„ნაციონალური მოძრაობა“ - ხელისუფლებამ ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე მოთხოვნა მიზანმიმართულად გაზარდა, რაც რისკებს შეიცავს

ხელისუფლებამ ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე მოთხოვნა მიზანმიმართულად გაზარდა, რაც რისკებს შეიცავს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
დეპუტატები ტურიზმის განვითარებას უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ტურიზმის განსავითარებლად "ქართულ ოცნებას" გეგმა არა აქვს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქვეყანაში ტურიზმის გასავითარებლად ხელისუფლებას ხუთ პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს.
"1. განხორციელდეს სარეკლამო კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც ბათუმს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს, აღნიშნული ქვეყნების დიდი ქალაქებიდან დაინიშნოს დამატებითი რეისები, მგზავრობის სუბსიდირებით;
2. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონფერენციები, ტრენინგები და სხვა შეხვედრები ჩაატაროს აჭარაში, ასევე შესწავლილი იქნას სამიზნე ქვეყნების მაისტურიზმის ბაზრები და მომზადდეს სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება ამ სფეროში მომუშავე ოპერატორებისათვის;
3. ტურისტულ სააგენტოებთან და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს მესაკუთრეებთან ერთად შეიქმნას სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება სამიზნე ქვეყნების ტუროპერატორებზე;
4. დაიგეგმოს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტები ბათუმში, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპორტული შეკრებები და ღონისძიებები გაიმართოს აჭარაში;
5. მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად დაუყოვენებლივ დაიწყოს ტურიზმის განვითარების რეგიონული სტრატეგიის მომზადება, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, ასევე ბაზრის დივერსიფიცირებას, რათა შემცირდეს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება",- განაცხადეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

























