ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2019

კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში

რისთვის ჩამოფრინდა საქართველოში ამერიკული “პოსეიდონი”

***

კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში

“გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი" წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით. რა ბედი ელის კარასინი-აბაშიძის ფორმატს და დათანხმდება თუ არა ქართული მხარე კარასინის ნაცვლად დიალოგი გამართოს დიპლომატთან, რომელიც 2007 წელს პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კრემლის მოულოდნელი სვლა - ვინ არის მოსკოვის ახალი მომლაპარაკებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატში / “2007 წელს საქართველოდან გაძევებული დიპლომატი ვოლინკინი ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში და ცდილობდა გავლენის მოპოვებას”

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი შენარჩუნდება, თუმცა, ვინ იქნება კარასინის ნაცვლად, არ იცის და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც რუსეთის საგარეო უწყებიდან ცვლილებაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. "კარასინის შესაძლო შემცვლელის ვინაობასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებიდან შევიტყვეთ დღეს, რაიმე ოფიციალური კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებიდან არ ყოფილა, შესაბამისად, როგორც კი იქნება ოფიციალური ინფორმაცია, შესაბამის კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებთ. ვოლინკინს პირადად არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი მასზე. კარასინთან მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ დიალოგის ეს ფორმატი შენარჩუნდება, მაგრამ პერსონალურ ასპექტებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებდით,"- ამბობს აბაშიძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ივან ვოლინკინის გაძევებას ადასტურებს წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. მისი თქმით, თუკი ეს დიპლომატი დაინიშნება კარასინის შემცვლელად, რუსეთი სწორედ ამ დიპლომატით ჩაანაცვლებს კარასინი-აბაშიძის ფორმატში კარასინს და ეს მათი მხრიდან იქნება ცინიკური ნაბიჯი. „ეს ქეისი მახსოვს, ვოლინკინი მუშაობდა თბილისში საელჩოში და რუსეთის საელჩოში ძირითადად ასე იყო, ყველა რომელიღაც სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო. "ასე, საგარეო დიპლომატი არც არსებობდა და არც არსებობს და ფაქტი, რომ ვინმე ვოლინკინი ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, ხვდებოდა პოლიტიკურ პარტიებს და შიდა პროცესებში ცდილობდა გავლენის მოპოვებას, ასეთი ფაქტი მახსოვს. "ჩვენი სუვერენული უფლებაა ასეთ ფორმატში არ მივიღოთ მონაწილება, მით უმეტეს, ასეთ ცინიკურ ნაბიჯს გადადგამენ და გაძევებულ დიპლომატს დანიშნავენ კარასინის ნაცვლად პრაღის ფორმატში. "მეორე მხრივ, ზოგადად კარასინი-აბაშიძის ფორმატი საერთოდ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მითუმეტეს, თუკი დადასტურდება, რომ კარასინის ნაცვლად ნიშნავენ საქართველოშ არასასურველ პერსონად გამოცხადებულ ადამიანს. ამ ცინიკური ჟესტისთვის პასუხის გაცემა მოუწევს „ქართულ ოცნებას", ისინი არ გადაყლაპავენ ჩვენი ქვეყნის ღირსების ხარჯზე, ან ღირსეულ პასუხს გასცემენ,"- ამბობს ქუთელია” - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, ქვეყნის პრესტიჟისთვის წამგებიანია, როცა წლების წინ გაძევებულ დიპლომატთან ერთად რაღაც ფორმატში დიალოგს წარმართვა ხდება, თუმცა მოლოდინი აქვს. "წესით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ ადამიანთან არ უნდა გაგრძელდეს. დიპლომატს ეკრძალება აწარმოოს ჯაშუშური საქმიანობა და ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. თუმცა, სამწუხაროდ, ვიცით რომ 2008 წლამდე რუსეთის საელჩო საქართველოში ახორციელებდა დახლოებით იგივე ჯაშუშურ ფუნქციას, რასაც საბჭოთა რუსეთის საელჩო 1921 წლის 25 თებერვლამდე, საბჭოთა ოკუპაციამდე. შეიძლება დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს დიპლომატი წინა ხელისუფლებამ გააძევა და ამიტომ ახლა მიიღოს. პუტინმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იყო და საქართველო ოკუპანტიაო, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხიც არ გასცა, ამიტომ შესაძლებელია აბაშიძესთან მოლაპარაკების ფორმატში ამ დიპლომატის დანიშვნაზეც დახუჭოს თვალი. თუმცა, წესით, მნიშვნელობა არ აქვს ეს დიპლომატი როდის აწარმოებდა ჯაშუშობას, ის გაძევებულია და მასთან საქმიანი ურთიერთობები მიუღებელია. მიუხედავად ამის, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი სწორედ მას დანიშნავს კარასინის შემცვლელად აბაშიძის ფორმატში და ხელისუფლებაც მასთან ურთიერთობაზე თანხმობა განაცხადოს,"- ამბობს ჩიტაძე”, - დასძენს გამოცემა.

"გრიგორი კარასინის თანამდებობიდან წასვლაზე და მის შემცვლელად ივან ვოლინკინის მოაზრებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გაჩნდა. ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. 2007 წლის ნოემბერში, შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიცია სპეციალურ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან. რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ოფიციალური ინფორმაციით, ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. რუსეთში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს, კარასინი კი 70 წლის ერთ თვეში ხდება. ცნობილია, რომ რუსი დიპლომატი ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლებს. მის კანდიდატურას სენატორის პოსტზე სახალინის გუბერნატორი აყენებს”, - წერს სტატიის ავტორი.

რისთვის ჩამოფრინდა საქართველოში ამერიკული “პოსეიდონი”

"პირველად საქართველოს აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი „P-8 პოსეიდონი" ეწვია. ავიახომალდის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელმაც „რეზონანსს" განუცხადა, რომ „პოსეიდონს" შეუძლია გააკონტროლოს მთელი შავი ზღვის აკვატორია და საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების, სანაპირო ზოლი. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო ამერიკა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების, ახალი ცივი ომის საკმაოდ მნიშვნელოვან არეალში იმყოფება. მისი თქმით, „ნესბიმიერი თეატრალიზებული გეოპოლიტიკური ქმედებები წარსულს ჩაბარდა," რადგან მაისაიას განცხადებით, დღეს ამ ორი ქვეყნის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე საქართველოს მნიშვნელობამ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მეორე პლანზე გადაინაცვლა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის ჩამოფრინდა საქართველოში ამერიკული “პოსეიდონი” / “ამ თვითმფრინავს შეუძლია გააკონტროლოს მთელი შავი ზღვის აკვატორია - ებრძვის წყალქვეშა ხომალდებს დარტყმებს აყენებს მათ”

"ალადაშვილის განცხადებით, მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი 2000-იან წლებში მოხდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იყო. იმ დროს „ავაქსის" ტიპის შორეული რადიოლოკაციული აღმოჩენისა და მართთვის თვითმფინავის საქართველოში ჩამოსვლამ რუსეთის ხელისუფლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. „პოსეიდონი," - ეს არის ამერიკული, თანამედროვე, წყალქვეშა ნავების აღმომჩენი თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია სამგზავრო „ბოინგ-737"-ის ბაზაზე. მას დამატებული აქვს სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურა და ასევე გააჩნია შეიარაღებაც. მისი მთავარი ამოცანაა ჯერ აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, მათ შორის ატომური და აღმოჩენის შემდეგომ, მათ წინააღმდეგ მართვადი შეიარაღება გამოიყენოს. „შავი ზღვის აკვატორიაში მას შეუძლია საკმაოდ ეფექტიანად გააკონტროლოს წყალქვეშა და წყალზედა სიტუაცია. ბოლო წლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობა ექვს წყალქვეშა ნავამდე გაიზარდა და ამ რუსულ წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. შავი ზღვის აკვატორიიდან სტარტის შემთხვევაში ევროპის დიდ ნაწილს ფარავენ. 2000-იანი წლების დასაწყისში, დავით თევზაძის მინისტრობის პერიოდში თბილისში ასევე პირველად დაჯდა „ავაქსის" ტიპის შორეული რადიოლოკაციული აღმოჩენისა და მართთვის თვითმფინავი, რომელიც ნატო-ს საჰაერო თვალს წარმოადგენს, მაშინ ამ თვითმფრინავმა საჩვენებელი ფრენა განახორციელა კავკასიის ქედის გასწვრივ, სამხრეთის მიმართულებით, რამაც მაშინ რუსეთის ხელისუფლების დიდი პროტესტი მოჰყვა," - აღნიშნა ალადაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ისტორიული ვიზიტი - საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, წვრთნები ჩაატარა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას. აღნიშნულია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ვახტანგ მაისაია ამ ვიზიტს აშშ-ს ერთგვარ დემონსტრაციას უწოდებს. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის მთავარ სამიზნეს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, რომელთანაც ამერიკულ მხარეს ურთიერთობა საკმაოდ გამწვავებული აქვს. "პოსეიდონი" ებრძვის წყალქვეშა ხომალდებს და მისი ფუნქციაა დარტყმები მიაყენოს მათ. საკმაოდ სერიოზული სამხედრო ხომალდის სტატუსი აქვს. მისი შემოსვლა კი უკავშირდება შავ ზღვაში რუსული ფლოტის შეკავების პრევენციას. როგორც ჩანს, ეს ნატო-ს კონცეფციაში ჯდება, რომ მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფების ფარგლებშიც მოიაზრებოდეს ამ ხომალდის შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა. „ჩვენთვის მას საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ამით ამერიკული მხარე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველო აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესების ზონაშია და ჩვენ სამხედრო უსაფრთხოებას ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალები არ გააჩნია, საქართველოში ამერიკული ხომალდების შემოსვლის ხარჯზე ფუნქციის კომპენსირება ხდება. აქ რეალურად ამერიკელების სამხედრო მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაციაა. რუსეთიც თავის მხრივ თავის სამხედრო ძლიერების წარმოჩენას ახდენს”, - დასძენს გამოცემა.

"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისეთ დონეზე არის გართულებული, რომ ნებისმიერი გააქტიურება, განსაკუთრებით სამხედრო მნიშვნელობის გამოიწვევს, როგორც ერთის, ისე მეორე მხარის გაღიზიანებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების სამხედრო გააქტიურება დაიწყება, რასაც ამერიკელების გაღიზიანება მოჰყვება და პირიქით. ეს უკვე ახალი ცივი ომის ფაზაში გადავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი თეატრალიზებული გეოპოლიტიკური ქმედებები წარსულს ჩაბარდა. ჩვენ უკვე შევედით ამერიკა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების, ახალი ცივი ომის საკმაოდ მნიშვნელოვან არეალში,"- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ”, - წერს გამოცემა.

"ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" ავიახომალდის მნიშვნელობასა და მისი მახასიათებელი თვისებების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, "პოსეიდონს" შეუძლია მთელი შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, ასევე საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების სანაპირო ზოლის კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „პოსეიდონებმა" შავი ზღვის აკვატორიის თავზე თუკი მოუხშირეს ფრენას, არ არის გამორცხული, რომ მრავალსაათიანი პატრულირების შემდეგ საწვავის მარაგის დამატება მოახდინონ. ამ თვითმფრინავს შეუძლია ძალიან ეფექტიანად გააკონტროლოს, როგორც მთელი შავი ზღვის აკვატორია, ასევე დასავლეთის სურვილის, ჩვენი თხოვნის თუ სხვა შემთხვევაში, საქართველოს სანაპირო ზოლის კონტროლი მოახდინოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე საზღვაო ზოლისაც კი," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.