ზაალ ანჯაფარიძე -  ხელისუფლებამ, რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციით ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა,  ეს ბრალდება ფაქტებით უნდა დაამტკიცოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა რამ საინტერესო ხდება, საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკურ ძალთა შორის უმთავრესი კამათი სწორედ 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

თავიდან ხელისუფლება საკმაოდ დაბნეულადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ მომხდარი საჭიროებს გამოძიებას. ცოტა ხნის შემდეგ პარალელურად ხელისუფლებამ დაიწყო აქციების რევოლუციის მცდელობად წარმოჩენა და აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გამართლება.

იკითხებიან პოლიტიკოსები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები, რომლებიც აქციის ძალის გამოყენებით დაშლაში მონაწილეობდნენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უმთავრესი კითხვა ასე ჟღერს - იყო თუ არა 20 ივნისს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. თქვენი დაკვირვებით, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტი რამდენად იყო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა?

- ანალიტიკოსები არ ვართ პოლიტიკოსები, ამიტომაც მათგან განსხვავებით მე არ ვაპირებ აუდიტორიის ემოციებზე თამაშს.

ვინაიდან პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებს მისცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია, ველოდები გამოძიების უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებულ დამაჯერებელ სამხილებს, რომელიც არავის არ დაუტოვებს ეჭვების და კითხვების საფუძველს

ვინაიდან პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებს მისცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია, მან ამით მკაფიო განაცხადი გააკეთა და შესაბამისად ველოდები გამოძიების უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებულ დამაჯერებელ სამხილებს, რომელიც არავის არ დაუტოვებს ეჭვების და კითხვების საფუძველს.

- პროკურატურა აცხადებს, რომ აქვს ვიდეომასალები, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციამ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელზეც იგივე ნიკა მელია ცდილობს აქციის მონაწილეები დაამშვიდოს და დააწყნაროს. უცნაურია, თუ რევოლუცია და გადატრიალება მზადდებოდა, ყველაზე აქტიურ აქციის მონაწილეებს იარაღი მაინც ხომ უნდა ჰქონოდათ?

- რამდენადაც ვიცი პროკურატურამ განაცხადა, რომ ის ვიდეომასალა, რაც მათ მიაწოდეს, ნიკა მელიას დაცვის მხარის მონტაჟს დაექვემდებარა, რათა საქმე მელიას სასარგებლო ჭრილში წარმოჩენილიყო. შესაბამისად, უნდა ინახოს ორივე მასალა, რომ გავიგოთ რეალობაში რა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ ყოველგვარი იარაღის გარეშე მოხდა

რაც შეეხება იარაღის ფლობას, შეგახსენებთ, რომ 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ ყოველგვარი იარაღის გარეშე მოხდა. ვინც იცნობს „ფერადოვანი რევოლუციების“ ტექნოლოგიებს მან იცის, რომ რევოლუციის მოხდენას, თუ ის კარგად არის დაგეგმილი და ორგანიზებული, არანაირი იარაღი არ სჭირდება. თუმცა გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას.

- დაკავებული არიან აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებზე ძალადობის გამო კანონის დარღვევისთვის, სამართალდამცავები კი მოქალაქეებისთვის დაზიანებების მიყენების გამო.

ისეთი პირი უჩანს, რომ აქციაში მონაწილე პოლიტიკოსებს უფრო სერიოზულ ბრალდებებს მას შემდეგ წაუყენებენ, რაც სამართალდამცავთა ბრალეულობა გამოიკვეთება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამართალდამცავთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და მოქალაქეებს დაზიანებები მიაყენა.

თუ აქციის მონაწილეების მიერ კანონდარღვევისთვის პოლიტიკოსებს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს პასუხი სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციულად იმდაგვარად გამოყენებაზე, რომ მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს?

- მათ, ვინც გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ვინც ვერ უზრუნველყო ამის თავიდან აცილება აქციის დაშლის პროცესში.

- ალბათ, სწორედ ამიტომ განაცხადა «ქართული ოცნების ლიდერმა ივანიშვილმა - „გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით“, მეტიც - „გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდან, არც ევროპაში, არც ელჩებისაგან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც“...

- დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს აქვს ამომწურავი ინფორმაცია მომხდარზე და დიდი ალბათობით ამითაც არის განპირობებული მისი ასეთი თავდაჯერებული პოზიცია.

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს აქვს ამომწურავი ინფორმაცია მომხდარზე და დიდი ალბათობით ამითაც არის განპირობებული მისი ასეთი თავდაჯერებული პოზიცია

- 20 ივნისს ადგილი ჰქონდა თუ არა გადატრიალების მცდელობას, საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაადგინოს. იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მართლმსაჯულების სისტემაშია, მხედველობაში მაქვს იურისტთა საკმაოდ დიდი კორპუსის მხრიდან მტკიცებები, რომ უზენაეს სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი მართავს, ანდა ის თუ რა პრეტენზიები ისმის ახლა იუსტიციის საბჭოს მისამართით უვადოდ დასამტკიცებელ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე, ასეთ ვითარებაში რამდენად შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს მოლოდინი, რომ 20 ივნისის თემაზე სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ კონიუნქტურას დაქვემდებარებული არ იქნება?

- წინასწარ ამის განჭვრეტა ძალიან რთულია. საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული უნდობლობა სასამართლოს მიმართ, ამ სისტემაში ჯერ კიდევ არის პრობლემები და ამაზე მგონი ყველა მხარე თანხმდება, რომ ეს ასეა.

რთული იქნება სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი დაარწმუნო იმაში, რომ სასამართლო 20 ივნისის მოვლენებზე გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისგან

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის ტოტალური უნდობლობა და ნიჰილიზმი სასამართლო სისტემის მიმართ, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, გარკვეულწილად დაძლეულია და ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებენ.

მე მესმის თქვენი კითხვის პათოსიც და სულისკვეთებაც, რთული იქნება სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი დაარწმუნო იმაში, რომ სასამართლო 20 ივნისის მოვლენებზე გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისგან. ამისათვის არსებობს სწორედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება იქ ეძიონ სამართალი.

- 20 ივნისის თემაზე საუბრისას ბევრი პარალელები ივლება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან. განსხვავებები საკმაოდ ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსებებიც ასევე ბევრია.

დღევანდელი ხელისუფლება წინანდელის მსგავსად ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციას ამზადებდა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ამის მსგავსი ჯერჯერობით არაფერი იკვეთება.

რა თქმა უნდა, მაშინაც და ახლაც ოპოზიციის ლიდერებს უფრო მოზომილად რომ ემოქმედათ კარგი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არც ერთ შემთხვევაში არ იყო.

ორივე შემთხვევაში საქმე იქნა აღძრული რევოლუციის მცდელობისთვის. რა გამოდის, ქართველები რევოლუციების მოწყობისკენ მიდრეკილი ხალხი ვართ თუ ამგვარი ბრალდების წაყენებით ხელისუფლებისთვის უფრო იოლია ოპოზიციასთან ბრძოლა?

- ვფიქრობ, საზოგადოებას ამნეზია არ დამართნია და წესით კარგად უნდა ახსოვდეს, რა ხდებოდა რუსთაველზე 2007 წლის 7 ნოემბერს და 2019 წლის 20 ივნისს. აქედან გამომდინარე, ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს რამდენად გამართლებულია პარალელების გავლება ამ ორ მოვლენას შორის.

ხელისუფლებამ, რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციით ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა, ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდება, რომ იტყვიან, წყალგაუვალი ფაქტებით უნდა დაამტკიცოს

გავიმეორებ იმას რაც ზემოთ მოგახსენეთ, - ხელისუფლებამ, რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციით ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა, ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდება რომ იტყვიან წყალგაუვალი ფაქტებით უნდა დაამტკიცოს. თუ ეს არ მოხდა, რევოლუციის ვერსიის კულტივირებამ შესაძლოა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშაოს.

- პოლიტიკოსთა ნაწილი 20 ივნისის შემდეგ არსებულ ვითარებას „ახალ რეალობად“ აფასებს. მეტიც, ისინი თვლიან, რომ გავრილოვის ვიზიტისა და 20 ივნისის შემდეგ შიდა პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა.

ძნელი სათქმელია რა შეიცვლა და რა არა, მაგრამ ვიცით, რომ ამ პროცესებამდე მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გამოკითხვებში აცხადებდა, რომ არც „ოცნება“ მოსწონდა და არც ერთი პოლიტიკური ძალა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოქმედებას მათსავე რეიტინზე დადებითად ემოქმედა.

თუ მაინცდამაინც ე.წ. „ახალ რეალობაზე“ შევაჩერებთ ჩვენს ყურადღებას, 2020 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სავარაუდოდ როგორ გამოიყურება იგი?

- თუ რა გავლენა მოახდინა 20 ივნისის მოვლენებმა პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების ელექტორალურ გავლენებზე, მათ პოზიციონირებაზე პოლიტიკურ ბაზარზე, შექმნა თუ არა ახალი პოლიტიკური მოლოდინები და რა სახის, ამაზე კომპეტენტური პასუხის გაცემა შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე თუ შეიძლება, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩატარდება და მოგვცემს მასალას განსჯისათვის.

თუ რა გავლენა მოახდინა 20 ივნისის მოვლენებმა პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ამაზე კომპეტენტური პასუხის გაცემა შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე თუ შეიძლება

რაც შეეხება პოლიტიკაში ახალგაზრდული ფაქტორის შესაძლო ჩართვას, რომლის სტიმულატორადაც 20 ივნისის მოვლენებს მიიჩნევენ, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც გავლენას იქონიებს.

- ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა პროპორციული სისტემის სიკეთეებზე, იმაზე რომ „ირაკლი კობახიძე, მაგარი კაცია და გუნდს გადაეფარა“, ასევ იმაზე რომ ასევე „მაგარი კაცია გახარია, რომელიც თანამდებობისთვის არ იომებს“. როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ამ განცხადებებს და ასევე იმას, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას მმართველი გუნდის ლიდერმა განაცხადა - „ნაცმოძრაობის“ გარდა ალბათ ყველასთან ვითანამშრომლებთ?

- განცხადება კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე წინა დღით პრემიერ მინისტრმაც გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს არის როგორც შიდა ისე გარე აუდიტორიაზე გათვლილი გზავნილი.

„ქართულ ოცნებას“ სურს აჩვენოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ის ითვალისწინებს მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებშიც კრიტიკულად იყო შეფასებული ერთპარტიული დომინირება როგორც დემოკრატიული მმართველობისთვის რისკების შემცველი. კოალიციურ მთავრობაზე საუბრების გააქტიურება იმითაც არის განპირობებული, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, 2020 წლის არჩევნები კი სრულიად პროპორციული სისტემით ტარდება.

„ქართულ ოცნებას“, ამჟამინდელი პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე, აუცილებლად მოუწევს კოალიციის შექმნა. შესაბამისად, ამ განცხადების ადგილობრივი ადრესატები შესაძლოა იყვნენ ის პარტიები, რომლებსაც „ქართულ ოცნებასთან“ ხიდები არ დაუწვავთ და თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს. უფრო მკაფიოდ თანამშრომლობის ეს კონტურები საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად გამოიკვეთება.

ის შედარებით ტოლერანტული დამოკიდებულება, რაც მმართველ გუნდს ამ 7 წლის მანძილზე ჰქონდა „ნაცმოძრაობისადმი,“ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალის მიმართ და რაც დასავლეთის რეკომენდაციაც იყო, დასასრულს უახლოვდება

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებებს „ნაცმოძრაობაზე,“ მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შედარებით ტოლერანტული დამოკიდებულება, რაც მმართველ გუნდს ამ 7 წლის მანძილზე ჰქონდა „ნაცმოძრაობისადმი,“ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალის მიმართ და რაც ასევე დასავლეთის რეკომენდაციაც იყო, დასასრულს უახლოვდება. ყოველივე მომხდარის შემდეგ, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოცდის და განსაცდელის წინაშე დააყენა „ქართული ოცნება“ და რაშიც დიდი იყო „ნაცმოძრაობის“ წვლილი, ურთიერთობები ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის სერიოზულად გამწვავდება.

- ხაზარაძის პოლიტიკურ მოედანზე გამოჩენის შემდეგ საინტერესო იყო თუ რა პოზიცია ექნებოდა ამაზე «ოცნების“ ლიდერს. ბათუმში ამ თემაზე მან განაცხადა - „რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია“.

„თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის დაპირისპირების ფონზე ამგვარი განცხადება ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურება. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ პრაგმატული პიროვნებაა და მისი განცხადება ხაზარაძის პოლიტიკურ ამბიციებზე სწორედ პრაგმატიზმით არის ნაკარნახევი. მოგეხსენებათ, პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები.

არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება“ დაინტერესებული იყოს ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლით და გაძლიერებით, რომ ამით მოხდეს ფაქტობრივად მარგინალიზაციის ზღვარზე მყოფი „ნაცმოძრაობის“ ჩაჩოჩება-შევიწროება და ცივილიზებული ოპოზიციური ფლანგის ფორმირება

არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება“ დაინტერესებული იყოს ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლით და გაძლიერებით, რომ ამით მოხდეს ფაქტობრივად მარგინალიზაციის ზღვარზე მყოფი „ნაცმოძრაობის“ ჩაჩოჩება-შევიწროება და ცივილიზებული ოპოზიციური ფლანგის ფორმირება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მშვიდობიანი განვითარების კალაპოტში გადაიყვანს.

- ბათუმში „ქართული ოცნების“ ოფისის დაფუძნების ცერემონიალზე ბიძინა ივანიშვილმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის გახარიას გადადგომას, რუსეთთან და რუსულ ბაზართან დამოკიდებულებას, თქვენ როგორ შეაფასებდით მის პასუხებს, რას მიანიშნებენ ისინი?

- წინასწარ ვგრძნობ, რომ ალბათ ბევრი მოინდომებს ივანიშვილის პასუხების თავისებურად ინტერპრეტირებას. ივანიშვილის პასუხებიდან გამომდინარეობს, რომ მმართველი გუნდი არ განიხილავს გიორგი გახარიას გადადგომას.

თუმცა, ყურადსაღებია ივანიშვილის ის მინიშნებაც, რომ გახარია არ იომებს თანამდებობისათვის, რითაც შესაძლოა მას ერთგვარი გასასვლელი დაუტოვა იმ შემთხვევისათვის თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, რაც დიდწილად დამოკიდებულია გამოძიების შედეგებსა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.

ყურადსაღებია ივანიშვილის ის მინიშნებაც, რომ გახარია არ იომებს თანამდებობისათვის, რითაც შესაძლოა მას ერთგვარი გასასვლელი დაუტოვა იმ შემთხვევისათვის თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, რაც დიდწილად დამოკიდებულია გამოძიების შედეგებსა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე

თუმცა გახარიას თავადაც აქვს ნათქვამი, რომ გადადგომა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება ივანიშვილს პოზიციას, რომ მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობისა, საქართველომ, მისი ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ უნდა დაკარგოს რუსული ბაზარი, გაიზიარებდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი.

ივანიშვილის პასუხებიდან ჩანდა, რომ მას ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა დასავლეთის შესაბამის წრეებთან 20-21 ივნისის მოვლენებზე და სიტუაცია ამ მხრივ „ოცნებისათვის,“ როგორც ჩანს, არც ისე დრამატულია, როგორც მისი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ

მაშინ, როდესაც ჩვენი ექსპორტი ისედაც მწირია, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ჩავკეტოთ ის უზარმაზარი ბაზარი, სადაც ჩვენი პროდუქცია ბოლო დრომდე მზარდი ტემპებით საღდებოდა.

მხოლოდ უპასუხისმგებლო პოპულისტებს და ცნობილი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ ამისკენ მოუწოდონ. ივანიშვილის პასუხებიდან ჩანდა, რომ მას ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა დასავლეთის შესაბამის წრეებთან 20-21 ივნისი მოვლენებზე და სიტუაცია ამ მხრივ „ოცნებისათვის,“ როგორც ჩანს, არც ისე დრამატულია, როგორც მისი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს