინერალურ წყალს და ფულად გზავნილებს შეეხება

"რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უნდა ველოდოთ საინფორმაციო პროპაგანდის უფრო მეტად გაძლიერებას და პრორუსული ორგანიზაციებისა და პარტიების გააქტიურებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. „თუკი რუსეთმა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი აკრძალა, ეს საქართველოს შიდა პროდუქტის ზრდაზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს. სამხედრო ჩარევა გამორიცხულია, საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. დამატებით, რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად გადაახალისოს პრორუსული ძალები საპარლამენტო არჩევნების წინ," - აღნიშნა ჩიტაძემ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი და წინასწარ რაიმეს თქმა, რთულია. „ამაზე კონკრეტული პასუხი უბრალოდ არავის აქვს, გარდა რუსეთის რეზიდენტისა. არ არსებობს ქმედება, რომელსაც რუსეთი ვერ ჩაიდენს. მე ვერ ვხედავ ზღვარს, რომლის იქითაც რუსეთი ფეხის გადადგმას არ იკადრებს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი," - აცხადებს მენაღარიშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩიტაძე მიიჩნევს, რომ კრემლის მხრიდან უნდა ველოდოთ ერთგვარ შანტაჟსაც, რომელიც საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლის აკრძალვას ეხება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული სამხედრო დასწრების გაზრდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად გადაახალისოს პრორუსული ძალები, ვგულისხმობ ქართულ ეკლესიაში მოკალათებულ პრორუსულად განწყობილ ე.წ. სასულიერო პირებს, რომლებიც მრევლზე ზემოქმედებენ, რომ მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი გადაგვარჩენს. ასევე პრორუსული პარტიების წახალისებაც არ არის გამორიცხული, მაგალითად როგორიც არის „პატრიოტთა ალიანსს". „ასევე უნდა ველოდოთ სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასაც. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟებას, რომ რუსეთს შეუძლია ჩაკეტოს რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალოს. "დამატებით სამხედრო დასწრების ზრდა უნდა ველოდოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, - ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც შეიძლება მოხდეს. რუსეთი უფრო მეტად ეკონომიკურ და საინფორმაციო პოლიტიკას მიმართავს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"რამდენად რეალურია, რომ „ედინაია რასიას" ეს განცხადება, რომელიც ქართული პროდუქტის ექსპორტის ნაწილობრივ აკრძალვას გულისხმობს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დონეზე იყოს გადაწყვეტილი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ „სავარაუდოა, ისინი ერთ ხაზს მიყვებოდნენ." „შემთხვევათა უმრავლესობაში, როგორც ღია პრაქტიკა აჩვენებს, „ედინაია რასიას" დეპიტატები აჟღერებენ უკვე წინასწარ შეთანხმებულ, პრაქტიკულად გადაწყვეტილ ნაბიჯებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც ზოგიერთ დეპუტატს განსაკუთრებული სურვილის გამო თავი გამოუჩენია და ინიციატივით გამოსულა. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სავარაუდოა, რომ ისინი ერთ ხაზს მიყვებოდნენ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა. ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განცხადება, შესაძლოა აკრძალვების შესახებ, 8 ივლისს გააკეთა: „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, კვლავინდებურად, რუსოფობიული განწყობებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. ვხედავთ, ზოგიერთი გამძვინვარებული ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს და ახევენ „გეორგიევსკის ლენტებს". "ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის შემოტანისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ," - განაცხადა დეპუტატმა. ნევეროვის აზრით, ეს ზომები საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ხდება, ადეკვატური შეფასება მიეცეს" - აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი" ავრცელებს”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა