ვახუშტი მენაბდე შეწყალების კომისიაზე - შეუძლებელია პრეზიდენტის აქტით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რაიმე სახის ორგანო შეიქმნას

შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურის აქტით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რაიმე სახის ორგანო შეიქმნას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მენაბდე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი გამიჯნულია მინისტთა კაბინეტისგან და მათ მინიმალური და მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისიწინებული შეხების წერტილები აქვთ.

“უზენაესი კანონის მიხედვით, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კაბინეტი და მასში შემავალი სამინისტროები, თავიანთი აპარატითურთ შეუძლებელია პრეზიდენტს დაექვემდებარონ ან პრეზიდენტმა მათ რაიმე კომპეტენცია განუსაზღვროს. ეს კონსტიტუციური ბალანსის დარღვევა იქნება. ამდენად შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურის აქტით რაიმე სახის ორგანო შეიქმნას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.

პატიმართა შეწყალების საქმეებთან დაკავშირებული კომისია იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შესაძლოა აღარ შეიქმნას. მიზეზად ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო გაჩენა სახელდება, თუმცა ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯავრდებულთა შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს. 6 მარტს, პარლამენტში პირველი მოხსენებით გამოსვლისას კი, სალომე ზურაბიშვილმა კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაზე ისაუბრა.

ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა და ამჟამად მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კოდექსში ჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ხორციელდება. შესაბამისად, პრეზიდენტს კანონის დონეზე ენიჭება უფლებამოსილება, მის კომპეტენციაში შემავალი ნორმატიული აქტის გამოცემის ფორმით, შეწყალების პროცედურული საკითხები დაარეგულიროს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონში დაგეგმილი სწორედ ამ ცვლილებებით უნდა შექმნილიყო სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შემდგომში პრეზიდენტის ბრძანებულებით, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სპეციალური საკონსულტაციო ორგანო ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეებზე დასკვნებს დაწერდა და რეკომენდაციების სახით მას პრეზიდენტს მიაწვდიდა.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის, რადგან როგორც ითქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, ასეთი სათათბირო ორგანოს იუსტიციის სამინისტროში შექმნა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა