სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" სამთავისს ეწვია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის გუმბათოვანი ტაძრის ეზოში, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანის" კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" შიდა ქართლში გამყოფი ხაზის პირა სოფლებში მოსახლეობის მხარდამჭერ კონცერტებს მართავს.
„კონცერტში, ასევე მონაწილეობდა კასპის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“. ანსამბლი „ბასიანი“ მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა. კონცერტს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა გაუწია“, - აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

























