ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2019

რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა? - "ახლო მომავალში რუსული რბილი ძალა კიდევ უფრო გააქტიურდება“

21-დღიანი დუმილი ღია მხარდაჭერის გარეშე - “ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს არ გვადევნებს”

***

რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა? - "ახლო მომავალში რუსული რბილი ძალა კიდევ უფრო გააქტიურდება“

“რატომ გადაიფქირა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს დასჯა? კეთილი პუტინი და ბოროტი დუმა - პოლიტიკური თამაში, რომელიც პუტინმა საქართველოში პრორუსული ძალების გადასარჩენად და რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის წამოიწყო -ასე აფასებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ ემხრობა. 9 ივლისს მან რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის მიზნით, ის არ გააკეთებდა არაფერ ისეთს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა. „რაც შეეხება სხვადასხვა სახის სანქციებს საქართველოს მიმართ, მე არ გავაკეთებდი ამას სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო",-დასძინა პუტინმა. პუტინის განცხადებითვე, საქართველომ თავის დროზე აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, "სამხრეთ ოსეთში" კი გენოციდი მოაწყო. როგორც პუტინი ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი „უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ გადაიფიქრა პუტინმა საქართველოს დასჯა? - "ახლო მომავალში რუსული რბილი ძალა კიდევ უფრო გააქტიურდება“

"საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება. კარგი იქნება იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობის დალაგება უნდა", - განაცხადა პუტინმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინი იმ თამაშს აგრძელებს, რომელიც საქართველოს ოკუპაციის დღიდან დაიწყო. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ადრე თუ პუტინი შეფარულად თამაშობდა, ახლა ეს უკვე ღია და ხილული გახდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სანქციებს არ დაეთანხმოს, პოლიტიკური ხრიკია, რითაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ დუმ-ის მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად პუტინი კეთილია, რომელსაც ქართველი ხალხი „უყვარს". „ამ განცახდებით პუტინი შეეცადა, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწაყობილი ძალებისთვის ხელჩასაჭიდი კოზირი მიეცა, რომლითაც მათ საქართველოში იმ აზრის კულტივირება დაიწყონ, რომ თურმე რუსეთთან დიალოგი და მოლაპარაკება შეიძლება. "ბრძენმა ლიდერმა საქართველო არ გაწირა და ა.შ. სამომავლოდ ეს ნარატივი კი უფრო გაძლიერდება. მეორე მხრივ კი, ამ თავისი პოზიციით, ანტირუსულ და ანტისაოკუპაციო განწყობებს საქართველოში არეალი შეუზღუდა. ამ განწყობით გამსჭვალულ ადამიანებს პრორუსული ძალები მუდმივად იმას შეახსენებენ, რომ მათ საქართველოში ეკონომიკის სრულად ჩამოშლა სურთ", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან", - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ უნდა დავძაბოთ, რადგანაც პირველ რიგში ამით ეკონომიკას ვავნებთ, საკმაოდ ანგარიშ გასაწევია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთი მოსაზრების მქონე ადამიანები, როგორც რეგიონში სოფლის მეურნეობით დასაქმებული ადამიანები, ასევე ბიზნესწრეებში მოღვაწე ბიზნესმენებიც არიან. ასე რომ, ამ ერთი გასროლით პუტინი ორი კურდღლის მოკვლას ცდილობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ყველაფერს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მან აქამდე ყველასთვის უცნობი ისტორიის ვერსია შემოგვთავაზა, ამით ერთგვარად ეცადა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის გადაწყვეტილება გაამართლოს. თითქოს და მან აფხაზი და ოსი ერი ქართველების გენოციდისგან დაიცვა. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს პუტინის პოზიციასთან დაკავშირებით, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საკმაოდ სწორი მიდგომაა და ეს არის ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც „ოცნების" ხელისუფლება მიმართავს. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ განცხადებით საქართველოს საზოგადოების განწყობაზე და აზრზე ზეგავლენას ცდილობს. ასევე პრორუსული განწყობის ადამიანები წაახალისოს და აჩვენოს, რომ როგორი კეთილგანწყობილია ქართველი ხალხის მიმართ და ორ ქვეყანას შორის სიტუაციას მხოლოდ პოლიტიკოსები აფუჭებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ეს ყველაფერი კი იმისთვის არის გამიზნული, რომ საქართველოში აზრი ორად გაიყოს და ჩვენი მოსახლეობის პოლარიზება მოხდეს. როგორც ეს მაგალითად მოლდოვაში ხდება. კაკაჩია ამბობს, რომ პუტინს ეს უკვე გამოუვიდა, რადგანაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამის დამადასტურებელი განცხადებები უკვე გაკეთდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინის ეს მესიჯი მხოლოდ საქართველოსთვის განკუთვნილი არ იყო და ყველა სხვა ქვეყნებსაც აჩვენა, რუსეთს როგორ უნდა ესუბრონ. „სამწაუხაროა, როდესაც რუსეთის დეპუტატების და დუმის განცხადებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ კრემლს სრული პანიკა აჩვენა. აპოკალიპტური სურათი დახატეს და ამის საპასუხოდაც პუტინმა საქართველოში რბილი ძალის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ერთი ნაბიჯი გადადგა. ერთი ჟურნალისტის უტიფარ განცხადებას იმხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ რუსეთისთვის ეს უკვე წითელი შუქის ტოლფასი იყო. 7 წლის განმავლობაში პუტინმა საქართველოში ფეხი უკვე იმდენად მოიმაგრა, რომ მას ახლა ამდენი წლის ნაშენები პოლიტიკის დანგრევა აღარ უღირდა. მან ამ ნაბიჯით პრორუსული ძალების გადარჩენა და კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. ჩვენ გვახსოვს ალბათ, რომ 2013 წლამდე ეს ძალები საერთოდ იმალებოდნენ და კაცმა არ იცოდა ვინ იყვნენ. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას მათთან პირიქით, ვალდებულებებიც კი აქვს",-აცხადებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.

"თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ ძალების და რუსეთის მიმართ. ადრე თუ საგარეო პოლიტიკას ამხელა მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ახლა ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას გარკვეული წითელი ხაზები გაუვლო, რომლის გადაკვეთის უფლებას აღარ მისცემს. კაკაჩია ამბობს, რომ „ოცნების" ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ორ სკამზე ჯდომა აღარ გამოდის და საზოგადოება მას ამის შემდეგ მოსთხოვს, რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოხდეს. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში რუსეთის რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურებას უნად ველოდოთ. „რაც შეეხება პუტინის მიერ შემოთავაზებულ ისტორიის ახალ ვერსიას, ეს არის საკმაოდ სახიფათო, რადგანაც ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ მეცნიერულ და პროფესიულ დონეზე ამ პერიოდის მოვლენებზე ახალი და მცდარი ვერსია შეიმქნას. ამით კი პუტინი შეეცდება, რომ 2008 წლის ომი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება გაამართლოს", - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

21-დღიანი დუმილი ღია მხარდაჭერის გარეშე - “ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს არ გვადევნებს”

"20 ივნისის ღამიდან დღემდე, საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, სტაბილური ვითარების შენარჩუნება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც უფრო ცხელ ფაზაში გადადის და ეს ვნებათაღელვა „გავრილოვის ღამის" შემდეგ არ ცხრება, რასაც კრემლის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციები და შეზღუდვებიც მოჰყვა. თუმცა, ამ ყველაფერზე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დუმილს ამჯობინებენ. მათი მხრიდან არ მომხდარა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება. რა პროცესთან გვაქვს საქმე და რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს დუმილი?“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 21-დღიანი დუმილი ღია მხარდაჭერის გარეშე - “ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს არ გვადევნებს”

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი კრიზისული ვითარება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ოფიციალური განცხადების გაკეთებას საჭიროებდეს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ საელჩოების დონეზე, განცხადებები უკვე გაკეთდა. "საერთაშორისო, წამყვანი მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ამ საკითხებს. ეს პირველი ეტაპი იყო, რომელიც შიდა პოლიტიკურ კრიზისთანაა დაკავშირებული. აქ არ მომხდარა მასობრივი არეულობა, ან მკვლელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება ყოფილიყო, რადგან ყველა ქვეყანაშია ასეთი კრიზისი. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ეს მედიასაშუალებები ამ თემასაც აქტიურად აშუქებდნენ. „ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება და ამასთან ერთად იყო რამდენიმე საელჩოს განცხადებაც. ოფიციალურ დონეზე რა უნდა გაკეთებულიყო? რევოლუცია არ მომხდარა. ეს არის ჩვეულებრივი, პოლიტიკური ჭიდილი. "მესმის, რომ საქართველოსთვის დიდი ამბავია, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, რა შეფასება უნდა მომხდარიყო? ამ შემთხვევაში შესაფასებელი არაფერი იყო. რაც მთავარია, დასავლეთში მასმედია ამას მუდმივად აშუქებს. თუ იმას ვფიქრობთ, რომ მაღალ დონეზე უნდა გაკეთდეს განცხადებები, აქ სიტუაცია ისეთ კრიზისულ დონემდე არ არის მისული, რომ მაღალი დონის განცხადებები გაკეთებულიყო," - აღნიშნა კაკაჩიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ელჩების მიერ გაკეთებული განცხადებების უკან თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დგანან და სწორედ მათი სახელით გაკეთდა ის განცხადებებიც, რაც აქამდე მოვისმინეთ. „საქართველოში ვეროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებები ვნახეთ და ჩვენ თუ ველოდებით ევროკავშირი განცხადებას გააკეთებს, ეს, როგორც წესი, ასე არ ხდება-ხოლმე, როდესაც ქვეყანაში შიდა მოვლენებს აქვს ადგილი და საპროტესტო მუხტია, ასე ხელაღებით თქმა იმისა, რომ ამ ყველაფერზე დუმილია, გამიჭირდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია და ეს არ არის მხოლოდ ელჩების განცხადებები. ამ განცხადებების უკან დგას უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. „რაზე უნდა ჰქონოდათ რეაქცია? ერთადერთი, რაც იყო, რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, ეს ფრენების აკრძალვა გახლდათ. არ მახსენდება, რომ ევროკავშირს მსგავს რამეზე განცხადება გაეკეთებინოს. რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ემბარგოს შემოღებას. აქედან გამომდინარე, არამგონია, რომ ამ კუთხით, დამატებით რაიმე შეიძლებოდა გაკეთებულიყო," - აცხადებს ჩხიკვაძე. 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" შემდეგ მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა და საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერა. 7 ივლისს კი, ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო ლექსიკით მოიხსენია, რის შემდეგაც ორშაბათს რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას და საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას”, - განაგრძობს გამოცემა.

"აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღუდგინა. ხოლო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან ყირიმის უკანონო ანექსიის გამო მოქმედებდა. ევროსაბჭოს წევრების მიერ რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება შვიდი ქვეყნის დელეგაციამ და მათ შორის, საქართველომ გააპროტესტა. კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ეს ცალკე განსახილველი თემაა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას, ამ კონტექსტში, არ შეიძლება დავუკავშიროთ. "ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის დაბრუნება შემადგენლობაში, ეს ცალკე განსახილველი საკითხია, მაგრამ, არამგონია, რომ ამასთან რაიმე კავშირში იყოს. აქ მთავარი ის ფაქტია, თუ რატომ მოხდა რუსეთის უკან დაბრუნება. "ევროპულ სახელმწიფოებს მიაჩნიათ, რომ იქ რუსეთის ყოფნა უფრო სარგებლიანია. როდესაც ის ევროპის წევრია, უფრო მარტივად მოხერეხდება მისი კონტროლი, ვიდრე მის გარეთ იყოს და საერთოდ არავითარ წესრიგს არ ემორჩილებოდეს. დამატებით მნიშვნელოვანია ის ფინანსური შენატანი, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთს შეჰქონდა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო. ამასთან დაკავშირებით რაიმე თეორიების შექმნა არამგონია მიზანშეწონილი იყოს. „მოვლენები დრამატულად არ განვითარებულა, რომ ვიღაცის ჩარევა გამხდარიყო საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს არ გვადევნებს. ასეთი აქტიურობა ალბათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არის მოსალოდნელი, როდესაც ტემპერატურა უფრო მეტად აიწევს. მაშინ ვნახავთ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ამ პროცესში ჩაერთვებიან”, - დასძენს გამოცემა.

"ემბარგო რომ შემოეღო, სამხედრო ჩარევა დაწყებული. ამას მოჰყვებოდა შეფასებები, თუმცა ჯერჯერობით რადგან მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის გამოც მთელი მსოფლიო უნდა აღშფოთდეს. გასაგებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლოში უამრავი სხვა რამ ხდება, რომელიც დიდი სახელმწიფოების ყურადღებას იპყრობს და ამ ინფორმაციულ ომში საქართველო შეიძლება ისე არ გამოჩნდეს, როგორც ჩვენ გვინდა," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. ვანო ჩხიკვაძე საბჭოს შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამ ნაბიჯს „ნაადრევს" უწოდებს. „ევროპის მხრიდან ხმის აღდგენა რუსეთისთვის ნაადრევი იყო და მომენტი სწორად არ გახლდათ შერჩეული. მაშინ, როდესაც ოკუპაცია გრძელდება, უკრაინაში ყირიმი ანექსირებულია, რუსული სამხედრო ბაზები საქართველოშია განთავსებული, მგონია, რომ არასწორია ასეთი ნაბიჯის გადადგმა," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო