ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2019

ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს, თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში

პაატა ზაქარეიშვილი - “გაბუნიას გამოსვლა კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია”

ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს!

* * *

ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს, თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში

“20 ივლისის შემდეგ, თბილისში უკვე 20-ე დღეა რუსთაველის გამზირზე აქციები იმართება. ხოლო 8 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით და პარალელურად ოთხი აქცია და გამოსვლა გაიმართა. ორი თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ამ ორ მიტინგს ერთმანეთისგან პოლიციელების კორდონი და ავტობუსები ჰყოფდა. მათგან ერთი აქცია ანტისაოკუპაციო იყო. ამ აქციის მონაწილეები უკვე ოცი დღეა ქუჩაში დგანან. თავდაპირველად ისინი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობაში გამოჩენამ გამოიყვანა, მოგვიანებით კი, როდესაც 21 ივნისს პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, მომიტინგეები ერთადერთი მოთხოვნით გამოდიან - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. კონტრაქცია მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ლგბტ აქტივისტებმა პრაიდის – “ღირსების მარშის” 8 ივნისს შს სამინისტროს შენობასთან გამართვა დააანონსეს. კონტრაქციის მონაწილეთა მიზანი ლგბტ აქციის ჩაშლა იყო. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს ხუთი წლის წინ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ნებისმიერი ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას და დევნას კრძალავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს, თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში.

“ამ აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ შს სამინისტროს შენობასთან, ხოლო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ პრაიდი აღარ ჩატარდებოდა, ისინი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. კონტრაქციის ლიდერია ბიზნესმენი ლევან ვასაძე. იგი 8 ივლისის აქციაზე ხის ჯვრით მივიდა. ვასაძემ თავისი კაპიტალი რუსეთში დააგროვა და ანტიდასავლური, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. ვასაძის ერთ-ერთი ინიციატივა იყო ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ სახალხო რაზმების ჩამოყალიბება, ამ რაზმის წევრების კომბლებით აღჭურვა და ასევე პრაიდზე გამომსვლელების ქამრებით გაკოჭვა. ორივე აქციის წარმომადგენლებმა ღამე ქუჩაში გაათენეს. დილით კონტრაქცია დაიშალა, პარლამენტთან ადგილი კვლავ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებმა დაიკავეს. მესამე აქცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან ჩატარდა. ამ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ კერძო არხის მენეჯმენტის შეცვლას, ასევე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. რუსთავი 2-თან მიმდინარე აქცია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ამის შემდეგ ამ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ვასაძის კონტრაქციას შეუერთდნენ. მეოთხე აქცია ყველაზე ხანმოკლე და მცირერიცხოვანი იყო. მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია ულტრანაციონალისტებმა დატოვეს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სიმბოლური “ღირსების მარში” მაინც ჩაეტარებინათ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოში პირველი ლგბტქ პრაიდი შს სამინისტროს შენობასთან ჩატარდა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მასში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა სინამდვილეში, თავისი მასშტაბით, ის პრაიდს ნაკლებად წააგავდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უსაფრთხოების მიზნით აქციის ორგანიზატორებმა “ღირსების მარშის” შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს, ამიტომ მარშზე ბევრი მსურველი ვერ მოხვდა. ჟურნალისტებმაც კი ვერ მოახერხეს მისი სათანადოდ გაშუქება. მათ ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით მალევე დატოვეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა ახალი სამოქალაქო ძალა ახალგაზრდების სახით, რომელთაც შეუძლიათ რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეცვალონ. მისი აზრით, ეს ახალგაზრდები არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოჩდნენ, როდესაც 13 ივნისს თბილისში დატრიალებული წყალდიდობის შემდეგ, სრული სამოქალაქო კონსოლიდაცია შეძლეს. მის შემდეგ ეს ახალგაზრდები უკვე 2018 წლის მაისში კლუბების დარბევის შემდეგ გამოჩდნენ. ამიტომაც ხელისუფლება მზად უნდა ყოფილიყო, რომ ახალგაზრდების ეს ნაწილი ქვეყანაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ძალა იქნებოდა, რომლებიც ახალ რელობას შექმნიდნენ. ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი კი ამბობს, რომ როდესაც ანტისაოკუპაციო აქციას 20 ივნისს ძალის გამოყენებით არბევ, სამაგიეროდ კი ვასაძის და მის მომხრეებს არაფერს ვნებ, მიუხედავად წინასწარ დაანონსებული ძალადობისა, მაშინ გამოდის, რომ შენ ამ ძალას კონკრეტული მიზნებისთვის იყენებ. მისი აზრით, ანტისაოკუპაციო აქციები სწორედაც რომ აპოლიტიკურია და მას სათავეში გულანთებული ახალგაზრდები უდგანან”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი ვასაძის და მისი მომხრეების აქციები ვინ დააორგანიზა, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მსგავსი სცენარი ჩვენს ქვეყანაში უკვე იყო და ამან არცთუ კარგი განვითარება ჰპოვა. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, რომელმაც საქართველო რამდენიმე ნაბიჯით უკან დაწია. ხელისუფლებამ ეს რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფები, ნებსით თუ უნებლიეთ განცხადებებით არ უნდა წააქეზოს. ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა თქვას, გახარიას გადააყენებს თუ არა. ასევე ახალგაზრდებს უნდა უთხრას, კი ბატონო, გააპროტესტეთ რაც გინდათ, ხელს არ წაგავლებთ მანამდე, სანამ ამას მშვიდობიანი სახე ექნება. ასევე აქციის მონაწილეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ უკვე გახარიას წასვლა-არწასვლას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მთავარია, რომ მიღებული პროპორციული არჩევნები დავიცვათ. ხელისუფლებას არ მივცეთ საბაბი, რომ ეს დაპირება უკან წაიღოს. ასევე ჩვენი აქტიურობით შევძლოთ, რომ გახარიები მინისტრები აღარ ხდებოდნენ. პირობითად ვამბობ, ანუ შს მინისტრი აღარ იყოს ხერხემალი, რკინის კაცი თუ რაღაც სხვა. ამისთვის კი ყველას გონიერება გვჭირდება, რათა ქვეყანა არ დავაზიანოთ. როდესაც ქვეყანაში ამდენი ხანი აქციები მიდის, ეს უკვე პოლიტიკური ამინდის შეცვლისთვის საუკეთესო წინა პირობაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

„როდესაც სახელმწიფო მეთაური გამოდიხარ და კერძო ტელეკომპანიის კონკრეტული ჟურნალისტის განცხადებებს ასე ამაზრზენად აფასებ, ეს უკვე სირცხვილია, მეტი თუ არაფერი. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყნის ორგანიზაციებს მოუწოდებ, რომ შენი ქვეყნის ჟურნალისტის საქციელი შეგიფასონ, ამაზე სამარცხვინო თავად ჟურნალისტის ქცევაც აღარ არის. ბევრს ჰგონია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, მოდიან, არა ბატონებო, კი არ მოდიან უკვე აქ არიან. ეს ახალგაზრდები ახლა არ გამოჩენილან, ისინი უკვე 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს გამოჩნდნენ, რომლებმაც არნახული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სულისკვეთება აჩვენეს. ამიტომაც ქვეყანაში ეს ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც ამ სიტუაციის შეცვლას შეძლებენ და ბევრ მნიშვნელოვან სათქმელს კიდევ იტყვიან“, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი - “გაბუნიას გამოსვლა კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია”

"გაბუნიას განცხადება წმინდა შიდაქართული მოვლენაა და "რუსთავი 2"-ის გადარჩენას უკავშირდება. 18 ივლისს ცნობილი გახდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება. თუ “რუსთავი 2” დაუბრუნდება თავის მფლობელს, იტყვიან, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება; თუ დარჩება, იტყვიან, რომ ვიბრძვით პუტინის და ოკუპაციის წინააღმდეგო. კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია, “ნაციონალებმა” კარგად იციან, როგორ გააღიზიანონ რუსეთი და როგორ დააზიანონ საქართველო. გაბუნიას სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს საშუალო ფენა დაზარალდება თუ ის ხალხი, ვინც დღეს რუსეთში ცხოვრობს. გაბუნია, მელია და სააკაშვილი არის ერთი “შარაშკა”, საქართველოს სირცხვილი. სააკაშვილმა დიდი ხანია დაკარგა თავისი როლი, ხან აქეთ არის, ხან იქით. გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდას ვარიანტია. იგი ცდილობს ნებისმიერი ფორმით მართოს პროცესები, მაგრამ ვერ მართავს”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია” - პაატა ზაქარეიშვილი გაბუნიას გამოსვლაზე.

“ხელისუფლება სრულიად პარალიზებულია. სამწუხაროდ, საზოგადოებას კიდევ აქვს იმედი, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მაგრამ მან საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა, ქვეყანას ვერ მართავს... ხუთი ბურთი უნდა ათამაშოს, მაგრამ ხუთივე ხელიდან უვარდება. კრიზისის დროს ყველა პარაზიტი ერთად გამოჰყოფს თავს, რომ სიტუაცია საკუთარ თავზე მოირგოს, ვიდრე ხელისუფლება სუსტია, მოასწროს რაღაც ჩაიჯიბოს… რაც შეეხება დუმის დეპუტატების და კადიროვის განცხადებებს, სახელმწიფო ვალდებული არ არის გაბუნიას გამო ბოდიში მოიხადოს. პასუხის გაცემა კადიროვს ღირსებას მატებს, იტყვის როგორ ავაფორიაქე საქართველოო, ხოლო კიტოვანი ჩნდება იქ, სადაც ლეშის სუნია, ეტყობა რუსეთს კიტოვანის მეტი აღარავინ დარჩა, მშვენიერი ფიგურანტია რუსული პოლიტიკის. მის განცხადებებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან აჟღერებს კრემლის აზრებს, როგორ და სად შეიძლება ჩაარტყან საქართველოს… ახლა სიტუაცია შეიძლება ჩაცხრეს, მაგრამ დროებით, პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ აუცილებლად აიწევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობთ “ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, რადგან ადგილების დათმობა მოუწევთ მომავალ პარლამენტში. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება პირველი სანდრა რულოვსმა გააკეთა საპროტესტო აქციაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავად ვერ იტყვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსო, მაგრამ თუ “ნაციონალები” ამ თემას "ჩაიხვევენ", შეიძლება დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს... რასაც ვიტყვი, ვიცი, რომ იმ ახალგაზრდებს არ მოეწონებათ, ვინც დღეს საპროტეტსო აქციებს მართავს - ისინი უფრო მოქნილები უნდა იყვნენ და მოიცილონ რადიკალიზმი და ბოლშევიზმი. გახარიას გადადგომა დღეს აქტუალური აღარ არის, პროპორციული საარჩევნო სისტემაა გადასარჩენი”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე – “თქვენი აზრით, აქვს მამუკა ხაზარაძეს ის სოციალური კაპიტალი, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას?” – პასუხობს:

“ხაზარაძეს აქვს სიახლის კაპიტალი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი. ხაზარაძე ამ მომენტში უკეთესი ვარიანტია საქართველოსთვის, ვიდრე ზელენსკი იყო უკრაინაში. ის გამოცდილი ბიზნესმენია. ჯერ ალბათ შექმნის მოძრაობას, რადგან ბევრი ხალხი მიეტმასნება, იგივე “ნაციონალებიდან” და “ოცნებიდან”. მერე ეს პროცესი გაიფილტრება და შექმნის პარტიას. რძიდან ყველს რომ ამოიყვან, ისე. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, პირადად მე ხაზარაძის პარტიას მივცემდი ხმას”.

ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს!

“მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარი შეიწირეს. კურსს უკვე გაუფასურებაც აღარ ეთქმის, მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია, რომ სიტუაციის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია. იმის ნაცვლად, რომ ლარს ოდნავ მაინც უშველონ, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც უმოქმედოა. ფაქტია, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ იდგმება. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ განმარტების გაკეთებას ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა გაურბის, არც სებ-ში, არც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში კურსთან დაკავშირებით შეფასება არ კეთდება. შესაბამისად, უცნობია, რა ხდება რეალურად და სანამდე მიჰყავთ ქვეყანა ლარის უკიდეგანო გაუფასურებით. სამწუხაროდ, უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა “რეზონანსის” კითხვებს ეროვნულ ბანკში არ პასუხობენ. გარდა იმისა, რომ სებ-ში ოფიციალური განცხადება არ კეთდება, პრესასთან კომუნიკაციის შესაძლებლობასაც ზღუდავენ და ზღვარგადასული უპასუხისმგებლობის გზას ადგანან, რაც ბოლო დროს უკვე სისტემატურად ხდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლარი უფსკრულში გადაიჩეხა - ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადეს! / 1 დღეში 7 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი კურსის რეჟიმში არ ჯდება.

“ლარის კურსი 3,0-იან ნიშნულს უახლოვდება და თითსაც არავინ ანძრევს, რომ გაუფასურების პროცესი შეაჩერონ. ეკონომისტი აკაკი ცომაია ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციას მოახდენს, თუმცა, საბოლოოდ, როგორც ეკონომისტი ამბობს, რუსეთის დუმის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფრით შეაჩერებს და ქვეყანა ამით უმძიმეს შედეგს მიიღებს. “დუმის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ყველა ფაქტორზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ლარის გაუფასურებას, ალბათ, სებ-ი შეეცდება მოემზადოს ინტერვენციისთვის. ამ მომენტში კურსი დევალვაციას რუსეთის ფაქტორის გავლენით განიცდის. რეზერვებს თუ დახარჯავს ეროვნული ბანკი, ლარს გაამყარებენ, მაგრამ რუსეთის დუმის გადაწყვეტილება თუ ძალაში შევა, ლარს უკვე ვერაფერი უშველის – თუ სანქციები ამოქმედდება, ამის შედეგად დაიწყება პროცესი, რომლის მიხედვითაც უცხოური ვალუტის შემოდინება შეწყდება. ბუნებრივია, შემოსავლები ქვეყანაში კლებას დაიწყებს. სხვა შემთხვევაში, სანქციები თუ არ ამოქმედდა, ლარი არ უნდა გაუფასურდეს. ახლა მაინც აჟიოტაჟის ფაქტორია და ლარი რაღაც დროის მერე ისევ გამყარების გზას უნდა დაადგეს. სხვანაირად ეს პროცესი ვერ აიხსნება. ვფიქრობ, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, რეზერვების ხარჯვას აზრი არ ექნება”, მიიჩნევს აკაკი ცომაია, რომლის განმარტებით ასეთ შემთხვევაში კურსი თანდათანობით გააგრძელებს გაუფასურებას და ახალი წონასწორობის ნიშნულს დაიჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცხადია, რომ დღეს ყველაზე მწვავე კრიტიკას ეროვნული ბანკი იმსახურებს როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე სპეციალისტების მხრიდან, რომელთათვისაც გაუგებარია, რატომ არ ხდება სავალუტო რეზერვების გამოყენება და რატომ დუმს ქვეყნის მთავარი ბანკი ყველაზე მძიმე სიტუაციაში. ფინანსისტი პაატა ბაირახტარი საუბრობს სხვადასხვა მიზეზზე, რამაც მისი თქმით, ლარის სტაბილურობა შეიწირა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძის აზრით, ლარის გაუფასურების მიზეზი რუსეთისგან მოსალოდნელი სანქციებით გამოწვეული პანიკაა. ამ მოცემულობაში აუცილებელია მთავრობამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინოს", - განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო 2 თვეა, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, ამ პროცესების ფონზე სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა, უნდა ჩარეულიყო თუ არა სებ-ი პროცესებში და ზოგადად შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების თავიდან აცილება. ცენტრალურ ბანკს აქვს თავისი სავალუტო რეზერვები; დიახ, სწორედ ის სავალუტო რეზერვები, რომლის შევსებასაც, მნიშვნელოვან წილად ჩვენი ვალუტის სტაბილურობა ეწირება. მაგალითად, თუ 2018 წლის იანვარში რეზერვები 3 მლრდ მცირედით აღემატებოდა 2019 წლის იმავე პერიოდში, მათი მოცულობა 3.7 მლრ-მდე გაიზარდა, ეს, ცხადია, ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია როგორ ხდება რეზერვების შევსება, რათა ამ პროცესით წნეხი არ გავზარდოთ ვალუტაზე. ჩვენთან, პირიქით მოხდა, ანუ სავალუტო რეზერვებმა კი არ დაიცვა ლარი, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გაუფასურებაში!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“ამ დროს ცენტრალური ბანკები თავიანთ სავალუტო რეზერვებს, როგორც წესი იმ მოკლევადიანი, საშინაო ან ფსიქოლოგიური ფაქტორების გასანეიტრალებლად იყენებენ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ვალუტის სწრაფი დევალვაცია ან ფასების სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. მეტიც რიგი ცენტრალური ბანკები, რეზერვებს იყენებენ იმ საგარეო ეგზოგენური ფაქტორების წინააღმდეგაც, რომელსაც წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით ვერ გაანეიტრალებენ, თუმცაღა ინტერვენციის გზით ცდილობენ ეკონომიკასა და ბიზნესს თავიდან ააცილონ ვალუტის, ნახტომისებური გაუფასურება და ეს რყევები უფრო ხავერდოვანი გახადონ. ბოლო ორი წელია, სებ-ს არც ერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად, დღეს არსებული მდგომარეობა სწორედ ნეგატიურ მოლოდინს და მათი როგორც მინიმუმ შერბილება შესაძლებელია. რაც შეეხება მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს და მისი შოკების შთანთქმის ეფექტს, დღეში 7 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში არ ჯდება, ხოლო რაც შეეხება შოკების შთანთქმას, სანამ ბაზარზე შოკური ეფექტი არ მოხდება, კურსი არაფერს შთანთქავს და ის უბრალოდ, აჟიოტაჟურად უფასურდება”, - დასძენს ბაირახტარი.

“ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა. თუმცა, ვინც ახლა 2.95-ად ყიდულობს, ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში უფრო იაფად ვერ იყიდდა. ლარის კურსი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ დოლარზე. შესაბამისად, რუსეთიდან მოსალოდნელ დანაკლისს თუ გადაფარავს სხვა ქვეყნიდან დოლარის შემოსვლის ზრდა (თუნდაც სესხების), ეს დანაკლისი დაბალანსდება. ამასთან, ლარის კურსის დაცემა შეამცირებს იმპორტს, ანუ ქვეყნიდან დოლარის გასვლას. ამიტომ, ახლა მთავრობის დუმილი კი არა, საჭიროა აქტიური ქმედება და საუბარიც, რას აპირებენ”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ბესო ნამჩავაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს