ამბროლაურში აქცია - „ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ ხორციელდება

ამბროლაურში აქცია - „ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით აქცია „ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში" ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

აქცია ითვალისწინებს კერძო და საჯარო ორგანიზაციების ჩართულობით სხვადასხვა საჭიროების მქონე ადგილობრივი ოჯახების ხელშეწყობასა და წახალისებას.

„სიკეთის თვე რაჭაში" თეატრალური კვარტეტის კონცერტით გაიხსნა, ღონისძიების დასრულებისას კი კომპანია „ლიდერი" პატარებს უფასო ნაყინით გაუმასპინძლდა.

ღონისძიება „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით, კომპანია ,,ლიდერის", „თეატრალური კვარტეტის" „ლილო მოლის", ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

აქციის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს პროდუქტი და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

გასულ წელს „სიკეთის თვის" აქციაში 15-ზე მეტი დიდი და საშუალო კომპანია ჩაერთო და გარდა იმისა, რომ რაჭაში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს გადაეცა ტექნიკა და სხვადასხვა სახის საჩუქრები, მოეწყო ე.წ. „სიკეთის საღამოები" ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებში უფასოდ დაურიგდათ ტკბილეული, ნაყინი და ნატურალური წვენები.