თუშეთში, ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს შეწყდა

თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.
როგორც კახეთის გუბერნატორმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავარიის დროს დაშავებულებთაგან ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორვე მათაგანს დაჟეჟილობები აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც 12 ადამიანი იყო, ხევში გადავარდა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

























