აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი "ნაცმოძრაობის" განცხადებას პასუხობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი "ნაცმოძრაობის" განცხადებას პასუხობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას "საქართველოში ტურიზმის განვითარების შეფერხების" შესახებ გამოეხმაურა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, რეგიონში ყოველწლიურად ტურიზმის მზარდი სტატისტიკა ფიქსირდება და აჭარია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„რეგიონში და ქვეყანაში ტურიზმი აქტიურად ვითარდება, რაზეც ყოველწლიურად ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, გახსნილი ტურისტული ობიექტები, სერვისები, გაზრდილი ფრენები და ტურისტების მზარდი სტატისტიკა მეტყველებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბოლო წლებია სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში რეგიონში რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ევროპულ ბაზრებზე, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. სარეკლამო კამპანიებს არ ვანხორციელებთ რუსეთის ტურისტულ ბაზარზე. მიმდინარე წელსაც, რეგიონის პოპულარიზაცია იანვრიდან დავიწყეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, რაც შემდეგ სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, სატელევიზიო რეკლამებითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით გაგრძელდა. ამ წუთებშიც, BBC, Euronews, Deutsche Welle-ზე სატელევიზიო რეკლამის შემდეგ, რეგიონის საიმიჯო რგოლებს National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

გვინდა გავახაროთ ჩვენი ოპონენტები, რომ უკვე მზადაა რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც გახდება სამოქმედო გეგმა მთავრობისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტის პრეზენტაცია აგვისტოში იგეგმება. რაც შეეხება კურორტ გოდერძის, იქ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც 160 მილიონი ივესტიციას და 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს ითვალისწინებს.

სწორედ მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგია ის ჩარტერული რეისებიც, რაც ბათუმში წელს ტალინიდან, ბაქოდან, ვარშავიდან, ყაზახეთიდან და ვილნიუსიდან სრულდება. ბათუმი და ზოგადად, აჭარა კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საერთაშორისო კონფერენციების, ფესტივალების, სპორტული ღონისძიებებისა და შეხვედრების ეპიცენტრი ქვეყანაში",- განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ტურიზმის განსავითარებლად "ქართულ ოცნებას" გეგმა არა აქვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქვეყანაში ტურიზმის გასავითარებლად ხელისუფლებას ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს.