ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2019

ხაზარაძის დაკავება-არდაკავების საკითხი დღეს გადაწყდება

კახა კუკავა - “ოქრუაშვილს აქვს ინფორმაცია ჟვანიას და პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე და სხვა საქმეებზეც”

დავით ზურაბიშვილი - “ეს არის ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება”

* * *

ხაზარაძის დაკავება-არდაკავების საკითხი დღეს გადაწყდება

“მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დამეწყოს”, - ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 24 ივლისს გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ხაზარაძისა და მისი პარნტიორის, ბადრი ჯაფარიძის დაკავება. ამ საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხაზარაძის დაკავება-არდაკავების საკითხი დღეს გადაწყდება / “მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, განსაკუთრებით იმ ქაოსში, რაც დღეს საქართველოშია”

“თავად ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორცხავს: “მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, განსაკუთრებით იმ ქაოსში, რაც დღეს საქართველოშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, ხვალინდელ დღეზე და ორიენეტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე. მე არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაჩერებს”. მისი თქმით, გააგრძელებენ მოძრაობას, რომ ქვეყანა ძლიერი გახდეს - “მე მოვედი და მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ელემენტარულად, რადგან ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში და მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ და ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი და ის უნდა გახდეს ძლიერი, ევროპული ორიენტაციის”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის პირადი დევნის გაგრძელება. მისივე თქმით, ეს დევნა ზიანს აყენებს როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება - ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა ჯაფარიძემ. რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, რომლის განხორციელებაც უკვე დიდი ხანია დროში იწელება, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკითხები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტის საქმეში არსებობს, გონივრულ ვადებში ამოიწუროს”, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ არსებული მოვლენები ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებას ემსახურება. "მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიდგომა იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება, რეალობას არ შეესაბამება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახვლედიანის განცხადებით, პორტის პროექტის მომავალთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს. “რაც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ვითომ ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება, არასწორია! არასწორია, რადგან, როდესაც მთავარი სპონსორის მიმართ არის წაყენებული ბრალი, ეს მეტყველებს საფრთხეზე. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ზოგადი საინვესტიციო გარემო და ეს უდიდესი პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური თუ ზოგადი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი”, - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ახვლედიანმა. ცნობისათვის, თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად თითქმის 17 მილიონი დოლარის მაქინაციებზე წარედგინათ ბრალი. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 24 ივლისს 17:00 საათზე პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები მათთვის ბრალდების დადგენილების გასაცნობად, რის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სასამართლო კი ამ საკითხზე სავარაუდოდ ხუთშაბათს იმსჯელებს. პროკურატურაში ჯერ არ ამბობენ, მოითხოვენ თუ არა ისინი ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინასწარ პატიმრობაში აყვანას”, - დასძენს გამოცემა.

კახა კუკავა - “ოქრუაშვილს აქვს ინფორმაცია ჟვანიას და პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე და სხვა საქმეებზეც”

“ნაციონალური მოძრაობა” ეს იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ოქრუაშვილი, როგორც მნიშვნელოვანი მოწმე, სწორად აჩვენებს, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორც იხდიდნენ ბიზნესმენები თუ ყოფილი მაღლაჩინოსნები ფულს უსაფრთხოებისთვის “დემოკრატიული მმართველობის” დროს - როგორ გაიხსნა “კოზა ნოსტრას” საქმე, როცა მისი წევრები ალაპარაკდნენ... ამიტომ, ჩვენ რომ ასეთი უუნარო ხელისუფლება და პროკურორები არ გვყავდეს, ოქრუაშვილი არის ოქროს მოწმე და ის უსაფრთხო ადგილას უნდა ჰყავდეთ გადამალული, მის ჩვენებებზე კი 10 კრიმინალი უკვე დაკავებული უნდა იყოს”, - აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოქრუაშვილს აქვს ინფორმაცია ჟვანიას და პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე და სხვა საქმეებზეც” - კუკავა.

“მე პირადად მნიშვნელოვან დანაშაულებებზე ჩვენებების მიცემისთვის ოქრუაშვილის მიმართ ამნისტიას გამოვაცხადებდი; რასაც ოქრუაშვილი ყვება, ეს არის აისბერგის წვერი, იგი გაცილებით მეტ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს “ნაციონალების” მიერ ჩადანილი დანაშაულის შესახებ. ოქრუაშვილი 2004-2007 წლებში იყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფი, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია თუ სხვა. აქვს ინფორმაციები როგორც ჟვანიას და პატრაკაციშვილის გარდაცვალების, ასევე, სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ოქრუაშვილის რანგის მოწმე დიდი ხანი აღარ გამოჩნდება. რაც შეეხება მის განცხადებებს, რას ცდილობს ამით ოქრუაშვილი, ცალსახად საუბარი, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან როგორც ჩანს, არც მას იცნობენ და არც “ნაციონალებს”, მე კი ორივეს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. ამიტომ ამ განცხადებების პრეისტორიაც უნდა გავიხსენოთ. ოქრუაშვილს და მის გვერდით მდგომ ადამიანებს, ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აქვთ სამართლიანი წყენა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“მათ ძალიან მძიმე რამეები გადაიტანეს. ოქრუაშვილმა დაუდო საფუძველი სააკაშვილის რეჟიმის ნგრევას. შემდეგ დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააქციეს, 2012 წელს როცა დაბრუნდა, რა იარლიყი აღარ მიაკერა. ეს მებრძოლი ადამიანები მოიშორეს და “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ნაძირლები და ზნედაცემულები გვერდში დაიყენეს, უმაღლეს პოსტებზე დააწინაურეს; ამათთვის კი მადლობაც არ უთქვამთ. მაგრამ, მე ოქრუაშვილს და მის გვერდში მყოფ ადამიანებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვერ გავამართლებ, ოქრუაშვილი ივანიშვილმა თუ მოატყუა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის გვერდით უნდა დადგე. სააკაშვილის რეჟიმმა, შენ ჯაშუშობა და მოღალატეობა დაგაბრალა, დაგაპატიმრა, იძულებული გაგხადა ქვეყნიდან წასულიყავი. ივანიშვილმა კი იმის საშუალება მაინც მოგცა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავი. შენ კი ისევ სააკაშვილს უდგეხარ გვერდით, ეს ჩემთვის არის აუხსნელი”, - ამბობს რესპონდენტი.

“თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან დაკავშირებით არ გამორიცხავ ხელისუფლებას ჰქონდეს პოლიტიკური მოტივი, მაგრამ, რასაც ხელისუფლება მათ ედავება, ამ მნიშვნელოვანი პროცესის ჩასატარებლად თადუმაძის კომპეტენცია არ ეყოფა. ვერ ვიტყვი, არის თუ არა ხაზარაძე დამნაშავე, მაგრამ მხოლოდ ერთ ბიზნესმენს რომ მიადგები, მეორე, მესამე და მეოთხეს არა, რომლებიც ჯაბას დროიდან გამდიდრდნენ, მაშინ, როცა მთელი საქართველო ლობიოს ვჭამდით, რა თქმა უნდა საზოგადოებაში კითხვები გაჩნდება. რაც შეეხება იმას, რომ 29 ივლისამდე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც სავარაუდოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ 29 ივლისს სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია. თუ ამ საკითხს გააჭიანურებენ და სექტებრისთვის გადადებენ, ქვეყანაში კრიზისი უფრო გაღრმავდება”, - დაასკვნის კახა კუკავა და შეკითხვაზე - “ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით?” - პასუხობს:

“შემდგომი პროცესებიდან საინტერესო ისიც არის, რომ ყველა აპროტესტებს და მთელ საქართველოს აქვს პრეტენზია “რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე, გარდა ძმები ყარამანიშვილებისა, რომელთა ჩამი-ჩუმიც არ ისმის... რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, სამართლებრივად სწორი გადაწყვტილება იქნა მიღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ტელევიზიის დახურვით ან ნოდიკო მელაძის გაგდებით პრობლემა არ მოიხსნება. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რატომ ჰყავს ასეთ ტელევიზიას ამდენი მაყურებელი, სხვა კარგი ტელევიზია არსებობს და ხალხი მაზოხისტია, და მაინც ამ ტელევიზიას უყურებს? მერწმუნეთ, თუ ქვეყანაში გამოჩნდება კრიტიკული, მაგრამ გაწონასწორებული ტელევიზია, ადამიანები თვითონ შეწყვეტენ “რუსთავი 2”-ის ყურებას.

დავით ზურაბიშვილი - “ეს არის ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება”

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ დასავლეთიდან სრული კარტბლანში აქვს. პირველი, რასაც აკეთებს, ხაზარაძეს უპირებს დაჭერას” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მამუკა ხაზარაძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, იგი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობს მათ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადნახევარია გრძელდება და ეს ყველფერი მიმართულია ანაკლიის პორტის შესაჩერებლად. ამბობს, რომ ვერ შეაჩერებენ და გააგრძელებს ბრძოლას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძის საქმე ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა.

“მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბიზნესმენების ადვოკატი მათ დაკავებას არ გამორიცხავს. პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, დანაშაული ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტს/ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკურად განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არანაირი საერთო არა აქვს მართლმსაჯულებასთან. მათი თქმით, ხაზარაძეს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ივანიშვილს სურს ამ მიმართულებით გაანეიტრალოს ხაზარაძე. ასევე, ხაზარაძის განცხადება, რომ აქვს სურვილი პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობის მიღების, რაც გარკვეულწილად შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს და ხელს შეუშლის ხელისუფლებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ივანიშვილს ჰგონია, რომ სრული კარტბლანში აქვს დასავლეთიდან და რასაც უნდა, იმას გააკეთებს, პირველი რასაც აკეთებს, დაჭერას უპირებს ხაზარაძეს. ეს არის ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება. ამ საქმეში პოლიტიკის ნაწილი კი არა, მთლიანად პოლიტიკაა. ივანიშვილი პოლიტიკას არ შეცვლის და ხელს შეუშლის ნებისმიერი ახალი ფიგურის გამოჩენას, რომელსაც აქვს ელექტორატის მოზიდვის რესურსი და ჩაერთვება კონკურენციაში. ივანიშვილმა პოლიტიკური ბრძოლა არ იცის, იცის 90-იანი წლების რუსული მეთოდებით ბრძოლა; რა თქმა უნდა, საქმე ეხება ასევე ანაკლიის პორტს, ვითომ აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას არაფერი ემუქრება, პირდაპირ ვერ დაარტყამენ, მაგრამ შეაჩერებენ, რაც შედის რუსეთის ინტერესებში და ივანიშვილი ამას ხელს უწყობს” - აცხადებს ჟურნალისტთან საუბრისას პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.