ბათუმში მასშტაბური სანიაღვრე სატუმბი სადგური შენდება

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, არდაგანის ტბის მიმდებარედ მასშტაბური სანიაღვრე სატუმბი სადგური შენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა და პირველადი ნაკადის შემაკავებელი ავზები.
სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის ღირებულება 6 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს და მშენებლობა 2020 წლის II კვარტალში დასრულდება.
პროექტი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

























