გიორგი წოწკოლაური - თამაზ მეჭიაური მერობის მეორე წელსაც ვერ გაერკვა საკრებულოს და მერიის ძირითად ფუნქციებსა და განსხვავებაში

მინდა საკრებულოს უმრავლესობის სახელით განვაცხადო, რომ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, თავისი უფლებამოსილების განხორციელების მეორე წელსაც, სათანადოდ ვერ გაერკვა საკრებულოს და მერიის ძირითად ფუნქციებსა და მათ უფლებამოვალეობებს შორის განსხვავებაში, - ამგვარად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური თიანეთის მერ თამაზ მეჭიაურს გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის არ არსებობით საკრებულო უფრო პრაგმატული გახდება და რეალურად, მისი უმრავლესობა მოწოდებული იქნება საქმის კეთებაზე და არა ჩაშლაზე.

მისივე ინფორმაციით, 2018 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული 21 ინფრასტრუქტურული პროექტიდან მეჭიაურმა მხოლოდ 6-ის შესრულება შეძლო და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლით თიანეთის მუნიციპალიტეტმა რეგიონში ბოლო ადგილი დაიკავა.

„საკრებულოს მხრიდან, მერიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე საუბრობს, მერი, რომელმაც 2018 წელს, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 21 ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ 6 შესრულება შეძლო, ხოლო მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი, შესრულების 48% მაჩვენებლით, საერთოდ ჩააგდო. ამ შედეგებით თიანეთის მუნიციპალიტეტმა რეგიონში ბოლო ადგილი დაიკავა. საგულისხმოა, რომ მის წინა პერიოდში, ყოველ წელიწადს, დაახლოებით 20-დან 26-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდებოდა. თვითმმართველობის კოდექსიის თანახმად საკრებულო ვალდებული იყო სამართლებრივად შეეფასებინა 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. შესაბამისად, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი საკრებულო, მუნიციპალური ბიუჯეტის 48%-ით შესრულებას, დადებითად ვერ შეფასებდა. თიანეთის მერს კი 48 % -ით შესრულებული ბიუჯეტი (მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში 29% შესრულება, საგზაო ინფრასტრუქტურა-20% და ა.შ. ), კარგად შესრულებული სამუშაო ჰგონია!“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

წოწკოლაურმა 2017-2019 წლებში მერიის მხრიდან თანამშრომლებზე პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტებზეც ისაუბრა, რაც, მისი განცხადებით, მერიასა და საკრებულოს უთანხმოების დამატებითი მიზეზი გახდა.

„ამას დაემატა 2017-2019 წლებში მერის მხრიდან მუნიციპალიტეტის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი. ეს ბუნებრივია გახდა მერიასა და საკრებულოს შორის უთანხმოების დამატებითი მიზეზი. მუნიციპალიტეტის ყველა ორგანო, ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია დაიცვას ადამიანები დისკრიმინაციისაგან. დისკრიმინაციის ფაქტები დადასტურებულია სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციით და სასამართლოს რამოდენიმე გადაწყვეტილებით, სადაც მერია თავისი უკანონო ქმედებების გამო დამარცხდა. სამწუხაროდ, თიანეთის მერმა შეძლო და 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის პირველი ფაქტი, თიანეთში განახორციელა. მას ამისათვის ათიათასობით ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, რაც საბოლოოდ თიანელების ჯიბიდან უნდა იქნეს გადახდილი. საკრებულოს მოვალეობაა პროექტების შერჩევაში თანამონაწილეობა, დაგეგმილი პროექტების მოწონება და მერიის თანამდებობის პირების მიერ მათი შესრულების კონტროლი. საკრებულო არ მონაწილეობს პროექტების შესრულებაში. პროექტების განხორციელება მერიის მოვალეობაა. აშკარაა, რომ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ახდენს საკუთარი არაკომპეტენტურობით დაშვებული შეცდომების, შეუსრულებელი პროექტებისა და ჩავარდნილი ბიუჯეტის სხვაზე გადაბრალებას,“ - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტი 21 ივნისს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დუშეთის მუნიციპალიტეტი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩა. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და მას საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ეყოლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა