ბათუმის საკრებულოში სხდომა კამათით დაიწყო

ბათუმის საკრებულოში სხდომა კამათით დაიწყო

ბათუმის საკრებულოში სხდომა კამათით დაიწყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს ინიციატივით მიმართეს, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები საკრებულოს დღის წესრიგში განსახილველად დამდგარიყო.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულომ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რაზეც ოპონენტებისგან უარი მიიღო. მმართველმა გუნდმა საკრებულოს ოპოზიციას განუცხადა, რომ ამ საკითხის განხივლა მათი კომპეტენცია არ არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ საკითხს სხდომაზე კენჭი უყარა, თუმცა საკითხს მხარი მხოლოდ ავტორებმა დაუჭირეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

"დავინახეთ ჩვენს ქვეყანაზე უზადოდ შეყვარებული ახალგაზრდები. მათ გულწრფელად დაგმეს რუსი დეპუტატის საქციელი. როგორ აპროტესტებდნენ ქვეყნის ოკუპაციას, მაგრამ სამწუხაროდ, პროცესებში ჩაერთო დესტრუქციული ძალები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციური ძალები და მათი მოწოდებებით, ქმედებებით წაქეზებული მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე, დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, სამწუხაროდ, დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, სამწუხაროდ, რამდენიმემ თვალიც დაკარგა. მე ბოდიშს ვიხდი იმ საზოგადოების წინაშე",- განაცხადა სულიკო თებიძემ.

სულიკო თებიძის ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ უპასუხა:

"28 წლის შემდეგ ზუსტად იმავე ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა მოხდა. ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატი მოთავსდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და რუსულ ენაზე მიმართა საზოგადოებას. ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ამაზე დიდი სამარცხვინო ფაქტი არ მომხდარა," - განაცხადა ქამადაძემ.