ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2019

ნერვების ომის კულმინაცია - რისთვის მიჰყავთ "რუსთავი 2”-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი

რისთვის ემზადება ქართული არმია - "არაა გამორიცხული საქართველო კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს“

***

ნერვების ომის კულმინაცია - რისთვის მიჰყავთ "რუსთავი 2”-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი

"რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, ეს ისედაც არსებული მოლოდინი ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა უკვე დააანონსა კიდეც და ახლა უკვე დროის საკითხია, როდის მოხდება ეს - როდის იშოვის და დანიშნავს ხალვაში ახალ მმართველს - „ევროპელ თუ ამერიკელ მედია-მენეჯერს". „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები და ოპოზიცია აცხადებენ, რომ ეს არის ცენზურის დაწესების დაანონსება, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. ჟურნალისტების განცხადებით, მათ ახალმა გენდირექტორმა პირობა მისცა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდებოდა, თუმცა, ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და ხალვაშის განცხადება არის სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი შეტევა და ღია დაპირისპირება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნერვების ომის კულმინაცია - რისთვის მიჰყავთ "რუსთავი 2”-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი

"ქიბარ ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან 5 დღის შემდეგ უარით უპასუხა „რუსთავი 2"-ის მოქმედი სტაფის, ჟურნალისტებისა და საინფორმაციო განყოფილების პროდიუსერების მოთხოვნას, რომ ხელშეკრულების გაფორმებით თანამშრომლებისთვის მიეცა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები და განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა ახირება, დესტრუქციული ამოცანები და კაპრიზია. უფრო კონკრეტულად კი, ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის საკუთარი სიტყვის ერთგული რჩება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული, თუმცა „სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას". წერილში ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება. „როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში. „მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი... დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას", - ნათქვამია განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ხალვაში ამ განცხადებას დიდი გამოხმაურებები მოჰყვა, ტელევიზიაშიც, ოპოზიციაშიც და ექსპერტებშიც. ,,რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ხალვაშის განცხადებას „ფეისბუქით" გამოეხმაურა. ,,ახირება, კაპრიზი და დესტრუქციული ამოცანა. ამ სიტყვებით მიმართა ქიბარ ხალვაშმა გუნდს, ყველაფერი გასაგებია, საბჭოს შექმნის მოთხოვნა, სადაც მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული NGO-ები იქნებოდნენ, ყოფილა ახირება კაპრიზები და დესტრუქცია", - წერს მელაძე. საგულისხმოა, რომ სამი დღის წინ "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა არხის ახალ მფლობელს და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა და საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების შეყვანა შესთავაზეს. ახლად დანიშნულმა გენდირექტორმა პაატა სალიამ ამ საბჭოს შექმნაზე უარი განაცხადა, მაგრამ პირობა დადო, რომ არც სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერეოდა და არც ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებდა, თუმცა, ხალვაშის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხალვაშმა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე შეტევა დაიწყო”, - განაგრძობს გამოცემა.

"არასამთავრობოები თვლიან, რომ ხალვაშის ამ წერილით სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს ვერ ხედავენ. ასევე, ნაწილი ვარაუდობს, რომ ხალვაშს ეს ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა ადამიანებმა დაუწერეს „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძის თქმით, მოულოდნელი არ არის, რომ ხალვაშს არხის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, როცა არხი საკმაოდ კრიტიკულია პირადად მისდამიც. მისივე თქმით, ხალვაშის განცხადებიდან ვერ ხედავს, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიები არსებობს. საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე ეჭვობს, რომ აღნიშნული ტექსტი არა ქიბარ ხალვაშის, არამედ ხელისუფლებასთან აფილირებული პირების დაწერილია. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ „რუსთავი 2"-ის ახალ მფლობელს არ აქვს წარმოდგენა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. "ვფიქრობ, რომ მას არ აქვს ცოდნა და გამოცდილება, რომ თუკი რაიმე კონკრეტული არ მოწონს და რაიმე ეთიკის ფარგლებს სცილდება, ეს თვითონ თვითრეგულირების საბჭოში შეიძლება გადაწყდეს და ამასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთება საერთოდ წარმოუდგენელია. მითუმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელიც უკვე ფლობს მედიას და ის ღია განცხადებით აძლევს ინსტრუქციას მედიას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის," - ამბობს გიგაური”, - დასძენს გამოცემა.

"მედიაექსპერტი ნინო დანელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორი დღეც ვერ გაუძლო ნერვებმა, როცა დაინახა, რომ „რუსთავი 2"-ს სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. „სინამდვილეში ეს ადამიანები რასაც ამბობენ, შეიძლება ამის სჯერათ, მაგრამ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამიტომ ნებისმიერი სხვა ადამიანის სიტყვის, პირობის ფასი არის ნული. ორი დღე გაუძლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა, მან ვერ აიტანა ის, რომ ამდენი ხნის ნაბრძოლ და მისი აზრით გამარჯვებულად დარჩენილ საქმეში ეს ტელევიზია ისევ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა აქამდე,"- ამბობს დანელია. ოპოზიციაშიც ყველა დარწმუნებულია, რომ ხალვაშის ეს განცხადება ივანიშვილის პიარ-სამსახურშია დაწერილი და წერილი სწორედ ივანიშვილის გაბრაზების გამოხატულებაა”, - წერს სტატიის ავტორი.

რისთვის ემზადება ქართული არმია - "არაა გამორიცხული საქართველო კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს“

“ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო და 14 ქვეყანა - სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2019“ 27 ივლისს გაიხსნება „დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით არაა გამორიცხული, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ერთდროულად შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია როგორ მოხდება კოორდინირება ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საქართველოში სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2019"-ის ჩატარების შესახებ საუბრისას. საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2019" (Agile Spirit 2019) უნდა ჩატარდეს, რომელიც ოფიციალურად სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველო ამ სწავლებას უკვე მეცხრედ მასპინძლობს და მისი მიზანია „მეტი ნატო საქართველოში". აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად სწავლება სამ ლოკაციას მოიცავს: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის ემზადება ქართული არმია - „არაა გამორიცხული საქართველო კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს“

"ალადაშვილის განცხადებით, მნიშვენლოვანია ის ცვლილება, რაც წელს იქნა შეტანილი, - სწავლება, რომელიც ამჯერად სამ ლოკაციაზეა დაგეგმილი, დღეს ქვეყანაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მოსალოდენლია სამხედრო შემოტევა, რისთვის საქართველო მზად უნდა იყოს და სწორედ ამისათვის არის აუცილებელი მსგავსი წვრთნების ჩატარება. „მტკიცე სული 2019" საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება და კარგია, რომ ტრადიცია მკვიდრდება. წინა სწავლებებისაგან განსხვავევით დღეს სიახლე არის ის, რომ მომატებულია მონაწილეთა რაოდენობა და ასევე, ნატო-ს საერთო რიცხოვნობაც. რაც მთავარია, ეს ტარდება სამ ლოკაციაზე: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ვაზიანის და ორფოლოს პოლიგონზე. „დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ერთდროულად გარკვეული შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ან შემოტევის ფარგლებში აღმოჩნდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება კოორდინირება ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე," - აღნიშნა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

"სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას და ასევე 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. „მტკიცე სული 2019" კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში. ალადაშვილი რუსეთის ფაქტორს ასახელებს იმის მიზეზად, თუ რატომ არ ხდება ღია მხარდაჭერა ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან, საქართველოს ალიანსში გაწვერიანების შესახებ; მისი თქმით, სწორედ სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო ჭიანურდება საქართველოს ნატო-ში გაწვერინების საკითხი. „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ეს მძიმე პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარეობს, რაც ასევე სხვადასხვა მიზეზებით განისაზღვრება, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რომლის გამოც, ნატო-ს წევრი ქვეყნების ნაწილი არ ჩქარობს მხარი დაუჭიროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. „ჩვენ ახლა, რომ ველოდოთ ამას და ხელებდაკრეფილები ვისხდეთ, სწორი არ იქნება. ამიტომაც, ასეთი მუდმივი სწავლებები ქართულ არმიას ეხმარება ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები დახვეწოს ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. „ეს რეალურად ავღანეთშიც ხდება, მაგრამ იქ სხვა მიმართულება ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, რადგან ეს მოიცავს, როგორც თავდაცვით ოპერაციას, ასევე პატარა შეტევით ოპერაციებსაც, რომელიც მისადაგებულია საქართველოს რელიეფთან და რეალობასთან”, - დასძენს გამოცემა.

"10 წლის წინ, ჯერ ერაყში და შემდეგ უკვე ავღანეთში, დაიწყეს ჩვენმა სამხედროებმა წასვლა, რაც კარგია, თუმცა ის ამოცანები, რისთვისაც ქართველი სამხედროები ემზადებოდნენ, სულ სხვა იყო; ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, იმ შემთხვევაში თუკი მოწინააღმდეგე შემოვიდოდა, ამის მზადება არ ხდებოდა, რაც სამწუხაროდ აგვისტოს ომმაც აჩვენა, როდესაც ერაყის ოპერაციისთვის მომზადებული ქართველი სამხედროები მტრის მოსაგერიებლად, მზად ნაკლებად აღმოჩნდენენ. არსებობს დეტალები, რაც უფრო მეტად ესადაგება საქართველოს თავდაცვით კონცეფციას," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს „მტკიცე სული 2019"-ის დაწყებასთან დაკავშირებით გამართული პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, რომ ეს პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის „ნატო"-ში ინტეგრაციისთვის. „ამ კვირის მიწურულს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ სწავლება „მტკიცე სულს". ეს სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით. კერძოდ, კი, მისი რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით ორჯერ გაზრდილია, ვიდრე შარშან. სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნების ციკლის ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც ევროპის სარდლობის ორგანიზებით, ამერიკის შეეთებული შტატები ატარებს სამხრეთ ფლანგზე. „მისი მიზანია, რომ მრავალეროვნულ გარემოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავზარდოთ ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები. გაიზარდოს ასევე და თავსებადი გახდეს ჩვენი თავდაცვითი უნარები და ასევე ახალი კომპონენტია აღნიშნული სწავლების ფარგლებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. ეს სწავლება დაიწყება 27 ივლისს და დასრულდება 9 აგვისტოს. „მასში მონაწილეობს ნატო-ს 14 წევრი და პარტნიორი ქვეყანა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 3000 სამხედრო მოსამსახურეს აჭარბებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სწავლება ჩატარდება ძალიან წარმატებულად და ჩვენ კიდევ ერთხელ ამ აქტიურობით განვამტკიცებთ ჩვენ მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რასაც მეტი ნატო საქართველოში ჰქვია და რაც პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის," - განაცხადა ლევან იზორიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა