თამთა შამათავა - კვლევის თანახმად, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში წამყვან პოზიციებზე არიან დასაქმებულები

„ახალი საქართველო“ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. დოკუმენტში თბილისსა და რეგიონებში ნეპოტიზმის ფაქტებზე არის საუბარი. კვლევის თანახმად, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში წამყვან პოზიციებზე არიან დასაქმებულები.

„ახალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თამთა შამათავა ამბობს, რომ საჯარო სამსახურებში ადამიანები საქმდებიან არა პროფესიონალიზმის, არამედ ნეპოტიზმის ნიშნით. მისივე ინფორმაციით, თითოეული პირი, საჯარო სამსახურში მას შემდეგ დასაქმდა, რაც მისი მეუღლე ან ოჯახის წევრი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" "ახალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრს თამთა შამათავას ესაუბრა:

- რა სახის ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში ნეპოტიზმის ფაქტები გახშირდა, რა გაძლევთ აღნიშნულის თქმის საფუძველს?

- ამ მიმართულებით რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. ბოლო კვლევაში მუნიციპალიტეტების მერების ოჯახის წევრების მოკვლევა გავაკეთეთ. ინფორმაცია მათ მიერ შევსებულ დეკლარაციებს ეყრდნობა, სადაც დაფიქსირდა, რომ გამგებლების, მერების ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები, დედები არიან დასაქმებულები საჯარო სამსახურებში. ხშირად ამბობენ - რა არ უნდა იმუშაონ? ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ამ ადამიანებს მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ ნეპოტისტური პრინციპებით, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება", მათი ოჯახის წევრები მაღალ თანამდებობებზე მოვიდნენ. კონკრეტული მაგალითები შემიძლია გითხრათ. მაგალითად: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი არის გიორგი გოგოლაშვილი და მისი ცოლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუშაობს მუზეუმის მმართველად. გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ცოლი გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მუშაობს და ა.შ. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები მუშაობენ საჯარო უწყებებში რამდენიმე პოზიციაზე. მაგ: ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ცოლი მუშაობს , როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, ამავდროულად, სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერანტორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ. ეს არ არის ერთეული შემთხვევები, ჩვენ მიერ შესწავლილი კვლევით 15 ფაქტი გამოვლინდა თუმცა, კვლევა არ არის სრული და კვლევის მეორე ნაწილს ცოტა ხანში გავასაჯაროებთ.

- თუ გაქვთ ინფორმაცია ნეპოტიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რომელ რეგიონში ფიქსირდება?

- ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კახეთში. საგარეჯოს მერის მეუღლე მუშაობს "საქენერგოში" და ეს არის სააქციო საზოგადოება, სადაც აქციონერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა. სიღნაღის, ყვარლის, საგარეჯოს, ახმეტის, თითქმის ყველა რაიონში მსგავსი პრობლემებია, ეს ადაიანები დასაქმდნენ არა იმიტომ, რომ მათ კომპეტენცია ან გამოცდილება აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრები არიან მაღალ პოზიციებზე. იმ შემთხვევაში თუ ესენი არ იქნებოდნენ მერების მეუღლეები, ან შვილები, ან ძმები, ან დედები ჯანსაღი კონკურენციის პირობებში თუ გაუწევდნენ კონკურენციას სხვა ადამიანებს?!

იმ მოცემულობაში , როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჩამონგრეულია, ლარი სამამდე ავიდა დოლართან მიმართებაში, როდესაც ქვეყნიდან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და დატოვა იმიტომ, რომ ქვეყანაში სამუშაო არ არის, ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ იმ შემორჩენილ მცირე სამუშაო ადგილებზეც კი კონკრეტული მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები არიან განწესებულები.

- კვლევის შედეგად თუ გაქვთ ინფორმაცია დაახლოებით რა რაოდენობის თანხა იხარჯება თქვენ მიერ დასახელებული პირების სახელფასო ანაზღაურებაზე?

- მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებაზე თუ ვისაუბრებთ, საუბარია ასობით ათას ლარზე. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ კვლევა მინისტრების მოადგილეების მეუღლეებზე და აქ ლიდერობდა თავდაცვის სამინისტრო. ლევან იზორიათი დაწყებული მისი სამი მოადგილით დამთავრებული. თითქმის ყველა სამინისტროს, დაახლოებით 10 სამინისტროს მინისტრის მოადგილეების ცოლები მუშაობდნენ მაღალ თანამდებობებზე და აქ საუბარი იყო, რომ ყოველწლიურად მათი შენახვა ჩვენ გვიჯდება 200 000 ლარზე მეტი, მხოლოდ სახელფასო ანაზღაურების ნაწილში. მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურებში ასევე არის სხვა შემოსავლები, პრემია-დანამატები, სამივლინებო ხარჯები, საწვავის ხარჯი და ა. შ.

ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას, შემდეგ ნაწილში იქნება კვლავ მერებთან მიმართებაში. ასევე, ვიწყებთ გუბერნატორების და საკრებულოების და მათი ოჯახის წევრების მოკვლევას, თუ რა ხდება ამ მხრივ. ნეპოტიზმის სენი ახალი არ არის, თუმცა ამ მასშტაბებით და ამ ეკონომიკის ფონზე ცოტა მძიმე საყურებელია.

- შემდგომი რეაგირება როგორი იქნება, თუ მიაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ასახონ შემდეგ უკვე თავიანთ ანგარიშებში?

- რა თქმა უნდა, ამ კვლევებს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მივაწვდით, რომლებიც გავლენიანი არიან და წონა აქვთ. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ყველა იმ უწყებას, სადაც ეს ადამიანები არიან დასაქმებულები წერილით მივმართავთ, რომ წარმოადგინონ რის საფუძველზე მოხდა ამ ადამიანების აყვანა სამსახურებში. მათ კონკურსი გაიარეს, თუ ხელშეკრულებები გაუფორმეს პირდაპირ და კონტრაქტით აიყვანეს.ძალიან საინტერესო იქნება ამ უწყებების პასუხის, თუმცა წინა კვლევას უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ "რა ვქნათ ახლა, ვიღაცა ვიღაცის ცოლი იქნება და უნდა იმუშაონ". თუმცა, ეს რიტორიკა - "რა ვქნა უნდა იმუშაონ" ჩვენ კითხვებს ვერ პასუხობს და პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. ერთ-ერთი რომ ამბობს, „რა ვქნა ჩემი ცოლის ძმას დავასაქმებდი, აბა თქვენსას ხომ არაო“, ეს მესიჯბოქსი, რა თქმა უნდა, უფრო ნეგატიურად მოქმედებს და აღიზიანებს საზოგადოებას. ჩვენ ვითხოვთ რეალურ პასუხებს რეალურ და საფუძვლიან კითხვებზე.

კრისტი ასლამაზაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა