ლია მუხაშავრია - მსოფლიოში შექმნილი ვითარება და წონასწორობის დღევანდელი მდგომარეობა გადაწყვეტს ჩაილურის წყალს დალევს თუ არა ანაკლიის პროექტი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, პროკურატურამ 16 754 000 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ფაქტზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალი წაუყენა.

იურისტების მტკიცებით, სამართლებრივი თვალსაზრისით “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა ორ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ საქმე გვაქვს „შავი ფულის“ გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია, ან თუ ფული მოიპარე და მიითვისე.

მაგრამ, მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. ის კი არ არსებობს და საქმე აბსურდს ემსგავსება. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარის სამართლებრივ ასპექტებს?

- პროკურატურის მხრიდან ბევრი სკანდალური ბრალდება მოგვისმენია, მაგრამ შემდეგ ის პირები, ვისაც სკანდალური ბრალდება წაუყენეს, პასუხისგებაში აღარ მიუციათ.

ვფიქრობ, სწორედ ახლა იმიტომ გაახსენდა ხელისუფლებას 11 წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქცია, რომ ხაზარაძისა და მისი პარტნიორების ლოიალობა სჭირდება, ხოლო პროკურატურის გამოყენება ამ საქმეში მეტად ეფექტიანად და შედეგიანადაა შესაძლებელი.

პროკურატურის მხრიდან ბევრი სკანდალური ბრალდება მოგვისმენია, მაგრამ შემდეგ ის პირები, ვისაც სკანდალური ბრალდება წაუყენეს, პასუხისგებაში აღარ მიუციათ

ჩვენი უახლესი ისტორია ხომ ბევრჯერ გვიდასტურებს, რომ ბიზნესმენსა და მდიდარ ადამიანს, ბუნებრივია, ურჩევნია ხელისუფლებასთან მშვიდობიანი თანაარსებობა, ვიდრე ბრძოლა და დავიდარაბა.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომჩივანი და დაზარალებული ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდეს? და კიდევ - თუ ასე აღმოჩნდა, რა უნდა ვიფიქროთ - ანაკლიის პროექტმა ჩაილურის წყალი დალია?

- ანაკლიის პროექტმა, თავის მხრივ, გამოავლინა საერთაშორისო ინტერესი ამ პორტისადმი და შესაბამისად საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები და მისი ხელისუფლების მიმდინარე მისწრაფებები - დასავლეთი თუ რუსეთი.

ამიტომ, არც მხოლოდ ხაზარაძესა და მის პარტნიორებზეა დამოკიდებული ანაკლიის პორტის ბედი და არც მხოლოდ ხელისუფლების მაღალ ეშელონებზე.

ვფიქრობ, მსოფლიოში შექმნილი ვითარება და წონასწორობის დღევანდელი მდგომარეობა გადაწყვეტს ჩაილურის წყალს დალევს თუ არა ანაკლიის პროექტი.

ახლა იმიტომ გაახსენდა ხელისუფლებას 11 წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქცია, რომ ხაზარაძისა და მისი პარტნიორების ლოიალობა სჭირდება

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების აქტიურობასა და პოზიციის სიცხადეს ექნება მნიშვნელობა და სათანადო როლი ამ პროცესში. სამწუხაროა, რომ ჩვენ მხოლოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის კურსის ერთგული დარჩება, სხვაგვარად ამაზე გავლენის მოხდენა ნაკლებად ძალგვიძს.

- ამას წინათ მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი შემოდგომაზე პარტიას დააფუძნებდა.

ვერაფერს იტყვით, ბატონ ბიძინას ხაზარაძის პოლიტიკაში შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით აშკარად უცნაური მისალმება კი გამოუვიდა...

- მე პირადად მომეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი არცთუ გულწრფელი იყო ხაზარაძის პოლიტიკური ამბიციების მიმართ, მაგრამ სხვა რა გაეწყობოდა.

ვფიქრობ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაბარება პროკურატურაში ამ ბიზნესმენების პოლიტიკაში მოსვლაზე ივანიშვილის მისალმების ყველაზე გულწრფელი გამოხატულება იყო

ჩვენ ხომ ყოფილი ჰომო სოვიეტიკუსები ვართ და ამიტომ ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვამბობთ და მესამეს ვაკეთებთ.

ვფიქრობ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაბარება პროკურატურაში, ამ ბიზნესმენების პოლიტიკაში მოსვლაზე ივანიშვილის მისალმების ყველაზე გულწრფელი გამოხატულება იყო.

- დამკვირვებელთა აზრით, „რუსთავი 2“-ის თემებთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააქტიურებულმა ექსპროკურორმა და თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უამრავ თემებზე პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებები მისცა.

ამ თემაზე საუბრისას ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ოქრუაშვილის მტკიცებებს, როგორც სამოხელეო დანაშაულს, ვადა აქვს გასული.

იმის გათვალისწინებით, რომ ოქრუაშვილის განცხადებები ქვეყნის უახლესი ისტორიის საკმაოდ სერიოზულ თემებს ეხება, ჩვენ რომ მეტად დემოკრატიული და მეტად ცივილიზებული ქვეყანა ვიყოთ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ოქრუაშვილის მტკიცებებზე საუკეთესო რეაგირება როგორი შეიძლება ყოფილიყო?

- ოქრუაშვილი ახლა ასეთი „ყოჩაღი და ენაწყლიანი“ სწორედ იმიტომაც არის, რომ მის მიერ გაკეთებული აღიარებები ხანდაზმულია, თორემ, გვახსოვს 2007 წლის ზაფხულს ინგა გრიგოლიასთან ასევე მის მიერ გამოჩენილი გულახდილობისთვის რაც გადახდა თავს.

ოქრუაშვილი ახლა ასეთი „ყოჩაღი და ენაწყლიანი“ სწორედ იმიტომაც არის, რომ მის მიერ გაკეთებული აღიარებები ხანდაზმულია

ამასთან, გამორიცხული არა მგონია იყოს მისი ზედაპირზე ტივტივის სურვილი მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა მისი გაცხადებული პოლიტიკური ამბიციების შესახებ კარგად ვიცით.

თუმცა, ეს „დაჩის ზღაპრები“ ხეირიანი პროკურატურისა და გამოძიების ხელში, რაც ჩვენ ასე გვაკლია ქვეყანაში, მეტად საყურადღებო მასალად შეიძლებოდა ქცეულიყო და მრავალი ბნელი ფურცელი ამოეწია სინათლეზე.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი თავისი განცხადებებით პრაქტიკულად ივანიშვილს იწვევს და დარწმუნებულია, რომ ხელსაც ვერავინ ახლებს, ვინაიდან მას მეტის თქმა შეუძლია სააკაშვილთან ივანიშვილის თანამშრომლობის შესახებ.

ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოქრუაშვილი სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობს წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ უკანონობებზე?

- ოქრუაშვილი უბრალოდ ბრიყვია და ამიტომ უფრო და უფრო მეტს საუბრობს, - მე ასე ავხსნიდი ამას და არა მისი შორს მიმავალი გათვლებითა და ანალიზით.

ოქრუაშვილი არც ახლაა წინააღმდეგი იგივე სიბინძურეში გადაეშვას, როგორშიც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, მთავარია დამქირავებელი და დამფინანსებელი იპოვოს

მას სჭირდება ზედაპირზე ტივტივი ნებისმიერ ფასად და ამასობაში არაერთხელ თქვა თავისივე პირით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ბინძური ოპერაციებისა და განხორციელებული გეგმების შუაგულში ტრიალებდა. არც ახლაა წინააღმდეგი იგივე სიბინძურეში გადაეშვას, მთავარია დამქირავებელი და დამფინანსებელი იპოვოს. ვფიქრობ, სულ ესაა მისი ბაქი-ბუქის საფუძველი, ამასთან მისნაირი ტიპებისთვის, მართლაც შეიძლება მაგნიტის როლი ითამაშოს კიდეც. გასათვალისწინებელია, რომ ახლა საქართველოში ცხელა და თავგაცხელებულებს კიდევ რა გამოლევს, განსაკუთრებით ზაფხულობით.

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატები ყოფილ გენპროკურორებს ზურაბ ადეიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს კარგ მენეჯერებად ახასიათებენ.

მეტიც, პრაქტიკულად უარს აცხადებენ მათთვის არაერთ უხერხულ კითხვებზე პასუხების გაცემაზე. თქვენ როგორ შეაფასებდით იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარეობას?

- ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია თვალყური ადევნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებებს და დარწმუნდეს რა სავალალო მდგომარეობაშია დღეს სასამართლო. კანდიდატთა უმრავლესობა ხომ დღეს მოქმედი მოსამართლეა ან უახლოეს პერიოდში ასრულებდა მოსამართლის მოვალეობას.

ვფიქრობ, მოსამართლეთა გასაუბრებებს უნივერსიტეტებში უნდა აჩვენებდნენ სტუდენტებს იმის საილუსტრაციოდ, როგორ არ უნდა უპასუხონ კითხვებს მოსამართლეობის კანდიდატებმა ასეთ გასაუბრებებზე.

სწორედაც რომ უხერხულ და მეტისმეტად უხერხულ კითხვებსაც უნდა უპასუხონ კანდიდატებმა, რომ ყველანი დაარწმუნონ რამდენად ღირსეული და კვალიფიციურნი არიან, თორემ როგორ გინდა სამიდღემჩიოდ მოისხა უზენაესი სასამართლოს მანტია ისე, რომ კითხვებზე პასუხიც კი არ გინდა გასცე.

ვფიქრობ, მოსამართლეთა გასაუბრებებს უნივერსიტეტებში უნდა აჩვენებდნენ სტუდენტებს იმის საილუსტრაციოდ, როგორ არ უნდა უპასუხონ კითხვებს მოსამართლეობის კანდიდატებმა ასეთ გასაუბრებებზე

აქ ვლინდება ამ კანდიდატების პასუხისმგებლობისა და გულწრფელობის დონე, რაც შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს მათი შერჩევისთვის ობიექტური ორგანო რომ ახდენდეს მათ შერჩევას.

იმიტომ, რომ მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების იმედი აქვთ, თავს აძლევენ უფლებას უხერხულ კითხვებს არ უპასუხონ და ეს კითხვები არარელევანტურად მოიხსენიონ, თორემ ობიექტური კონკურსისა და კონკურენციის პირობებში, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად დასაშვებად ჩაითვლება კონკურსანტის ასეთი ქცევა.

- მოსამართლეთა კონკურსში გენპროკურორის შალვა თადუმაძის მონაწილეობაზე, იმაზე, რომ მას სურს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, უკვე ბევრი ითქვა.

მაგრამ, გენპროკურორ თადუმაძეს პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა თუ რატომ მოისურვა მან გენპროკურორის თანამდებობაზე 8 თვის მუშაობის შემდეგ მოსამართლეობა. თქვენ როგორ შეაფასებდით, გენპროკურორ თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე შესაძლო აღმოჩენას?

- მრავლისმეტყველია, რომ ასეთი მოკლე პერიოდის შემდეგ გენპროკურორმა თადუმაძემ გადაწყვიტა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. ალბათ, იმ საშინელ ატმოსფეროს, რომელიც მას გენპროკურატურაში დახვდა, ვერ გაუძლო.

პროკურატურაში ხომ ის მარტო მივიდა გუნდის გარეშე და ამასთან, ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ამიტომ, ბუნებრივია, არჩია პროკურატურიდან ასეთი ფორმით თავის დაღწევა, თორემ, აბა სხვა რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს მის სურვილს.

ან მეორე ვარიანტია, რომ თადუმაძეს მივლინებისთვის ამზადებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რადგან ასე გაცილებით მარტივი იქნება ბიძინა ივანიშვილისათვის საკუთარ პირად ადვოკატთან კომუნიკაცია და მარტივად გაგება თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში.

თადუმაძეს მივლინებისთვის ამზადებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რადგან ასე გაცილებით მარტივი იქნება ბიძინა ივანიშვილისათვის საკუთარ პირად ადვოკატთან კომუნიკაცია და მარტივად გაგება თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში

შესაბამისად, მას გაუადვილდება სასამართლო სისტემის კონტროლი. უზენაესი სასამართლო ხომ სასამართლო სისტემის თავშია და მისი განჩინებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

- ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება ჩვენს საზოგადოებაში ფართოდ განიხილება.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს კრიტიკას ბევრი კი ერიდება, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ბევრს სულაც არ მიაჩნია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ქონებად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ტელეკომპანიაზე პრეტენზიებს ახლა ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, დვალი და აქიმიძეც აცხადებენ.

თქვენი დაკვირვებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სავარაუდოდ როგორი სამართლებრივი გაგრძელების მომსწრენი შეიძლება აღმოვჩნდეთ?

- მე მგონი, გაგრძელება არ იქნება და ხალვაში დარჩება „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ, ვიდრე ეს აწყობს ხელისუფლებას ან ვიდრე რადიკალური ცვლილებები არ მოხდება პოლიტიკაში.

ხალვაში დარჩება „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ, ვიდრე ეს აწყობს ხელისუფლებას ან ვიდრე რადიკალური ცვლილებები არ მოხდება პოლიტიკაში

თორემ, ყველაზე მეტად სამართლებრივი და ფაქტობრივი პრეტენზია, ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით, დვალსა და აქიმიძეს გააჩნიათ, თუმცა პროკურატურაში მათი მიმართვა უპასუხოდ დარჩა და მათ არ გაიზიარეს ჩემი რჩევა, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის თაობაზე, რადგან მაშინ შესაძლოა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება დღეს მათ სასარგებლოდ გამოსულიყო.

რაც უნდა მოლაპარაკება და შეთანხმება მოხდეს მათსა და ქიბარ ხალვაშს შორის, ეს მაინც არ იქნება დვალისა და აქიმიძის საკუთრების უფლების სრული აღდგენა, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, საკუთარ თავს არ დაუტოვეს.

რაც უნდა მოლაპარაკება და შეთანხმება მოხდეს მათსა და ქიბარ ხალვაშს შორის, ეს მაინც არ იქნება დვალისა და აქიმიძის საკუთრების უფლების სრული აღდგენა, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, საკუთარ თავს არ დაუტოვეს

თავის დროზე დვალმა და აქიმიძემ შექმნეს ისეთი მონსტრი „რუსთავი 2“-ის სახით, რომ მან, ჩემი აზრით, კიწმარიშვილი მოინელა და ახლა, ალბათ, არ უნდათ მისი ბედი გაიზიარონ, რაც ადამიანურად სრულიად გასაგებია. თუმცა, საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში რომ ვცხოვრობთ, ამაში ყველა დამეთანხმება.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა