გიორგი ვაშაძე - საარჩევნო პერიოდში გიორგი გახარიასთან ერთად შესვლა, „ქართული ოცნებისთვის“ მომაკვდინებელი იქნება

რეგულარული, ყოველდღიური ავიარეისები ლვოვში, გდანსკში, კრაკოვში, რიგასა და ვილნიუსში, ცნობილი ადამიანების კამპანია სახელწოდებით „ესტუმრე საქართველოს“, ლოიალობის ბარათი და თითო ბოთლი ღვინო საჩუქრად თითოეულ ვიზიტორს, ერთი ღამე უფასოდ რეგიონებში არსებულ „გესტ ჰაუსებსა“ და მცირე ტიპის სასტუმროებში, „თბილისობის“ საერთაშორისო ღვინის ფესტივალად გარდაქმნა - ასეთია ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელსაც პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ ხელისუფლებას, ტურისტების მოსაზიდად სთავაზობს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაეწყო და რომელიც პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს - უფრო დეტალურად ინიციატივაზე და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გეგმებზე, რომელშიც შესაძლოა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ პარტიად ჩამოყალიბებაც შედის, ინტერვიუში გაეცნობით:

- მოდით, ჩვენი ინტერვიუ საქართველოს მოსახლეობისთვის ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური პრობლემით, ლარის კურსით დავიწყოთ. ბატონო გიორგი, რა არის მიზეზი, რომლის შედეგადაც ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა?

- მართლაც ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა. ლარის ასეთი მძაფრი ვარდნა არ არის რაიმე კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, ეს არის გამოწვეული ბოლო წლების განმავლობაში გატარებული არასწორი რეფორმებით. მე ამ შეცდომებს და პრობლემებს სამ ნაწილად დავყოფდი: პირველი - ეს არის არასწორი რეფორმების ბრალი, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის დროს, გაგრძელდა გიორგი კვირიკაშვილის პერიოდში და უფრო უარესი მდგომარეობაა მამუკა ბახტაძის დროს. ზოგადად, მე ბახტაძეს ვუწოდებ კვირიკაშვილის გაუარესებულ ვერსიას. პირველი პრობლემა ეს არის კატასტროფული არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი. მეორე მთავარი პრობლემა რაც იწვევს ლარის გაუბედურებას, ეს არის კორუფცია. პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაკავებულები არიან მხოლოდ ერთი რამით: რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ დღეს ბიუროკრატიული საქმიანობით. ეს ყველაზე კარგად ჩანს ტენდერების ნაწილში. ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, რომლებიც იღებენ თანხებს და მერე ქრებიან უკვალოდ. იცი რატომ იშლება ხშირად სხვადასხვა ტენდერები?! იმიტომ რომ ე.წ. „ატკატებზე“ ვერ თანხმდებიან - პროცენტებს ვერ იყოფენ. მესამე ნაწილი, ეს არის მუდმივი პოლიტიკური კრიზისი, ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ქვეყანა. რატომ ვართ ამ მდგომარეობაში? იმიტომ რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა გვაქვს. პრემიერი არც პირველი, არც მეორე, არც მესამე გადაწყვეტილების მიმღები არ იყო. ვინ არის მამუკა ბახტაძე? ხალხო, გეკითხებით ვინ არის ბახტაძე?! ის არის ნულოვანი ფიგურა. ბახტაძე უდრის ნულს. ლარზეც კი ვერ აკეთებს დამაიმედებელ პროგნოზებს, არადა, ეს იმოქმედებდა განწყობებზე, მაგრამ ბახტაძეს თუ არ დაუწერეს ვერაფერს იტყვის - ამიტომაც გაურბის კითხვებს. არც პრემიერს არც მინისტრს არც სამსახურის უფროსებს არავინ არაფერს ეკითხება, დაუშვებენ შეცდომებს არც არავინ პასუხს არ აგებინებს. აქვე განვიხილავ რუსულ რბილ ძალას. შესაბამისად, ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება. ჩვენ ვღარიბდებით ყოველდღიურად. ხორცი უკვე გაძვირდა 2 ლარით, ნებისმიერი პროდუქტი გაძვირდება უახლოეს მომავალში: პური, შაქარი. ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი მოიმატებს.

- ხელისუფლება კი ლარის გაუფასურებას აქციებს უკავშირებს, რომელიც თითქმის ორი თვეა რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, ასევე რუსეთის მიერ ტურისტებზე დაწესებულ სანქციებს...

- წარმოიდგინეთ, ამერიკის პრეზიდენტი, რომ გამოვიდეს და ეკონომიკაში არსებული პრობლემა რაღაც ჯგუფის პროტესტს დააბრალოს - ეს ხომ აბსურდი იქნება?! იმის თქმა, რომ ხალხის აქცია შენს ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს - ეს არის სიბეცე. ვის აჯერებენ ამას?! უნდათ თავიანთი ბრალეულობა გადაიტანონ ხალხზე, რომელსაც ჯანსაღი პროტესტი აქვს.

- მოდით ვისაუბროთ თქვენს 5 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ძირითადად ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ტურისტების მოზიდვას ემსახურება.

- ჩვენ ეს იდეა გვქონდა მანამ სანამ ტურიზმზე და ლარზე ასეთი დიდი დარტყმა განხორციელდებოდა. ჩვენი ხედვაა გავშალოთ ბაზარი, მოვიწვიოთ და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი. მართალია რუსეთმა ტურისტებს საქართველოში შემოსვლა აუკრძალა, მაგრამ დიდი მხარდაჭერის ტალღა წამოვიდა უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ არ მივეცით რუსულ ძალას ქსელების გაბმის საშუალება.

ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვითომ პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თითქოს ითათბირეს და 600 ათასი ევრო გამოჰყვეს რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის. რომელ სახელმძღვანელოში შევიყვანოთ ეს? ამას უნდა დავარქვათ „როგორ არ უნდა მოიქცე კრიზისულ სიტუაციაში“. საიდანაც კრიზისი მოდის ისევ იმ ბაზარზე როგორ უნდა გააკეთო გათვლა?! უკრაინა, პოლონეთი ამოვწურეთ?! აქვე უნდა ვთქვა, რომ მაგალითად, ისრაელში რუსული არხები ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ, რომ საქართველოში რაღაც დაავადებაა გავრცელებული. ეს იმისთვის რომ ისრაელიდან ტურისტები არ შემოვიდნენ. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს?! საელჩო რეაგირებასაც არ ახდენს.

- კონკრეტულად თქვენი იდეები გაგვაცანით და გეგმავთ თუ არა ტურიზმის დეპარტამენტს შესთავაზოთ ეს იდეები განსახორციელებლად?

- აზრი? შეაყარე კედელს ცერცვი იქნება. ეს არის ჩვენი იდეების მხოლოდ 10%. აი მაგალითად „თბილისობა“, რომ ლოკალურ ღრეობად არის ქცეული. თუ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, პირველი ღვინო აქ დაიწურა, რატომ არ შეგვიძლია მოვაწყოთ საერთაშორისო ღვინის ფესტივალი, სადაც ჩამოვლენ საერთაშორისო სომელიები, მასშტაბური სავაჭრო ქსელების წარმომადგენელები, ღვინის მწარმოებლები?! ჩვენ ვართ უძველესი ძაფის, ღვინის, ხორბლის, თაფლის სამშობლო. რკინის, ოქროს წარმოება აქ დაიწყო და ჩვენ ამას აფიშირებას არ ვუკეთებთ. ეს იმას ჰგავს: ბრილიანტი, რომ გქონდეს, რომლის ნახვაც მსოფლიოს უნდოდეს და შენ ამ ბრილიანტს მალავდე. თან გვაქვს ამბიცია და თან ამას არსად არ ვამხელთ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ხუთ პუნქტიანი გეგმა ტურიზმის მიმართულებით გამოაჯანმრთელებს ლარს?

- ორი ნაწილია ლარის გაუმჯობესებისთვის: პირველი სწრაფი რეაგირება არსებულ კრიზისზე, დოლარის შემოდინება უნდა გაიზარდოს. დოლარის შემოდინება გაიზრდება ტურისტების შემოსვლით. ეს 5-პუნქტიანი გეგმა გუშინ უნდა დაგვეწყო. და მეორე, საშუალოვადიანი სტრატეგია, რომელიც უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს წარმოება. ტურიზმის ყოველწლიური ზრდა კეთილდღეობას არ ზრდის, იმიტომ რომ ტურისტი იმპორტირებულ საქონელს იყენებს. უნდა განვავითაროთ ჩვენი წარმოება. ახლა თითქოს ორპირ ქარში ვართ ტურისტისგან ფული შემოდის და ეს ფული ექსპორტირებულ საქონელზე გადის. წარმოების გარეშე ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა.

სექტემბერში ჩვენ წარვადგენთ კომპლექსურ გეგმავს, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკური მიმართულება, სოფლის მეურნეობა. ჩვენი ყველა გეგმა ეფუძნება საქართველოს ისტორიას, მისი პოტენციალის, გეოგრაფიული მდებარეობის, გეოპოლიტიკის ანალიზს, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიოს გლობალურ ინიციატივებს. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ ჩვენ ვიცით, რომ არ უნდა დავაკოპიროთ იდეები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ქართული. „წარმატების ქართული ფორმულა“ დავარქვით. „სინგაპური ორი“ და „ჰონკონგი ორი“ არავის სჭირდება.

- თქვენი ინიციატივები ტურიზმთან დაკავშირებით ქართულია? ანუ ანალოგი არ აქვს?

- ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ტურისტებისთვის ლოიალობის ბარათს. ასეთი ბარათი აქვთ ავიაკომპანიებს და ბანკებს კლიენტებისთვის. ამ ბარათით ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა დავიმაგროთ ტურისტი. აი ნახეთ: ჩამოდის საქართველოში ტურისტი, შედის ნებისმიერ რესტორანში და ამ ბარათით შეუძლია ერთი ბოთლი ღვინის უფასოდ აღება, მერე ამ ღვინოს პოსტავს „ფეისბუქში“ ან სხვა სოციალურ ქსელში - ეს უკვე ძალიან დიდი რეკლამაა. კიდევ ერთი ნაწილია „გესტ ჰაუსებში“ სტუმრობა. შეიძლება თბილისში და ბათუმში არ არის ტურისტების ნაკლებობა, მაგრამ რეგიონებში საოჯახო ტიპის სასტუმროების შევსების პრობლემაა. ამ ბარათით კი ტურისტს შეეძლება ერთი ღამე გაათენოს, რომელიმე „გესტ ჰაუსში“. ერთი ღამით ხომ არ ჩამოვა ნამდვილად?! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრენები იყოს იაფი და ყოველდღიური. 600 ათას ევროს ხელისუფლება ერევნის გავლით ტურისტების მოსკოვიდან ჩამოყვანაზე კი არ უნდა ხარჯავდეს, ახალ რეისებს უნდა ქმნიდეს ბალტიისპირეთიდან და უკრაინის ქალაქებიდან.

- ეკონომიკური ნაწილიდან პოლიტიკურზე გადავიდეთ. მიმდინარე აქციების შეფასება მინდა გთხოვოთ და თქვენი მოლოდინი მაინტერესებს ამ ფონზე, როდესაც ზაფხულია, პროტესტის მუხტმა იკლო, მოლოდინი როგორი გაქვთ, კიდევ არის შანსი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო. ჩვენ მივიღეთ პროპორციული საარჩევნო სისტემა. ის წინააღმდეგობა, რაც მოდის ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნებისადმი ისევ მათ შემოუტრიალდებათ ნეგატიურად. რადგან მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - ეს არის კატასტროფა. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ გახარიას გადაყენება, უბრალოდ, ახლა ცდილობენ არ დათმონ. მომავალში კი სამთავრობო ტურბულენციებს ან გადალაგებებს გადააყოლებენ. იმიტომ რომ საარჩევნო პერიოდში შესვლა გახარიასთან ერთად ეს „ქართულ ოცნებისთვის“ მომაკვდინებელი იქნება.

მეორე უკიდურესობაა, რომ ამ ფონზე მიდის ადამიანების დაკავებები და ვითომ დააკავეს ორი სამართალდამცველი. ვინ დააკავეს? მართლა დააკავეს თუ არა?! ეს არავინ იცის. გახარიაც რომ პროკურატურაში იყო დაკითხვაზე ესეც გათამაშებული სპექტაკლია. ვის სჯერა ამის?! ვინ დაკითხა? სრული არარაობა რომ არის მთავარი პროკურორი თადუმაძე იმან?! ადრე პარლამენტში მაინც ვხედავდით და ახლა თურმე თავისი ოთახიდანაც არ გამოდის. ასე რომ ეს ფარსია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ელევა „ქართული ოცნება“, თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას?!

- ორი კომპონენტია. ერთი, რომ გახარიას გადაყენება იქნება მათი მხრიდან გამოვლენილი სისუსტე და შეასუსტებს მოლოდინებს, რომ მათ ძალუძთ რაღაც შედეგების დადება 2020 წლის არჩევნებზე და მეორე, გამორიცხული არ არის, აქ იყოს ძალიან აქტიური ჩარევა რუსეთის მხრიდან.

- ბატონო გიორგი, მეორე ნაწილთან დაკავშირებით გკითხავთ, თქვენ პირველი არ ხართ ვინც ამბობს, რომ გიორგი გახარიას რუსეთი ლობირებს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ეს რუსული სტანდარტია: კრემლი ითხოვს სამი ან ოთხი სისტემის კონტროლს. ესაა: შსს, უშიშროება, თავდაცვა და პროკურატურა - ანუ ძალოვანი უწყებების კონტროლს. მხოლოდ საქართველოში კი არა ყველგან. ეს არის სტანდარტული პაკეტი, რომელიც რუსეთს სჭირდება და განა სანაცვლოდ რამეს გაგიკეთებს?! ესაა იმისთვის, რომ არ გეომოს. ამას ითხოვს გავლენის სფეროსთვის. ჩვენც რაღაც ასეთი პაკეტისაკენ მივდივართ. შსს - ეს არის პირველი. ის, რომ გახარიას კავშირები აქვს ამას მოწმობს მისი მოქალაქეობაც, მისი საქმიანობაც რუსეთში ბიზნეს ომბუდსმენობამდე. რუსეთის მხრიდან კი ხვალ და ზეგ კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნები. თავდაცვის მინისტრიც არ არის შორს რუსული გავლენებისგან.

- ასე ფიქრობთ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯარი ნატო-ს სტანდარტის მიხედვით იწვრთნება?

- ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ნატო-ს მიერ დატრენინგებული ბევრი პროფესიონალის მიზანმიმართული გაშვება ხდება თავდაცვის სამინისტროდან. ინფრასტრუქტურის ჩამოშლა ხდება, თავდაცვისუნარიანობის შესუსტება ხდება. 2008 წელს რუსეთმა ნახა ქართული ჯარის შესაძლებლობები და ახლა ქართული ჯარის შესუსტება მათი სტრატეგიის ნაწილია. ნატო-ს წვრთნები ჩატარდა საქართველოში და ამაზე არც კი ლაპარაკობენ. ამ თემის ნიველირება ხდება. ეს კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება, მაგრამ ამ პროცესს 2020 წლის არჩევნები შეაჩერებს.

- ჩემი მომდევნო შეკითხვაც ლოგიკურად არჩევნებს უკავშირდება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - პირველ რიგში მოლოდინი როგორია? ხომ არ არის შესაძლებელი ივანიშვილის დაპირებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირონ? ზოგადად რას აძლევს ოპოზიციურ პარტიებს პროპორციული სისტემა?

- პირველი: ბიძინა ივანიშვილს ამ პირობის შესრულება ნამდვილად მოუწევს. ბოლო ქმედებები ნამდვილად მიუთითებს, რომ ამ პროცესის გაწელვას ცდილობენ, მაგრამ ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ჩემი აზრით, პროპორციული სისტემა პირველ რიგში მათთვის არის გამოსავალი. დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის შემდეგი ფორმულირების - „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს წარმატებას 2020 წლის არჩევნებში, მაგრამ დღეს ჩვენ, გაერთიანებულ ოპოზიციას გვსურს კოალიციური მმართველობა. პროპორციული საარჩევნო სისტემა იძლევა ფაქტობრივად გარანტიას, რომ არ მოხდება ძალაუფლების მონოპოლიზაცია, ისე როგორც ეს ხდებოდა აქამდე. 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ უწევს ოპოზიციაში გადასვლა. თუმცა მე არ მინდა, რომ „ოცნება“ მარცხისთანავე დაიშალოს. კრიტიკა მნიშვნელოვანია მძლავრი მმართველობისთვის. მათგან განსხვავებით ჩვენ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოვისმენთ კიდეც მათ პოზიციას და კრიტიკას.

- ბლოკების აკრძალვის ნაწილზე რას იტყვით? რას გეგმავს „გაერთიანებული ოპოზიცია“ როგორც წარსდგებით მოახლოებულ არჩევნებზე?

- ზოგადად ბლოკების აკრძალვა მიზნობრივად არის ჩვენ წინააღმდეგ მიმართული. როგორ შეიძლება სხვადასხვა პარტიებსა და ჯგუფებს შორის სამართლებრივად დავრეგულირდეთ ამის მექანიზმებზე ვფიქრობთ და აუცილებლად გავაკეთებთ.

- შეიძლება რომ გაერთიანებული ოპოზიცია ცალკე პარტიად დარეგისტრირდეს? თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გეგმავთ გაერთიანებას?

- დიახ, შესაძლოა „ძალა ერთობაშია“ დარეგისტრირდეს ერთ პარტიად, შეიძლება რომელიმე პარტია, როგორც ინფრასტრუქტურა გამოვიყენოთ, ისე რომ მისი ხელახლა რეგისტრირება მოხდეს. ამ მიმართულებით ბევრი მექანიზმი არსებობს, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე, შეიძლება „ახალი საქართველოს“, ვინაიდან ჩემი პარტიაც კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტია. ამაზე დეტალურად მას შემდეგ ჩამოვყალიბდებით რაც კანონში და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ერთი რამ ცალსახაა, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ, პირიქით ვფიქრობთ, როგორ გავფართოვდეთ, იმიტომ რომ, გაერთიანებას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საერთოდ დღეს ქვეყანა დაიღალა ამ დაპირისპირებებისა და სიძულვილის ენით. დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს.

- ინტერვიუს ბოლო ნაწილში მინდა შევეხო ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ ლევან ვასაძის განცხადება ცენზურასთან დაკავშირებით და ასევე ვნახეთ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები - თქვენი შეხედულება როგორია ამ მიმართულებით?

- როდესაც ლევან ვასაძეს ახსენებენ, სულ ვფიქრობ, ეს კაცი ხომ ამერიკაში სწავლობდა?! რომელ წმინდა მიხეილის სკოლაში სწავლობდა ამ სტანდარტებს?! ეს ადამიანი რასაც ხედვას რუსეთში, იმას აკოპირებს საქართველოსთვისაც. სწორედ რუსეთში ხდება მედიის ასეთი კონტროლი, თუნდაც ნავალნის მაგალითი გავიხსენოთ, „იუთიბზე“ მაუწყებლობისთვის ციხეში გამოკეტეს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომლისთვისაც ხდება სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. ეს არის ივანიშვილის მცდელობა რამენაირად ჩაახშოს ალტერნატიული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ მე ამას არ ვუყურებ, როგორც საბედისწერო კატასტროფას ქვეყნისთვის. ჩვენ სხვა გარემოში ვართ, ინტერნეტ სამყაროში ვერ მოხდება ინფორმაციის შელამაზება. თავისუფალი აზრი აუცილებლად გაარღვევს სივრცეს. ივანიშვილი myvideo და სხვა ინტერნეტ პორტალების შესყიდვასაც ახდენს, რომ მოხდეს ქართული კონტენტის გაკონტროლება, მაგრამ სოციალური ქსელის პირობებში შეუძლებელი იქნება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. მართალია ხარისხობრივად შეიძლება ისეთივე ხარისხის არ იყოს, როგორც „რუსთავი 2“, მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი ბარიერი. ამ კუთხითაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ ეს ჟურნალია, ყველაფრის დასაწყისი.

„ინტერპრესნიუსი“

ეკა წივწივაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა