„კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

ფოთში, საფეხბურთო გუნდის ,,კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და აუცილებელია დროულად გამოინახოს თანხები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა. საუბარია 45 ათას ლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ- ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს 6 ქულა დააკლდება.
შეკრებილების განცხადებით , ეს გუნდის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.
,,ფოთის ,,კოლხეთი 1913” დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. დღეს გავარდნის პირას კი არა, დაშლის პირასაა. გვინდა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრა იმისათვის, რომ ამ კლუბის გადასარჩენად ერთად გამოვნახოთ გზები. ქალაქს უნდა ჰქონდეს ფეხბურთი, რათა არ გაქრეს სპორტის ორბიტრიდან ფოთი. გული შეგვტკივა გულშემატკივრებს.გუნდს აქვს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემა,”-განუცხადა ჟურნალისტებს ,,კოლხეთი 1913”-ის გულშემატკივარმა დავით ძაძამიამ.
შეკრებილების განცხადებით, თუ პრობლემა არ მოგვარდა აქციებს გამართავენ.

























