ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცაგერისა და 58 სოფლის 11 ათასამდე მცხოვრებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, აქამდე ლეჩხუმელები ქუთაისის ბიუროსა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ. ამიერიდან ისინი იურიდიული დახმარების მიღებას მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი ნინო ურთმელიძე წარუდგინა.

„იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტისგან უფასოდ მიიღოს იურიდიული დახმარება და სამართლებრივად სწორად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები.

ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა წარმატება უსურვა ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრიცაა და აღნიშნა, რომ სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია რეგიონის მოსახლეობისთვის.

ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის კარლო კოპალიანის განცხადებით, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნა უდავოდ წინგადადაგმული ნაბიჯია რეგიონში - ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 11 000-მდე ადამიანიდან 3 400 გადახდისუუნარო პირია, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სამსახურის 12 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა