ფოთის მერის განცხადებით საფეხბურთო კლუბის „კოლხეთი 1913“ ფინანსური პრობლემები დროულად მოგვარდება

ფოთის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და გუნდის რამდენიმე გულშემატკივარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კლუბში არსებულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გუნდის წარმომადგენლების თქმით, სასწრაფოდ უნდა გამოინახოს ფინანსური სახსრები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა. საუბარია 45 ათას ლარზე. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის დირექტორის ზაზა ინაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული დავალიანების დაფარვა დღესვე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს. მისივე თქმით, არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვის ერთ-ერთ ვერსიად ფეხბურთელებისთვის პრემიების დროებით შეჩერება განიხილებოდა, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუნდის სპონსორულ ანგარიშზე გარკვეული თანხაა დარიცხული.

„ამ დროისთვის სპონსორულ ანგარიშზე გარკვეული თანხაა შემოსული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ვალის მთლიანად დასაფარად. ფეხბურთელებთან საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რაც მათ პრემიები ერგებათ, დროებით ამ თანხით დაფარულიყო არსებული დავალინება, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა.იმედია, დღის ბოლომდე გუნდის ხელმძღვანელობა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, გამონახავს ალტერნატიულ გზებს პრობლემის მოსაგვარებლად. მაქსიმალურად ვცდილობთ ფოთის ,,კოლხეთს“არ დააკლდეს 6 ქულა. ქულების დაკლება გუნდზე ძალიან ცუდად აისახება,რადგან გუნდი უბრუნდება იმ ზონას, სადაც მე-2 ლიგიდან პირდაპირ გავარდნის საშიშროება არსებობს",- განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ინაშვილმა.

თავის მხრივ, ფოთის მერი გოჩა კურდღელია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქალაქში მოქმედ კომპანიებთან, რომლებმაც გუნდის დახმარების სურვილი გამოთქვეს.

,,ფოთის „კოლხეთი 1913-“ში არსებობს ფინანსური პრობლემები. ჩვენდა საბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ სპორტული კუთხით წარმატებები გვაქვს და კლუბში განხორციელებულმა ცვლილებებმა გააკეთა ის, რომ დღეს გუნდს აქვს საკმაოდ კარგი შედეგები. რაც შეეხება არსებულ პრობლემას, საუბარია ფეხბურთელების სახელფასო ძველ დავალიანებაზე, ჩავატარეთ დროული მუშაობა ქალაქში არსებულ საწარმოებთან. საბედნიეროდ არის კომპანიები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. დაიწყო თანხების გადმორიცხვა და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ამ კომპანიების სიას, რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით და ვფიქრობ, არსებული პრობლემა ჩვენს მიერ დროულად იქნება მოგვარებული",- აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი გუნდში არსებული ფინანსური პრობლემის მოგვარების მიზნით ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო