ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2019

რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია

საეჭვო ფაქტები ოქრუაშვილის საქმეში - “ერთი თვის მერე ოქრუაშვილის მიმართ ჩვენებების ჩამორთმევაც კი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია”

ციფრული ვალუტის საწარმოებმა წელს არანორმალურად ბევრი ელექტროენერგია შთანთქეს

* * *

რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია

“რუსეთის ხელისუფლებამ შავი ზღვის მეოთხედზე მეტი ტერიტორია გადაკეტა, რითაც საქართველოს, უკრაინას, ბულგარეთსა და რუმინეთს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა შეუფერხდა. შეზღუდვები შეეხება ზღვის 5 მონაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 118 570 კვარდატული კმ-ია. ოფიციალური მოსკოვის ცნობით, შეზღუდვები 24 ივლისიდან ამოქმედდა 19 აგვისტომდე გასტანს, თუმცა კონკრეტული მიზეზები, თუ რის გამო გახდა საჭირო საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვა, არ დაუსახელებიათ. ამჟამად ამ შეზღუდვებზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება “ცურვისა და ნავიგაციის საფრთხის” შესახებ, ასევე ითქვა, რომ “უნდა ჩატარდეს საბრძოლო წვრთნები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია / უჩივლებენ თუ არა საქართველო, უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში.

“საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ საზღვაო პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევაა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა რუსეთის ქმედება მაინც გაუმართლებელია. მენაღარიშვილის თქმით, შესაძლოა, რომ ეს ერთგვარი “შურისძიება” იყო უკრაინაზე რუსული ტანკერების დაპატიმრების გამო. “ამგვარი ნაბიჯი ჩვეულებრივი ამბავია საზღვაო პრაქტიკაში. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე სამხედრო წვრთნებისას ოკეანის ამა თუ იმ ნაწილში, რომელთან დაკავშირებითაც აცხადებენ გარკვეულ სივრცეს დახურულად, ანუ აცნობებს ნაოსნობის ყველა მონაწილეს, რომ ამ ზონაში შესვლა საფრთხის შემცველია - შეიძლება იყოს სროლა, სამხედრო ხომალდების მანევრირება, ზოგ შემთხვევაში სპეციალური იარაღის გამოყენება, მაგალითად რაკეტების გამოცდა და ა.შ. ეს ბუნებრივია, მაგრამ გაუგებარი ისაა, რომ შავი ზღვა არ არის დიდი სივრცის მქონე და ამ ფართობის ტერიტორიის დახურვა, ანუ არასანაოსნო ზონად მისი გამოცხადება, ფაქტობრივად, მთელ შავ ზღვაში ნაოსნობის გაუქმებას გულისხმობს”, - ამბობს მენაღარიშვილი, რომლის განმარტებით, “როგორც მინიმუმ, ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის უკვე რეგულარულად მოფუნქციონირე საზღვაო ხიდის მეშვეობით მიმოსვლის სრულ შეწყვეტას ნიშნავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასაგებია, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ამას სჭირდება თავის დროზე არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ კონსულტაციები და სხვა პროცედურები. გარდა ამისა, არ შეიძლება, რომ ასეთი ტოტალური ხასიათის იყოს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო სადამსჯელო ხასიათის ნაბიჯი. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მიერ რუსული ტანკერის დაპატიმრების საპასუხოდ მოხდა, ანდა საერთოდ, შავ ზღვაში უკრაინისა და ნატო-ს ერთობლივი წვრთნების წინააღმდეგ მიმართული აქციაა”, - მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თვლის, რომ რუსეთი თავისი ქმედებით ნატო-ს სრულიად კანონიერ უფლებებს არღვევს ისევე, როგორც საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთისას: “ნატო-ს სრულიად ლეგიტიმური უფლება, რომლის თანახმადაც მას აქვს საშუალება თავის პარტნიორ ქვეყანასთან ჩაატაროს ლეგიტიმური სამხედრო წვრთნები, ასევე ირღვევა. რაც შეეხება საერთაშორისო რეაგირებას, შეიძლება რომ მოჰყვეს, მაგრამ ეს არ იქნება ავტომატური - ამისთვის საჭიროა უკრაინამ, ნატო-მ, საქართველომ, რუმინეთმა და ბულგარეთმა შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს მიმართონ“, - ამბობს მენაღარიშვილი, რომლის თქმით, “პირველ ყოვლისა, ეს არის საზღვაო სამართლის შესაბამისი ორგანიზაციები გაეროში”, - დასძენს გამოცემა.

“უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის დიდი ნაწილის გადაკეტვას შესაძლოა ორი რეალური მიზეზი ჰქონდეს - მასშტაბური სამხედრო აღლუმის მოწყობა, ან რუსების მიერ უკვე ზღვაზე წარმოებული ჰიბრიდული ომი. ექსპერტის განმარტებით, შესაძლოა, რომ რუსეთის ეს ქმედება ნატო-ს მუდმივმოქმედი საბრძოლო-საზღვაო ძალების დაჯგუფების ხომალდების გადაადგილებისთვის ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად”, - წერს სტატიის ავტორი.

“პირველი მომენტი ისაა, რომ 28 ივლისს იყო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე და, როგორც ჩანს, რუსები გრანდიოზული ტიპის აღლუმებს გეგმავენ იმ აკვატორიაში, სადაც მათი ოპერატიული ფლოტებია განთავსებული, მათ შორის, შავი ზღვის აკვატორიაში. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჰიბრიდული საზღვაო ომის ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, პირდაპირ აცხადებს ჰეგემონობას ამ აკვატორიაში. ცდილობს, რომ სამხედრო ნაწილები გამოიყენოს ამ მისიის შესასრულებლად, რაც, ფაქტობრივად, ჰიბრიდული საზღვაო ომია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტს აქვს შეიარაღება იმისთვის, რომ ამხელა ტერიტორიის გადაკეტვა გახდეს საჭირო. მის შემადგენლობაში - სავარაუდოდ, აქვს 100 საბრძოლო ხომალდზე მეტი, მას გააჩნია წყალქვეშა ნავები და, გარდა ამისა, რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ შექმნა ე.წ. სრული საჰაერო კონტროლისა და მართვის ზონა - მას შეუძლია, რომ თავისი სტრატეგიული თავდაცვითი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სივრცე გადაკეტოს და საზღვაო კუთხითაც მოახდინოს მისი ბლოკირება, სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მეშვეობით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაიასაია.

“როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს სურს შეაფერხოს ნატო-ს მუდმივმოქმედი საბრძოლო-საზღვაო ძალების დაჯგუფების ხომალდების გადაადგილება. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკული საზღვაო ხომალდები იმყოფებიან შავი ზღვის აკვატორიაში, აქ იმართება ნატო-ს რამდენიმე სრულმასშტაბიანი წვრთნა, ასევე საქართველოში მიმდინარეობს მრავალეროვანი წვრთნები “შეუდრეკელი სულის”, რომელიც ასევე საზღვაო კომპონენტებს მოიცავს. უკრაინაშიცაა ანალოგიური ტიპის წვრთნები დაგეგმილი აგვისტოს ბოლოს და ასევე რუმინეთშიც. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, რუსეთმა ახალი ელემენტი გამოიყენა, რათა სამხედრო მუქარა განახორციელოს საზღვაო აკვატორიაში”, - დაასკვნის მაისაია.

საეჭვო ფაქტები ოქრუაშვილის საქმეში - “ერთი თვის მერე ოქრუაშვილის მიმართ ჩვენებების ჩამორთმევაც კი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია”

“თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ახალ-ახალი კითხვები ჩნდება. კონკრეტულად ის, რომ ყველა ჩვენება, რის საფუძველზე ოქრუაშვილს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება, მიცემულია პოლიციელების და სპეცრაზმელების მიერ და თან, ყველა მათგანმა ჩვენება არა 20 ივნისის მოვლენების შემდგომ დღეებში მისცა, არამედ ერთი თვის შემდეგ, 23-24 ივლისს. ანუ, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადა და ბიძინა ივანიშვილთან სკანდალურ გარიგებაზე ილაპარაკა. ამ ინფორმაციას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ადასტურებს, ხოლო მისი თანაგუნდელებიც და ოპოზიციაც აცხადებს, რომ სწორედ “რუსთავი 2”-ის წილებზე გამოცხადებული პრეტენზიის გამო დაიჭირეს და დასაჯეს ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის თანაპარტიელი კოტე კემულარიას განცხადებით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მაღალი რანგის პოლიციელების ჩვენებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ამას ჰქვია ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საეჭვო ფაქტები ოქრუაშვილის საქმეში / რატომ აქვთ მისჯილი ერთსა და იმავე ბრალდებაზე ნიკა მელიას შინა პატიმრობა, ირაკლი ოქრუაშვილს კი - წინასწარი პატიმრობა.

“სიმართლეა თუ არა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების ავტორების მხოლოდ სამართალდამცველები არიან და ჩვენებები ოქრუაშვილის დაკავების მხოლოდ წინა დღეებში, ანუ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ არის მიცემული - შს სამინისტროში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მიმდინარე გამოძიების დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ოქრუაშვილის ძალადობა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ამიტომ მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე კითხვები არ აქვთ და საფუძველს მოკლებულია შეფასებები, რომ ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში “რუსთავი 2”-ზე გაკეთებული განცხადებების გამოა. თბილისი მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის საქმე და მისი პერსონა უინტერესოა და ყველამ უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი. “ქართული ოცნების” დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, ოქრუაშვილის ადვოკატი რას ამბობს, ან პროკურორი რას ამტკიცებს, ამაზე კომენტარების კეთება პოლიტიკოსების საქმე არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია მსგავსი განცხადებები, რომ “რუსთავი 2”-ის გამოა ოქრუაშვილი ბრალდებული. არანაირად არ მიჩნდება კითხვა. ოქრუაშვილმა რა ჩვენებებიც მისცა საჯაროდ, ეს არის ძალიან კარგი ანატომია იმ ძალადობრივი ხელისუფლების სისტემური დანაშაულის, რომელიც ადრე იყო - ბიზნესრეკეტი, ადამიანების იძულება, დაჭერები, ტერორი ზოგადად მოსახლეობის და რომელთა მემკვიდრეები დღეს გველაპარაკებიან დემოკრატიაზე. ეს არის ჩემთვის ერთადერთი კომენტარი. 20 ივნისის პროცესებშიც, ვინც კადრები ნახა, არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რაც კადრებში ჩანს, ამაზე ოქრუაშვილს ელემენტარული პასუხები აქვს გასაცემი. რატომ ერთი თვის შემდეგ, ეს კითხვა ჩემთან არ უნდა იყოს, ეს კითხვა უნდა იყოს პროკურატურასთნ, სასამართლოსთან და მათ შორის ბრალდებულ ბატონ ოქრუაშვილთან”, - აცხადებს ზოიძე. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალის ერთი თვის შემდეგ წარდგენაზე კითხვები ყველა საღი აზრის მქონე ადამიანს გაუჩნდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ იმდენად საშიში იყო ოქრუაშვილის მოქმედება 20 ივნისის ღამეს, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი ერთი თვის შემდეგ? - ეს ჩვეულებრივი, ნორმალური კითხვაა, რომელიც ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. როდესაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ოქრუაშვილმა განცხადებები გააკეთა, მათ შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, აქაც საღი აზრის მქონე ადამიანს ნორმალური ასოციაციები შეიძლება წარმოექმნას და იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. გარდა ამისა, იმ ვიდეოკადრებში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა, იქ რაიმე განსაკუთრებული ძალადობა ოქრუაშვილის მხრიდან ნამდვილად არ ჩანს. ხალხის მასაში კი იდგა, მაგრამ არც რაიმე საგანი სჭერია ხელში, არც უშუალოდ თავდასხმა განუხორციელებია პოლიციელებზე და რაიმე ხელმძღვანელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია სპონტანურად იმ არეულობაში. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაკვირველია, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და კონკრეტულად იმით არის მოტივირებული, რომ მან გააკეთა ისეთი განცხადებები ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით, რომელიც ხალვაშის საკუთრების ლეგიტიმურობას “რუსთავი 2”-ის წილებზე თავდაყირა აყენებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბარამიძე.

“მისი თქმით, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ ერთი და იგივე ბრალდებაზე ნიკა მელიას შინა პატიმრობა აქვს, ოქრუაშვილს კი - წინასწარი პატიმრობა. ამასთან, ბარამიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებები რომ არ გაეკეთებინა, ის დღეს პატიმრობაში არ იქნებოდა. “მთლიანობაში, ოქრუაშვილის განცხადებები იყო ნამდვილად ღია გამოწვევა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებითაც და ზოგადადაც და როგორც ჩანს, ამან გააღიზიანა ქვეყნის არაფორმალური მმართველი და შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ოქრუაშვილის მიმართ დევნა. კიდევ ვიმეორებ, თუ ოქრუაშვილის მოქმედება თავის დროზე ესოდენ საშიში და სახიფათო იყო საზოგადოებრივი წესრიგისთვის, მაშინვე რატომ არ დაიწყეს ამ მოწმეების გამოკითხვა?” - დასძენს ბარამიძე, რომლიც მტკიცებით, “თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთი თვის მერე დაიწყო ოქრუაშვილის მიმართ ჩვენებების ჩამორთმევაც კი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია”, - დასძენს გამოცემა.

“ორშაბათს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ მოიპოვა ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოძიებას პირველი ჩვენებები 23-24 ივლისს აქვს მოპოვებული. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი. როგორც ცნობილია, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენები, რომლის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო, 20-21 ივნისს მოხდა. შსს-მ შესაბამისი გამოძიებაც მყისიერად დაიწყო, თუმცა “კურიერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ჩვენებები გამოძიებამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოიპოვა. უცხოეთში მყოფი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ივლისამდე დაბრუნდა. დაახლოებით ამ პერიოდში გააკეთა მან არაერთი სკანდალური განცხადება ტელეეთერებში, მათ შორის პრეტენზია გამოთქვა “რუსთავი 2”-ის 100%-იან წილთან დაკავშირებით და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც დააანონსა სასამართლოში. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ აქვს ხალვაშის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ “რუსთავი 2” სწორედ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეკუთვნის. ხალვაში ამ ხელმოწერას გაყალბებულს უწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ციფრული ვალუტის საწარმოებმა წელს არანორმალურად ბევრი ელექტროენერგია შთანთქეს

ციფრული ვალუტის საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა. მწარმოებლების მიერ დახარჯული ელექტროენერგია სამ-ოთხჯერ აღემატება ისეთი მსხვილი კომპანიების მოხმარებას, როგორებიც “ჰაიდელბერგცემენტი”, “ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია” და “რუსთავის ფოლადი” არიან. კრიპტოვალუტის “მაინინგს” ქვეყნის ენერგოსისტემა კოლაფსისკენ მიჰყავს. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში, კრიპტოვალუტის მწარმოებელმა “ბიეფდისიმ” 63.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (31.01 მლნ კვტ/სთ) ორჯერ მეტია. ამავე კომპანიამ 6 თვეში ჯამურად, 216.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია დახარჯა, რაც 2018 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე (64.01 მლნ კვტ/სთ) 238%-ით მეტია. რაც შეეხება კრიპტოვალუტის მეორე მსხვილ მწარმოებელს - “ჯეო სერვერსს”, ესკო-ს მიხედვით, გასული წლის განმავლობაში კი - 107.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება უფიქსირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ციფრული ვალუტის საწარმოებმა წელს არანორმალურად ბევრი ელექტროენერგია შთანთქეს.

“ეს ორი კომპანია ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან, ანუ ელექტროენერგიას სადისტრიბუციო კომპანიების გარეშე, თავისუფალ ბაზარზე ყიდულობენ. საქართველოში დენის მოხმარება ბოლო 3 წლის განმავლობაში თითქმის 20 პროცენტით მოიმატებს - 2017 წლის ბალანსის მიხედვით, მოხმარება 11,875 მილიარდ კვტ/სთ იყო, 2018 წელს - 12,595 მილიარდი კვტ/სთ, 2019 წლის პროგნოზით - 13,376 მილიარდი კვტ/სთ, 2020 წელს კი - 14,188 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ბალანსის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. მოსალოდნელია მზარდი მოთხოვნა “თელასის”, “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და აფხაზეთის აბონენტებშიც. სახეზეა ელექტროენერგიის არნახულად მზარდი ტენდენცია, რაც არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გასაჭირი. ამაზე წერენ ამერიკაში, ევროპაში და უკვე ჩვენთანაც საეჭვოდ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს მაშინ, როცა წარმოება ვერ ვითარდება და დასაქმების მხრივ ვითარება არ უმჯობესდება. ამ დროს ციფრული ვალუტის გამომმუშავებელ დატა-ცენტრებს სულ უფრო მეტი დენი სჭირდებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგალითად, “ბიეფდისის” მიერ მოხმარებული კილოვატები, მეტია ვიდრე “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” მოხმარება, რაც წლის პირველ ნახევარში 86 მლნ კვტ/სთ შეადგენს. მისი თვიური მოხმარება კი სამ-ოთხჯერ აღემატება ისეთი მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების თვიურ ხარჯს, როგორებიც “ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია”, “ჰაიდელბერგცემენტი” და “რუსთავის ფოლადი”. მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში, “ბიეფდისი”-მ 63.5 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, “ჰაიდელბერგმა” - 18.6 მლნ კვტ/სთ, “ჭიათურის მანგანუმ ჯორჯიამ” - 8.7 მლნ კვტ/სთ, ხოლო “რუსთავის ფოლადმა” - 14.2 კვტ/სთ. “ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ ჩვენი მოცულობისა და განვითარების ეკონომიკისათვის, კრიპტოვალუტის საწარმოების განვითარება და დენის ამ მასშტაბის მოხმარება ძალიან არასასურველია. დენის მოხმარების მასშტაბურ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, მისი თქმითაც, მთავარია ამის პარალელურად, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკაც”, - დასძენს გამოცემა.

“ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, თავისთავად პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის, პირიქით. არსებობს ასეთი კოეფიციენტი, რომ ერთი ბრუნდება სამად, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტას და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. ელექტროენერგიის ხარჯვის მატებით არ იზრდება ეკონომიკა. კრიპტოვალუტის წარმოების განვითარება ძალიან კარგია წელში გამართული ეკონომიკის ქვეყნებისათვის, ჩვენთან კი მას უკუშედეგი მოაქვს, მით უფრო იმ პირობებში, როცა წლიდან წლამდე ზრდიან ხარჯს, საქართველოს კი ამ დეფიციტური დანახარჯის შევსება სხვა ქვყენებში დენის ყიდვით უწევს. ეს პრობლემა უფრო მწვავედ დადგება 2020 წლიდან, როცა ენგური დაიხურება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო და ჩვენ უზომოდ ბევრი ელექტროენერგიის შესყიდვა მოგვიწევს. თავისუფალ ბაზარზე ნაყიდი დენი არ დაბრუნდება ეკონომიკაში. ამიტომაა სავალალო, როცა დიდ მწარმოებლებზე მეტი დანახარჯი კრიპტოვალუტის კომპანიებს აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე

“ენერგოსისტემის მოწყობისა და მისი მდგრადობის საკითხი არის გადასახედი და შესაცვლელი. მოთხოვნა უნდა იყოს ისეთ დანადგარებზე, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იქნება თანაზიარი. აუცილებელია მცირე ელექტროსადგურების აშენება, მაგრამ გლობალური ამოცანაც უნდა გადაიჭრას, რაც ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფაა. ეს დამოკიდებულია ზამთრის ენერგიაზე, რასაც გარანტირებულ ელექტროენერგიას ვუწოდებთ. ეს იქნება თბოსადგურები, წყალსაცავიანი და სხვა სადგურები (მაგალითად, ნახშირი), რაც სამომავლოდ უნდა აშენდეს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს