თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დილიდან განახლდა

თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაკარგული 18 წლის ახალგაზრდის ძებნა დილიდან განახლდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხევში ჩავარდნილი მანქანის ამოსატანად მაშველებს დამატებით, მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ, რის გამოც თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის განცხადებით, ვიდრე დაკარგულს არ იპოვიან, ძებნა არ შეწყდება.
„დილიდან კვლავ განახლდა სამუშაოები, მაშველებთან ერთად დღეს სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება მძიმე ტექნიკა, რათა ხევიდან მანქანის ამოტანა მოხდეს. შესწავლილია შემთხვევის ადგილი და პერიმეტრი. ასევე ჩართულები არიან მყვინთავები. რთულად მისადგომი ადგილებია, თუმცა ძებნას არ შევწყვეტთ, ვიდრე დაკარგულს არ ვიპოვით", - აღნიშნა იოსებ ქარუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 6, დაშავდა 2 და ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო: თუშეთში სამძებრო ოპერაცია განახლდა - სამაშველო სამსახური ახალგაზრდას ეძებს

























